შპს „გაზეთი 1001 განცხადებისთვის“ კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 03, 2011
მიღების თარიღი ოქტომბერი 28, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (23/06/2011, №7/254-11) მიმართა შპს „გაზეთმა 1001 განცხადება“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე. კერძოდ, შპს „გაზეთი 1001 განცხადება“ ითხოვს საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის სახეობა იქნება საერთო მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – ქ. თბილისი, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი.
კომისიის 2011 წლის 16 სექტემბრის №478/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „გაზეთი 1001 განცხადებისთვის“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით. ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2011 წლის 17 ოქტომბერს 16.00 საათზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია:
1. ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნებს;
2. სალიცენზიო მოსაკრებლის (2000.00 ლარი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
3. სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
4. შესაბამისობის დეკლარაცია.
ამასთან ერთად, კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მაძიებლის, შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მითითებულია პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა, კერძოდ, ლიცენზიის გაცემიდან 1 წელი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 8 აგვისტოს №10/712 -11 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი – 2,000.00 (ორი ათასი) ლარი, შპს „გაზეთ 1001 განცხადების“ მიერ ნამდვილად იქნა გადახდილი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
გამომდინარე იქიდან, რომ ზეპირი მოსმენის დროს არ გამოვლენილა შპს „გაზეთ 1001 განცხადებისთვის“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული დამაბრკოლებელი გარემოებები, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „გაზეთ 1001 განცხადებისთვის“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე, 38-ე და 41–ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს „გაზეთ 1001 განცხადებას“ კერძო მაუწყებლობის №B113 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 28 ოქტომბრამდე;
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა საკაბელო ქსელის გამოყენებით ქ. თბილისში;
2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის ხანგრძლივობად განისაზღვროს 24 საათი;
3. შპს „გაზეთი 1001 განცხადება“ ვალდებულია:
ა) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის ვადაში;
ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაშია ასახული;
თ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ლ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.
მ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია: წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში; არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;
ო) უზრუნველყოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
პ) უზრუნველყოს სატელევიზიო დროის ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა;
ჟ) უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511–ე მუხლის გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა;
რ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „გაზეთ 1001 განცხადებისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
ე) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „გაზეთ 1001 განცხადებისთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 და მე–3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე–3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე)
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
