წვდომის მენიუ

შპს ”ონლაინ ექსპრესისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 588 / 15

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2011

მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (04.10.2011 №7/441-11) მიმართა შპს ”ონლაინ ექსპრესმა” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით”,  საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიების საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის გათვალისწინებული ციფრების ხუთნიშნა კომბინაციის   ნუმერაციის რესურსის  მინიჭების მოთხოვნით.    

  შპს ”ონლაინ ექსპრესი”  ეწევა მომხმარებლების საფოსტო კავშირით მომსახურებას.

    კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა დადგენილება №355  „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს მიმდინარე წლის ნოემბრის თვიდან. ამასთან,  დებულების №3 დანართის მე-3 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიების საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის განსაზღვრულია ნუმერაციის რესურსი 188 XX ფორმატით, სადაც ”XX” არის საოპერატორო კომპანიების განმსაზღვრელი.

 კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ”ონლაინ ექსპრესი”  მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კერძოდ, საფოსტო კავშირის განმახორციელებელი კომპანიის მიერ საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს ”ონლაინ ექსპრესის” მოთხოვნა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე მიანიჭოს შპს ”ონლაინ ექსპრეს”, როგორც საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიას საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის ნუმერაციის რესურსი 1-8-8-0-3 (ერთი-რვა-რვა-ნული-სამი) საქართველოს ტერიტორიაზე დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №3 და №4 დანართების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”ონლაინ ექსპრესს”, როგორც საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიას, ნუმერაციის რესურსი - 1-8-8-0-3 (ერთი-რვა-რვა-ნული-სამი) საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის,  ერთი წლის ვადით 2011 წლის 15ნოემბრიდან 2012 წლის 15 ნოემბრამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;

2. შპს ”ონლაინ ექსპრესი” ვალდებულია აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს მხოლოდ საფოსტო კავშირის უზრუნველსაყოფად, საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის;

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში შპს ”ონლაინ ექსპრესის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც; ამ შემთხვევაში შპს ”ონლაინ ექსპრესს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”ონლაინ ექსპრესისთვის” ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                               ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები