წვდომის მენიუ

შპს „ჯეო-ცნობარის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N4 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 19 მაისის №209/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 572 / 23

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 08, 2011

მიღების თარიღი ოქტომბერი 31, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2010 წლის 25 ნოემბერს ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის  2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილება ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“; აღნიშნული დებულების თანახმად, საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლა ხორციელდება ეტაპობრივად და საჯაროდ, ამ დებულების №4 დანართში მოყვანილი ძირითად ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა გეგმის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეო-ცნობარი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

ა) არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ბ) ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

  ამავე დროს, შპს „ჯეო-ცნობარი“ კომისიის 2006 წლის 19 მაისის N209/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის NN4 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 0-8 (ნული-რვა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 1-6-0-0-8 (ერთი-ექვსი-ნული-ნული-რვა)  საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების განსახორციელებლად;

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 22.07.2015 წ;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეო-ცნობარი“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის NN4 ლიცენზიის შესაბამისად, ახორციელებს ავტორიზაციით გათვალისწინებულ საქმიანობას და მის მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსით მომსახურებას უწევს შპს „საინფორმაციო სამსახურ 08“-ს, რომელიც წარმოადგენს შპს „ჯეო-ცნობარის“ აბონენტს და რომელიც ერთიანი საინფორმაციო ბაზის მეშვეობით ახორციელებს საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებას.

       კომისია აღნიშნავს, რომ ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” N3 დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გაერთიანებული საინფორმაციო საცნობარო ბიუროსთვის გათვალისწინებულია ნუმერაციის რესურსი 118 XX (ევრონომერი).

     გამომდინარე იქიდან, რომ შპს „საინფორმაციო სამსახური 08“ ერთიანი საინფორმაციო ბაზის მეშვეობით ახორციელებს საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებას შპს „ჯეო-ცნობარის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსით - 08, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „ჯეო-ცნობარის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის NN4 ლიცენზიის მოდიფიცირება, მისი ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებასთან”  შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. 

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება; ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ 2011 წლის 24 ოქტომბრის N05/2444-11 წერილით მიმართა შპს „ჯეო-ცნობარს“ და აცნობა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების  ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებასთან“ შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობის თაობაზე. შპს „ჯეო-ცნობარის“ 2011 წლის 26 ოქტომბრის N7/506-11 წერილით კომისიას ეცნობა, რომ კომპანიის მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ხორციელდება როგორც საინფორმაციო-საცნობარო მომსახურება, ასევე სხვა სახის დამატებითი მომსახურებებიც, როგორიცაა მაგალითისთვის: ბილეთების დაჯავშნა, ტაქსის გამოძახება, ადგილზე მიტანის მომსახურება და ა.შ.  წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ვინაიდან ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით“ 118XX  ნუმერაციის რესურსი გათვალისწინებულია გაერთიანებული საინფორმაციო-საცნობარო ბიუროსთვის, შპს „ჯეო ცნობარი“ არ არის წინააღმდეგი კომპანიის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიაში ცვლილების შეტანის, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას არ შეექმნება პრობლემები აღნიშნული ნუმერაციის რესურსის გამოყენებით არასაინფორმაციო მომსახურების განხორციელებაში.

     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,  ლიცენზირებასთან  დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეო-ცნობარის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N4 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 19 მაისის №209/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 29 ნოემბერს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე) ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ჯეო-ცნობარისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                            ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                     ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                     ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                            კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                            ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები