სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2011
მიღების თარიღი ნოემბერი 18, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2011 წლის 4 და 14 ნოემბერს კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/4809-11, №6/4890-11) მიმართა სს „სილქნეტმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, აგრეთვე ამ განცხადებების საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შინაარსობრივად შესაძლებელია ნაწილობრივ შეიცავდეს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებებში ასახული სამაუწყებლო არხის/არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის პირობების შესახებ. კერძოდ:
ა) სს „სილქნეტსა“ და Eurosport SA-ს შორის 2011 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.01.2011–31.12.2013) სამაუწყებლო არხების Eurosport–ის, Eurosport 2–ის, Eurosportnews–ის და Eurosport HD–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ბ) სს „სილქნეტსა“ და ООО „Русонг“–ს შორის 2011 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.10.2011–01.10.2012 ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის Русонг ТВ-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
გ) სს „სილქნეტსა“ და Turner Broadcasting System Europe Limited-ს შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.08.2011–30.07.2014 ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების CNN International–ის, Cartoon Network–ის და Boomerang–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები შეიცავს, როგორც ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებებში ასახული სამაუწყებლო არხის/არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის პირობების შესახებ, კომისიის აზრით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სს „სილქნეტის“ 2011 წლის 4 ნოემბრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/4809-11) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასათვალისწინებელია, რომ შპს სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ზემოაღნიშნული ნაწილების საჯაროდ დატოვებამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია მესამე პირის ან საჯარო დაწესებულების მიერ კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის, მოთხოვნის თარიღის, მომთხოვნის ვინაობისა და მისამართის შესახებ, ხოლო 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს საჯარო რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 და 32-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ 2011 წლის 4 ნოემბრის და 14 ნოემბრის განცხადებები (კომისიაში რეგისტრაციის №6/4809-11, №6/4890-11 ) ნაწილობრივ, კერძოდ:
ა) ცნობილ იქნას სს „სილქნეტსა“ და Eurosport SA-ს შორის 2011 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.01.2011–31.12.2013) სამაუწყებლო არხების Eurosport–ის, Eurosport 2–ის, Eurosportnews–ის და Eurosport HD–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად ნაწილობრივ;
ბ) ცნობილ იქნას სს „სილქნეტსა“ და ООО „Русонг“–ს შორის 2011 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.10.2011–01.10.2012 ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის Русонг ТВ-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად ნაწილობრივ;
გ) ცნობილ იქნას სს „სილქნეტსა“ და Turner Broadcasting System Europe Limited-ს შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.08.2011–30.07.2014 ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების CNN International–ის, Cartoon Network–ის და Boomerang–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად ნაწილობრივ;
2. განემარტოს სს „სილქნეტს“, რომ კომერციულ საიდუმლოებად ვერ იქნება მიჩნეული წარმოდგენილი ხელშეკრულებების ის ნაწილები, რომლებშიც განსაზღვრულია ხელშეკრულებების დადების თარიღი, მოქმედების ვადა, კონტრაჰენტი მხარეები და ხელშეკრულების საგანი;
3. ინფორმაცია საიდუმლოდ ჩაითვალოს სს „სილქნეტის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისთვის მომართვამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სათანადო რეესტრში შეტანა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისათვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
8. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”სილქნეტისათვის” ჩაბარების დღიდან;
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
