შპს „თანამგზავრი XXI“–სა და შპს „TV-ERA“–ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2011
მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (04/11/2011, №7/538-11) მიმართეს შპს „თანამგზავრი XXI“–მა და შპს „TV-ERA“–მ და დასამტკიცებლად წარმოადგინეს შპს „თანამგზავრი XXI“–ს კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F44 ლიცენზიის შპს „TV-ERA“–სთვის გადაპირების თაობაზე დადებული ხელშეკრულება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „თანამგზავრი XXI“ კომისიის 2007 წლის 13 თებერვლის №78/1 გადაწყვეტილებით ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F44 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2500 მჰც ÷ 2596 მჰც სიხშირულ ზოლში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.ბათუმში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 13 თებერვლამდე;
გ) სათაო გადამცემის სადგურის ქ.ბათუმში განთავსების შემთხვევაში, ჩრდილოეთის მიმართულებით მოქმედი სექტორული ანტენის ძირითადი გასხივების აზიმუტი (Az) განისაზღვროს არაუმცირეს 300 გრადუსით, ხოლო, გამოყენებული სისტემის მიმღები ტერმინალების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, აპარატურის მწარმოებლის მიერ დადგენილი ველის დაძაბულობის მინიმალური მნიშვნელობის (Emin) გეოგრაფიულ საზღვრად განისაზღვროს აღნიშნულ აზიმუტზე მე-10 კილომეტრი.
დ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (35,897.40 - ოცდათხუთმეტი ათას რვაას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) გადახდის ვალდებულება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
2991.45 ლარი - 2007 წლის 13 მარტამდე;
2991.45 ლარი - 2007 წლის 13 აპრილამდე;
2991.45 ლარი - 2007 წლის 13 მაისამდე;
2991.45 ლარი - 2007 წლის 13 ივნისამდე;
2991.45 ლარი - 2007 წლის 13 ივლისამდე;
2991.45 ლარი - 2007 წლის 13 აგვისტომდე;
2991.45 ლარი - 2007 წლის 13 სექტემბრამდე;
2991.45 ლარი - 2007 წლის 13 ოქტომბრამდე;
2991.45 ლარი - 2007 წლის 13 ნოემბრამდე;
2991.45 ლარი - 2007 წლის 13 დეკემბრამდე;
2991.45 ლარი - 2008 წლის 13 იანვრამდე;
2991.45 ლარი - 2008 წლის 13 თებერვლამდე;
კომისიამ კომისიის აპარატის საფინანსო დეაპრტამენტის 2011 წლის 10 ნოემბრის №10/1029-11 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე გამოარკვია, რომ შპს „თანამგზავრი XXI“–ს მიერ სრულად არის შესრულებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (35,897.40 - ოცდათხუთმეტი ათას რვაას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო 27–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისიის 2011 წლის 23 სექტემბრის 490/22 გადაწყვეტილებით თანხმობა მიეცა შპს “თანამგზავრი XXI“-ს მისი კუთვნილი საოპერაციო აქტივის - რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F44 ლიცენზიის, შპს “TV-ERA“-სთვის გადაცემაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების თაობაზე დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51–ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „თანამგზავრი XXI “ -სა და შპს „TV-ERA“ -ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F44 ლიცენზიის გადაპირების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 23 დეკემბერს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „თანამგზავრი XXI “ -სა და შპს „TV ERA“ -სთვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
