შპს “მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 02, 2011
მიღების თარიღი ოქტომბერი 31, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (25.10.2011 N10/966-11) და შპს ,,მობიტელის“ შემოწმების საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000109, შედგენილი 2011 წლის 25 ნოემბერს ქ.თბილისში, სადაც აღნიშნულია, რომ 2011 წლის 25 ოქტომბერს შემოწმდა შპს „მობიტელის“ ნუმრაციის რესურსით სარგებლობის NN102, NN109 და NN126 ლიცენზიების პირობების შესრულების მდგომარეობა და შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „მობიტელი“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შესაბამისი ლიცენზიის გარეშე იყენებს შემდეგ სააბონენტო ნომრებს: 579 811515, 579 379797, 571 387373, 574 600808.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2011 წლის 25 ოქტომბერს, რომელიც კომისიას წარედგინა იმავე დღეს, შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2011 წლის 31 ოქტომბრის 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2011 წლის 26 ოქტომბერს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა შპს ,,მობიტელს“. მხარეს განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. მხარეს ასევე განემარტა, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2011 წლის 31 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „მობიტელის“ იურიდიული სამსახურის უფროსი ი.ესართია, რომელმაც აღიარა სამართალდარღვევის ფაქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ნუმერაციის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000109 ოქმისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. 2011 წლის 19 ოქტომბერს კომისიას განცხადებით (N6/4609-11) მიმართა შპს „მაგთიკომმა“ სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში არსებულ უზუსტობებთან დაკავშირებით. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომს“ პორტირების განაცხადით მიმართეს შპს „მობიტელის“ აბონენტებმა, რომლებიც სარგებლობენ შემდეგი სააბონენტო ნომრებით: 579 81 15 15, 579 37 97 97, 571 38 73 73, 571 06 20 53 და 574 60 08 08; პორტირება ვერ განხორციელდა იმის გამო, რომ სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში ზემოაღნიშნული სააბონენტო ნომრები არ არის დარეგისტრირებული.
2. შპს „მაგთიკომის“ განცხადების საფუძველზე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და ნუმერაციის მართვის დეპარტამენტების მიერ ჩატარებულ იქნა შპს „მობიტელის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების სალიცენზიო პირობების შემოწმება და შემოწმების შედეგად დადგინა, რომ შპს ”მობიტელი” 579 81 15 15 და 579 37 97 97 სააბონენტო ნომრებს ფლობდა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N102 ლიცენზიით, 571 38 73 73 და 571 06 20 53 სააბონენტო ნომრებს №N109 ლიცენზიით, ხოლო 574 60 08 08 სააბონენტო ნომერს №N126 ლიცენზიით.
კომისიის 2011 წლის 25 თებერვლის №78/2 გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა შპს “მობიტელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N11, N102, N109, N112 და N126 ლიცენზიების მოდიფიცირება და კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის №789/22, 2007 წლის 29 ივნისის №365/1 და 2007 წლის 20 დეკემბრის №781/1, 2008 წლის 26 სექტემბრის №559/1 და 2009 წლის 06 ნოემბრის №591/5, გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შპს ”მობიტელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N102, N109 და N126 ლიცენზიები აღარ ითვალისწინებს 579 81 15 15, 579 37 97 97, 571 38 73 73, 571 06 20 53 და 574 60 08 08 სააბონენტო ნომრებით სარგებლობის უფლებას.
კომისიის აპარატის ნუმერაციის მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სააბონენტო ნომრები 579 81 15 15, 579 37 97 97, 571 38 73 73 და 574 60 08 08 გააქტიურებულია შპს „მობიტელის“ ქსელში და აღნიშნულ სააბონენტო ნომრებს ფლობენ შპს „მობიტელის“ აბონენტები. რაც შეეხება სააბონენტო ნომერს 571 06 20 53 აღნიშნულ სააბონენტო ნომერზე ზარის განხცორციელება ვერ მოხერხდა.
შემოწმების შედეგად დადგენილი ფაქტორბივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისიის აპარატის ნუმერაციის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N000109, რომელსაც ხელს აწერს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ც.უჯმაჯურიძე და შპს „მობიტელის“ იურიდიული სამსახურის უფროსი ი.ესართია.
3. საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
2. „ელექტრონული კომუნიკაცების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „მობიტელის“ მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა ხორციელდებოდა კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, რაც დადასტურებულია კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმებითა და შედგენილი სამსახურებრივი ბარათით (25.10.2011 N10/964-11) და კომისიის აპარატის ნუმერაციის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით N000109, შპს „მობიტელის“ მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევას და ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას; კერძოდ, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ლიცენზიის გარეშე ნუმერაციის რესურსით სარგებლობას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მობიტელის“ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით, ამავე დროს, კომპანიას დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს ლიცენზიის გარეშე ნუმერაციის რესურსით სარგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 290-ე მუხლის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14, 15-ე, მე-16, 18-ე პუნქტების, 38-ე მუხლისა და 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. დაეკისროს ჯარიმა შპს „მობიტელს“ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის;
2. უზრუნველყოს შპს ”მობიტელმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300773251;
3. უზრუნველყოს შპს ”მობიტელმა” ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
4. შპს „მობიტელმა“ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ლიცენზიის გარეშე ნუმერაციის რესურსით: 579 81 15 15, 579 37 97 97, 571 38 73 73, 571 06 20 53 და 574 60 08 08 სარგებლობა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს ”მობიტელსთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) 10 დღის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მობიტელისთვის “ ჩაბარების დღიდან;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესარულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის მართვის დეპარტამენტს (მ.გოთოშია);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
ა. სიხარულიძე
ი. მოსეშვილი
