შპს ”კავკასუს ონლაინისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 18, 2011
მიღების თარიღი ნოემბერი 11, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (29.09.2011 №7/429-11) მიმართა შპს ”კავკასუს ონლაინმა” ციფრების ხუთნიშნა კომბინაციის - 11771 ნუმერაციის რესურსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე.
|
შპს ”კავკასუს ონლაინი” წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ინტერნეტ მომსახურებაზე. მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსი შპს ”კავკასუს ონლაინს”, როგორც ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირს ესაჭიროება აბონენტების საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის. |
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა №355 დადგენილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად 1XX(XXX) ფორმატის ნუმერაციის სისტემაზე გადასვლა დაგეგმილია მიმდინარე წლის ნოემბრის თვიდან. ამასთან, დებულების №3 დანართის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ინტერნეტპროვაიდერების საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისათვის განსაზღვრულია ნუმერაციის რესურსი 117XX ფორმატით, რომელიც ამავე დებულების მე-11 მუხლის გ) პუნქტის შესაბამისად, შპს ”კავკასუს ონლაინს” უნდა მიენიჭოს უვადოდ, ინტერნეტ მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე.
გამომდინარე იქედან, რომ შპს ”კავკასუს ონლაინი” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს მომხმარებლისთვის საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების მისაწოდებლად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე მიანიჭოს შპს ”კავკასუს ონლაინს”, როგორც ინტერნეტპროვაიდერს ნუმერაციის რესურსი 1-1-7-7-1 (ერთი-ერთი-შვიდი-შვიდი-ერთი) საქართველოს ტერიტორიაზე, ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №3 და №4 დანართების, ასევე მე-11 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”კავკასუს ონლაინს”, როგორც ინტერნეტპროვაიდერ კომპანიას (ინტერნეტ მომსახურებაზე ავტორიზებულ პირს), ნუმერაციის რესურსი - 1-1-7-7-1 (ერთი-ერთი-შვიდი-შვიდი-ერთი) საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის, უვადოდ, მომხმარებლების ინტერნეტ მომსახურების უზრუნველყოფაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე, 2011 წლის 15 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიაზე;
2. შპს ”კავკასუს ონლაინი” ვალდებულია აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს მხოლოდ, როგორც ინტერნეტპროვაიდერმა კომპანიამ საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის.
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც, ამ შემთხვევაში შპს ”კავკასუს ონლაინს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”კავკასუს ონლაინისთვის” ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
ა.სიხარულიძე
კ. კვიტაიშვილი
ი. მოსეშვილი
