საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2011
მიღების თარიღი ნოემბერი 18, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის № 3/110-11, 03.11.11 და № 3/114-11, 10.11.11) საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეეები გათვალისწინებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.
კომისიის მიერ ნებართვით გაცემული სიხშირეები გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა გადაეცეს სხვა პირს.
”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელები არიან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობებზე ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლები, გარდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროსი ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა. შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განთავისუფლებულია სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 100 ნებართვა და მიენიჭოს სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული პარამეტრების მიხედვით (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;
3. აღირიცხოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
4. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
6. დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
