ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 28, 2011
მიღების თარიღი ოქტომბერი 24, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ალფაკომმა” (კომისიაში რეგისტრაციის №7/398-11, 19.09.2011) ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად (17 სააბონენტო ნომერი) აუქციონის გამოცხადების თაობაზე.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” დანართი N2-ის თანახმად არაგეოგრაფიულ ნუმერაციის ზონაში ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურებისათვის გამოყოფილია ნუმერაციის რესურსი 800 (XXXXXX).
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შეისწავლა თავისუფალი ნუმერაციის რესურსის არსებობისა და აუქციონის გამოცხადების მიზანშეწონილობის საკითხი და გამოარკვია, რომ შპს ”ალფაკომის” მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსი თავისუფალია და შესაბამისად, შესაძლებელად მიაჩნია აუქციონის გამოცხადება.
კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 50.00 (ორმოცდაათი) ლარს 1 სააბონენტო ნომერზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს აუქციონი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 800 800800, 800 555555, 800 282828, 800 808080, 800 880088, 800 517518, 800 909090, 800 414141, 800 388999, 800 707070, 800 717171, 800 770001, 800 101010, 800 202020, 800 404040, 800 505050, 800 112112 (სულ 17 სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურების უზრუნველსაყოფად, ავტორიზებადი საქმიანობისთვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;
დ) ლიცენზიის აღების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;
2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 850.00 (რვაას ორმოცდაათი) ლარით;
3. აუქციონის ბიჯი შეადგენს 43.00 (ორმოცდასამი) ლარს;
4. აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2011 წლის 28 ნოემბრის 12:00 საათი;
5. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2011 წლის 9 ნოემბრის 17:00 საათამდე;
6. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი განცხადებით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სახის სარგებლობის ლიცენზიის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;
7. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე სააქციო კომერციულ ბანკში ”თი-ბი-სი” შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;
-ა/ანგარიში: GE 11 TB 06 000 000 006 093 26;
-ბანკის კოდი: TBCBGE22;
-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;
თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10 %, გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;
გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშის შესაბამისი საბანკო რეკვიზიტების მოპოვების მიზნით დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს. ტელ: +995 32 239 40 29);
8. აუქციონი ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;
9. დაევალოს კომისიის აპარატის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
10. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ალფაკომისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
12. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
