წვდომის მენიუ

შპს ”მობიტელისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 582 / 15

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2011

მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (12.10.2011 №7/468-11) მიმართა შპს ”მობიტელმა” ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის - 1197 ნუმერაციის რესურსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე.

   შპს ”მობიტელი” წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე, მოძრავი საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებაზე, მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფაზე.

            მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსი შპს ”მობიტელს” ესაჭიროება აბონენტების  საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებისათვის.  

კომისია  აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა დადგენილება №355 „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს მიმდინარე  წლის 15 ნოემბრიდან. ამასთან, დებულების №3 დანართის მე-3 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მობილური საკომუნიკაციო საოპერატორო კომპანიების საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის განსაზღვრულია ნუმერაციის რესურსი 119X ფორმატით, რომელიც ამავე დებულების მე-11 მუხლის გ) პუნქტის შესაბამისად,  შპს ”მობიტელს” უნდა მიენიჭოს უვადოდ, ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ”მობიტელი” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს მომხმარებლისთვის საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების მისაწოდებლად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს ”მობიტელის” მოთხოვნა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე მიანიჭოს შპს ”მობიტელს” ნუმერაციის რესურსი 1-1-9-7 (ერთი-ერთი-ცხრა-შვიდი) საქართველოს  ტერიტორიაზე, ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე.

      ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №3 და №4 დანართების, ასევე მე-11 მუხლის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”მობიტელს”, როგორც მობილურ საკომუნიკაციო საოპერატორო კომპანიას, ნუმერაციის რესურსი - 1-1-9-7 (ერთი-ერთი-ცხრა-შვიდი) საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის, უვადოდ, ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე, მოძრავი საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებაზე და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე, 2011 წლის 15 ნოემბრიდან,  საქართველოს ტერიტორიაზე;

2.    შპს ”მობიტელი” ვალდებულია აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს მხოლოდ საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის.

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შპს ”მობიტელის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც, ამ შემთხვევაში შპს ”მობიტელს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”მობიტელისთვის” ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                               ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები