სს “სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 8 ივლისის № 337/5 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2011
მიღების თარიღი ნოემბერი 18, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა (კომისიაში რეგისტრაციის №7/520-11, 02.11.2011წ.) სს „სილქნეტმა“, კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, სს ”სილქნეტი” თმობს კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე მასზე მინიჭებული ნუმერაციის რესურსის ნაწილს და იტოვებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიით გათვალისწინებულ ნუმერაციის რესურსიდან (სულ 1 000000 სააბონენტო ნომერი) – 100 370 (ასი ათას სამას სამოცდაათი) სააბონენტო ნომერს;
სს ”სილქნეტის” ზემოაღნიშნულ განცხადებას თან ერთვის CD ელექტრონულ მატარებელზე დატანილი ნუმერაციის რესურსის განშლა, ლიცენზიის ნომრისა და შპს ”სილქნეტის” სარგებლობაში დასატოვებელი ნუმერაციის რესურსის აღწერით.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”სილქნეტი” კომისიის 2011 წლის 8 ივლისის № 337/5 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N94 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
”ა) ნუმერაციის რესურსი: 5-7-0 (ხუთი-შვიდი-ნული) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 23 თებერვლამდე;
გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;”
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება; ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს ”სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 8 ივლისის № 337/5 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 19 დეკემბრის 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე) ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების სს ”სილქნეტისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
