არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ”მათე ჩომახაშვილის ფონდისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2011
მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (20.10.2011 №7/489-11) მიმართა არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა ”მათე ჩომახაშვილის ფონდმა” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების მოთხოვნით.
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირ ”მათე ჩომახაშვილის ფონდს” ნუმერაციის რესურსი ესაჭიროება საქველმოქმედო მიზნებისათვის, კერძოდ აღნიშნულ ნუმერაციის რესურსზე განხორციელებული ზარები იქნება ფასიანი და შემოსული თანხები მიიმართება მათე ჩომახაშვილის დასახმარებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა დადგენილება №355 „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის №2 დანართის შესაბამისადაც განისაზღვრა დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის არაგეოგრაფიულ ნუმერაციის ზონაში 901 XXX XXX ფორმატის ნუმერაციის რესურსი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით.
გამომდინარე იქედან, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ”მათე ჩომახაშვილის ფონდი” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კერძოდ, დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, საქველმოქმედო მიზნებისათვის შემოწირულობათა განსახორციელებლად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირ ”მათე ჩომახაშვილის ფონდის” მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 -ე მუხლის მე-3 პუნქტის და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი 901 000 000, ერთი წლის ვადით დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47 მუხლის მე-3 პუნტის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №2 დანართის, ასევე მე-10 მუხლის დ. გ) და ე) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირ ”მათე ჩომახაშვილის ფონდს” ნუმერაციის რესურსი - 901 000 000 (ცხრა-ნული-ერთი-ნული-ნული-ნული-ნული-ნული-ნული) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, 2011 წლის 4 ნოემბრიდან, 2012 წლის 4 ნოემბრამდე.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ”მათე ჩომახაშვილის ფონდი” ვალდებულია გამოიყენოს აღნიშნული ნუმერაციის რესურსი დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, არაავტორიზებადი საქმიანობისათვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ”მათე ჩომახაშვილის ფონდის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც, ამ შემთხვევაში არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირ ”მათე ჩომახაშვილის ფონდს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ”მათე ჩომახაშვილის ფონდისთვის” ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
