სს ,,გლობალ ერთისთვის” ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2011
მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, 2011 წლის 4 ნოემბერს, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (03.11.2011. № 10/1002-11) და სს ,,გლობალ ერთის” შემოწმების საფუძველზე, 2011 წლის 2 ნოემბერს, ქ.თბილისში შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000175. სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ 2011 წლის 2 ნოემბერს, რადიოსიხშირეთა მართვის მობილური სისტემის ინჟინრების მიერ, ქ.თბილისში, შპს ,,ალფა-კომის” თბილისის სატელევიზიო ანძაზე დაფიქსირებულ იქნა სს ,,გლობალ ერთის” ფუნქციონირება 4930-4950 მჰც სიხშირულ დიაპაზონში, აღნიშნული სიხშირული დიაპაზონის შპს ,,გლობალ ერთისთვის” მინიჭების გარეშე, რის თაობაზეც შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს ,,გლობალ ერთისთვის” ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2011 წლის 2 ნოემბერს, რომელიც კომისიას წარედგინა 2011 წლის 3 ნოემბერს; შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2011 წლის 8 ნოემბრის 16:00 საათი, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა სს ,,გლობალ ერთს”. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. სს ,,გლობალ ერთს” შეტყობინებით განემარტა, რომ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2011 წლის 8 ნოემბრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა სს „გლობალ ერთის” წარმომადგენელი რ.გოგინავა (2011 წლის 8 ნოემბერს გაცემული №238 მინდობილობა), რომელმაც აღიარა სს ,,გლობალ ერთის” მიერ რადიოსიხშირული სპექტრით (4930-4950 მჰც) არამართზომიერად სარგებლობა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის, სს ,,გლობალ ერთის” მიერ აღნიშნული სიხშირული სპექტრის გამოყენება არ ხდება.
2011 წლის კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2011 წლის 3 ნოემბრის №10/1002-11 მოხსენებითი ბარათი;
2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 2 ნოემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000175;
3. შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს” 2011 წლის 27 სექტემბრის № 58/1 წერილი;
4. 2011 წლის 8 ნოემბრის კომისიის სხდომაზე სს ,,გლობალ ერთის” წარმომადგენლის რ.გოგინავას მიცემული ახსნა-განმარტება, რომელმაც დაადასტურა სს ,,გლობალ ერთის” მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.
კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. 2011 წლის 27 სექტემბერს, შპს ,,ტელეკომპანია საქართველომ” წერილობითი განცხადებით (27.09.11. № 58/1) მიმართა კომისიას და მოითხოვა მისთვის გამოყოფილ 4920 მჰც სიხშირეზე, ზოლის სიგანე -28 მჰც, ხელშეშლის აღკვეთა;
2. შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს” განცხადების საფიძველზე, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მობილური ჯგუფის მიერ განხორციელდა აღნიშნული სიხშირული სპექტრის კვლევა;
3. კვლევის შედეგად, გაირკვა, რომ სს ,,გლობალ ერთი”, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე უფლების მოპოვების გარეშე, სარგებლობდა რადიოსიხშირული ზოლით - 4930-4950 მჰც, რის თაობაზე შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი (2.11.11. №000175);
4. წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000175 შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები: ნიკოლოზ კონდოლელი და გივი ქართველიშვილი, ასევე სს ,,გლობალ ერთის” ტექნიკური დირექტორი დიმიტრი შაბანოვი, რომელსაც წარედგინა აღნიშნული ოქმი;
5. კომისიის სხდომაზე სს ,,გლობალ ერთის” უფლებამოსილი წარმომადგენლის რ.გოგინავას ახსნა-განმარტების თანახმად, სს ,,გლობალ ერთი” აღიარებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს;
6. საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არა აქვს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.
გამომდინარე იქედან, რომ სს ,,გლობალ ერთის” მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა ხორციელდებოდა არამართლზომიერად (ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე), რაც დადასტურებულია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ 2011 წლის 2 ნოემბერს შედგენილი № 000175 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით და 2011 წლის 8 ნოემბერს კომისიის სხდომაზე სს ,,გლობალ ერთის” წარმომადგენლის რ.გოგინავას მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებით; ამასთან მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონდა პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით, სს ,,გლობალ ერთის” მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას - ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს ,,გლობალ ერთის” მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით; ამავე დროს, მას დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს რადისიხშირული სპექტრით (4930 - 4950 მჰც) არამართლზომიერი სარგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე, 35-ე, 228-ე, 273-ე მუხლების, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე, 16-ე, 18-ე პუნქტების, 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,გლობალ ერთს” დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის;
2. სს ,,გლობალ ერთმა” უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300773251.
3. სს ,,გლობალ ერთს” დაევალოს ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა ჯარიმის გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;
4. სს ,,გლობალ ერთმა” დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რადისიხშირული სპექტრით - 4930-4950 მჰც სიხშირით არამართლზომიერი სარგებლობა;
5. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) დაევალოს აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა სს ,,გლობალ ერთისთვის”;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, № 6) 10 დღის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის გადაწყვეტილების სს ,,გლობალ ერთისთვის” ჩაბარების დღიდან;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
