სს „აი თი დი სი“–სთვის კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2011
მიღების თარიღი ნოემბერი 18, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (14/09/2011, №6/3714-11) მიმართა სს „აი თი დი სი“-მ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო სპეციალიზებული ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე. კერძოდ, სს „აი თი დი სი“ ითხოვს საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის სახეობა იქნება სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი.
კომისიის 2011 წლის 10 ოქტომბრის №518/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „აი თი დი სისთვის“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით. ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2011 წლის 8 ნოემბერს 16.00 საათზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე სს „აი თი დი სი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, სს „აი თი დი სი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილია:
1. ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნებს;
2. სალიცენზიო მოსაკრებლის (2000.00 ლარი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
3. სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
4. შესაბამისობის დეკლარაცია.
ამასთან ერთად, ლიცენზიის მაძიებლის, სს „აი თი დი სი“-ს მიერ წარმოდგენილ განცხადებაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად მითითებული იყო – 2011 წლის 15 ოქტომბერი, რა დროისთვისაც ადმინისტრაციული წარმოების ვადებიდან გამომდინარე, მაუწყებლობის დაწყება შეუძლებელი იქნებოდა, ვინაიდან მითითებული თარიღისათვის სს „აი თი დი სი“ არ იქნებოდა ლიცენზიის მფლობელი. კომისიის 2011 წლის 10 ოქტომბრის №518/23 გადაწყვეტილების შესაბამისად სს „აი თი დი სის“ მიერ პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა უნდა დაზუსტებულიყო ზეპირი მოსმენის სხდომაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მაძიებლის, სს „აი თი დი სი“-ს მიერ 2011 წლის 8 ნოემბერს კომისიაში წარმოდგენილ იქნა წერილი №7/553-11, სადაც მითითებულია პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა, კერძოდ, არაუგვიანეს 2012 წლის 1 იანვრისა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 16 სექტემბრის №10/857–11 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი – 2,000.00 (ორი ათასი) ლარი, სს „აი თი დი სი“-ს მიერ ნამდვილად იქნა გადახდილი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
გამომდინარე იქიდან, რომ ზეპირი მოსმენის დროს არ გამოვლენილა სს „აი თი დი სის“–თვის საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული დამაბრკოლებელი გარემოებები, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია სს „აი თი დი სისთვის“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე, 38-ე და 41–ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს სს „აი თი დი სის“ კერძო მაუწყებლობის №B116 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 18 ნოემბრამდე;
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა საკაბელო ქსელის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე;
2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის ხანგრძლივობად განისაზღვროს 24 საათი;
3. სს „აი თი დი სი“ ვალდებულია:
ა) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს არაუგვიანეს 2012 წლის 1 იანვრისა;
ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაშია ასახული;
თ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ლ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია: წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში; არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
მ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;
ნ) უზრუნველყოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
ო) უზრუნველყოს სატელევიზიო დროის ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა;
პ) უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511–ე მუხლის გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა;
ჟ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „აი თი დი სი“–სთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
ე) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს სს „აი თი დი სისთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 და მე–3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე–3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე)
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
