ინფორმაციის წარმოსადგენად შპს “ახალი ქსელებისათვის“ დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 25, 2011
მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართა შპს “ახალმა ქსელებმა“ და ინდ. მეწარმე “რომან გოგობერიშვილმა“, ინდ. მეწარმე “რომან გოგობერიშვილის“ კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №159 ლიცენზიის (ქ. ქუთაისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2136XX 2137XX) და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №161 ლიცენზიის (ქ. ქუთაისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2270XX 2277XX) შპს “ახალი ქსელებისათვის“ გადაპირებაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად აღნიშნული ქმედების განსახორციელებლად კომისიაში წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ.
შპს “ახალი ქსელების“ მიერ 2011 წლის 26 ოქტომბერს №607 წერილის დანართის სახით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით წარმოდგენილი დამფუძნებლების სია განსხვავდება კომისიაში, კერძოდ, ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, არსებული ინფორმაციისაგან, კერძოდ მოწოდებული ინფორმაციით, შპს “ახალი ქსელების“ პარტნიორები არიან: ფიზიკური პირი ავთანდილ იაშვილი (წილის 33,18%-ის მფლობელი); ფიზიკური პირი ვახტანგ ამაშუკელი (წილის 0,64%-ს მფლობელი); ფიზიკური პირი ლილი სუხიტაშვილი (წილის 4,16%-ის მფლობელი); ფიზიკური პირი ნაირა კვესელავა (წილის 1,6%-ის მფლობელი); შპს “მეკავშირე-97“ (წილის 3,68%-ის მფლობელი); “შპს Alfasistem Tranzit Corp“ (წილის 45,74%-ის მფლობელი); შპს “სისტემ ნეტი“ (წილის 10%-ის მფლობელი), შპს “კონტაქტი XXI“ (წილის 1%-ის მფლობელი).
კომისიაში არსებული ინფორმაციით შპს “ახალი ქსელების“ პარტნიორებს წარმოადგენენ: ფიზიკური პირი ავთანდილ იაშვილი (წილის 33,18%-ის მფლობელი); ფიზიკური პირი ვახტანგ ამაშუკელი (წილის 0,64%-ს მფლობელი); ფიზიკური პირი ლილი სუხიტაშვილი (წილის 4,16%-ის მფლობელი); ფიზიკური პირი ნაირა კვესელავა (წილის 1,6%-ის მფლობელი); ფიზიკური პირი მარინა იაშვილი (წილის 0,25%-ის მფლობელი); ფიზიკური პირი თეიმურაზ ღოღობერიძე (წილის 0,25%-ის მფლობელი); შპს “მეკავშირე-97“ (წილის 3,68%-ის მფლობელი); “შპს Alfasistem Tranzit Corp“ (წილის 46,24%-ის მფლობელი); შპს “სისტემ ნეტი“ (წილის 10%-ის მფლობელი).
ასევე, წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “ახალი ქსელების“ პარტნიორების მონაწილეობა სხვა კომპანიებში შემდეგი სახისაა: ფიზიკური პირი ავთანდილ იაშვილი არის შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის 25%-ის, შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ 14,3%-ის, შპს “ბოლნისის ახალი ქსელების“ 28%-ის, შპს “ივერია ქსელის“ 32,7%-ის, შპს “სისტემნეტის“ 29,35% და შპს “ლიბერნეტის“ 40%-ის მფლობელი; ფიზიკური პირი ვახტანგ ამაშუკელი არის შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ 0,600%-ის მფლობელი; ფიზიკური პირი ლილი სუხიტაშვილი არის შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ 3,4%-ის და შპს “სისტემნეტის“ 2,09%-ის მფლობელი; ფიზიკური პირი ნაირა კვესელავა არის შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ 1,40%-ის, შპს ტელერადიოკომპანია “ევრიკას“ 14%-ის და შპს “სისტემნეტის“ 7,78%-ის მფლობელი; შპს “სისტემ ნეტი“ არის შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ 50%-ის, შპს “პელიკომის 30%-ის, შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 49% წილის მფლობელი. შპს “ახალი ქსელები“ არის შპს “ახტელის“ 100% წილის მფლობელი.
მოწოდებული ინფორმაციით (შპს “ახალი ქსელების“ და ინდ. მეწარმე რომან გოგობერიშვილის“ 2011 წლის 11 ოქტომბრის ერთობლივი განცხადება, შპს ახალი ქსელების წერილი №607 26.10.2011), შეუძლებელი ხდება შპს “მეკავშირე 97“-ს, შპს “Alfasistem Tranzit Corp“-ს დამფუძნებლების/მაკონტროლებელი პირების დადგენა; აგრეთვე, ფიზიკური პირების - თეიმურაზ ღოღობერიძის და მარინა იაშვილის შესახებ ინფორმაციის მიღება; ასევე შეუძლებელია დადგინდეს ნათესაური კავშირები დამფუძნებელ/მაკონტროლებელ ფიზიკურ პირებს შორის. შესაბამისად, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას დადგინოს ურთიერთდამოკიდებულება/აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 პუნქტის შესაბამისად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, “შეტყობინება არ უნდა შეიცავდეს არასწორ ან არასრულ ინფორმაციას“, ხოლო ამავე მუხლის 5-ე პუნქტის თანახმად კომისია ამოწმებს შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შესახებ ავტორიზებული პირის შეტყობინებაში მითითებულ, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ მონაცემებს. თუ ავტორიზებული პირის შეტყობინება არ შეიცავს ამავე მუხლის მე-3 პუნქტით მოთხოვნილ დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად განსაზღვრავს დამატებით ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს.
გაითვალისწინა რა ზემოაღნიშნული გარემოებები, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განესაზღვროს შპს “ახალ ქსელებს“ დამატებითი ვადა 15 სამუშაო დღით შემდეგი ინფორმაციის წარმოსადგენად:
ა) კომპანიის დამფუძნებლების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია;
ბ) შპს ”ახალ ქსელებთან” ურთიერთდამოკიდებლი/აფილირებული პირების შესახებ;
გ) ინფორმაცია შპს “მეკავშირე 97“-ს, შპს Alfasistem Tranzit Corp“-ის დამფუძნებლების, ფიზიკური პირების თეიმურაზ ღოღობერიძის და მარინა იაშვილის ურთიერთდამოკიდებულების/ აფილირებულობის შესახებ სხვა ავტორიზებულ პირებთან;
დ) შპს “ახალი ქსელების“ დამფუძნებელთა და ურთიერთდამოკიდებულ პირთა ნათესაური კავშირის შესახებ;
2. განემარტოს შპს „ახალ ქსელებს“, რომ მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა იძლეოდეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 პუნქტის შესაბამისად ურთიერთდამოკიდებულების/აფილირებულობის დადგენის შესაძლებლობას;
3. წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში შპს “ახალი ქსელების“ და ინდ. მეწარმე “რომან გოგობერიშვილის“ ერთობლივი განცხადება ინდ. მეწარმე “რომან გოგობერიშვილის“ კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №159 ლიცენზიის (ქ. ქუთაისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2136XX 2137XX) და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №161 ლიცენზიის (ქ. ქუთაისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2270XX 2277XX) შპს “ახალი ქსელებისათვის“ გადაპირებაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების შესახებ დატოვებული იქნება განუხილველად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”ახალი ქსელებისთვის” და ინდ. მეწარმე “რომან გოგობერიშვილისთვის“, დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
