რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2011
მიღების თარიღი ნოემბერი 11, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს “ივერია ინტერმედიამ“ (№7/386-11, 08.09.2011 წ.) ქ.თბილისში, გორგასლის ქ. №73–ში განთავსებული სტუდიიდან მთაწმინდის ტელერადიოცენტრამდე, რადიოსარელეო კავშირისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ივერია ინტერმედია“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B13 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს ტელემაუწყებლობას საკაბელო ქსელის გამოყენებით. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელები, რომლებიც მაუწყებლობენ საკაბელო ქსელით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლებას საჭიროების შემთხვევაში მოიპოვებენ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის წესით, ლიცენზიის საფუძველზე.
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (11/951-11, 20.10.2011 წ.) საფუძველზე კომისია აღნიშნავს, რომ არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი (11453 მჰც ± 14 მჰც, ზოლის სიგანე 28 მჰც) და შესაძლებელია გამოცხადდეს აუქციონი რადიოსარელეო კავშირისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.
რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად და შეადგინა 1,918.08 (ათას ცხრაას თვრამეტი ლარი და რვა თეთრი) ლარი.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლების, „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა” და კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 10453 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: ქ.თბილისი, გორგასლის ქ. №73–დან მთაწმინდის ტელერადიოცენტრის ანძამდე; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 0.5 ვატამდე;
ბ) გადამცემი სადგურების რაოდენობა - 1 სადგური;
2. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 1,918.08 (ათას ცხრაას თვრამეტი ლარი და რვა თეთრი) ლარის ოდენობით;
3. აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2011 წლის 13 დეკემბერი, 13:00 საათი;
4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2011 წლის 28 ნოემბრის 17:00 საათამდე;
5. აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 96.00 (ოთხმოცდათექვსმეტი ლარი) ლარს.
6. სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა;
ბ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობებით;
7. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი განცხადებით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სახის სარგებლობის ლიცენზიის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;
8. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე სააქციო კომერციულ ბანკ ”თი-ბი-სი” ბანკში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;
-ა/ანგარიში: GE 11 TB 06 000 000 006 093 26;
-კოდი: TBCBGE22;
-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;
თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10 %, გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;
გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1100 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშის შესაბამისი საბანკო რეკვიზიტების მოპოვების მიზნით დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს +995 32 239 40 29);
9. აუქციონი ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;
10. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) ერთი თვის ვადაში;
12. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
