წვდომის მენიუ

ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსისათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 673 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2011

მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისიამ 2010 წლის 19 აპრილს წერილობით (19.04.2010 N04/982-11) მიმართა  ავტორიზებულ პირებს და განუმარტა, რომ ავტორიზაციის გავლის შემდეგ, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ვალდებულებები, მათ შორის, მართლზომიერად მოიპოვოს საკუთარი საკაბელო ქსელით გადაცემული სამაუწყებლო არხების ჩვენების უფლება (ანუ გააფორმოს სათანადო ხელშეკრულებები) და მათი ასლები წარმოუდგინოს კომისიას. კომისიის აღნიშნული წერილი ჩაბარდა ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსს“, რასაც ადასტურებს შპს „საქართველოს ფოსტიდან“ მიღებული საფოსტო ქვითარი N234;

კომისიამ 2011 წლის 14 მარტს წერილობით (N04/481-11) მიმართა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსთხოვა სატრანზიტო მომსახურების პაკეტში არსებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალი და აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები (აღნიშნული წერილი ჩაბარდა ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსს“, რასაც ადასტურებს შპს „საქართველოს ფოსტიდან“ მიღებული საფოსტო ქვითარი N610); ამავე წერილით, კომისიამ განუმარტა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, რომ მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაცია კომისიაში უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში წარმოდგენილ იქნას აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილი (Permission Letter) რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:

ა) ნებართვა ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ;

2011 წლის 11 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (გ. რატიშვილი. ვ. შუღლიაშვილი) 2011 წლის  10 ნოემბრის  №10/1035-11 სამსახურებრივი ბარათი და 2011 წლის 9 ნოემბრის №48 შემოწმების აქტი,  თანდართულ მასალებთან ერთად (პირადობის ასლები, CD) რომელთა თანახმად, ირკვევა, რომ ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსი“, სატელევიზიო არხების რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომისიაში წარმოდგენის გარეშე, ახორციელებდა მთელი რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემას (ტრანზიტს). 

ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2011 წლის 18 ნოემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსის“ სანქცირების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის  25 ნოემბერს,  რის თაობაზეც ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსს“  გაეგზავნა შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2011 წლის 17 ნოემბერს,  კომისიას განცხადებით (№0565; 17.11.11.) მიმართა   შპს ,,ტელეიმედმა”, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში მოქმედ საკაბელო ორგანიზაციებს შპს ,,ტელეიმედისაგან” დამატებით აქვთ მინიჭებული უფლება განახორციელონ სატელევიზიო არხის რეტრანსლაცია საკაბელო ქსელის მეშვეობით და კომისიას სთხოვს, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, ამ კომპანიებს მიეცეთ უფლება განახორციელონ ტელეიმედის არხის რეტრანსლაცია 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2011 წლის 21 ნოემბერს, კავშირი ,,კაბელის“ თავმჯდომარემ კომისიას მომართა №6/5064-11  წერილით და აცნობა, რომ კავშირი ,,კაბელი“ დილერებთან ხელშეკრულებებს აფორმებს 3 საკაბელო ტელევიზიის სახელით და მათ შორის ერთ-ერთი არის ინდ.მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსი“. აღნიშნულ წერილს დართული აქვს ქართული არხების ტრანზიტულად გავრცელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. თანდართული 2011 წლის 11 ივლისის სანებართვო წერილის თანახმად, ქართული ტელეკომპანიების მხრიდან მონიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, ააიპ ,,საქართველოს კაბელური ქსელების ასოციაცია“ ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსს“ უსასყიდლოდ გადასცემს ამ სანებართვო წერილში მითითებული ქართული არხების რეალურ, უცვლელ რეჟიმში ტრანზიტულად გავრცელების სამართლებრივ უფლებას. ეს არხებია: 1. ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“; 2. ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“; 3. ,,Регион ТВ“; 4. ,,ტელეკომპანია მზე“; 5. ,,აჭარის ტელევიზია“; 6.,,კავკასია“; 7. ,,პირველი სტერეო“; 8. ,,ივერია (საპატრიარქო)“; 9. ,,Music Box“ (შპს ,,ტელეკომპანია თბილისი“).

 კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2011 წლის 25 ნოემბერს, რომელსაც დაესწრო ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია, რომელმაც განმარტა, რომ მისი ქსელით არ გადაიცემოდა ტელეკომპანია ,,თრიალეთი“ ხელშეკრულების გაფორმებამდე, კერძოდ 2011 წლის 14 ნოემბრამდე. ის ფაქტი, რომ შემოწმების ჩატარების დროს დაფიქსირდა ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ გადაცემა, განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ ოფისი მდებარეობს შემოწმებული აბონენტის მიმდებარედ და შესაძლოა შემოწმებული აბონენტის სახლის ანტენა იჭერდა საეთერო არხს.  ნინო ჯაკობიამ ასევე აღნიშნა, რომ შემოწმების დროს ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ გადაცემა დაფიქსირდა ცუდი ხარისხით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას. აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით, კომისიამ განმარტება სთხოვა სპეციალისტს - კომისიის აპარატის რადიოსიხსირული მართვის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს ნოდარ ასპანიძეს, რომელმაც დაადასტურა, რომ ტექნიკურად შესაძლებელია საკაბელო ქსელისა და საეთერო არხების ერთდროულად დაფიქსირება მიმღებ აპარატზე, თუმცა ასეთ შემთხვევაში სახეზე იქნება არა კაბელით მიღებული, ანუ სახლის ანტენით დაფიქსირებული  საეთერო არხის დაბალი ხარისხით ჩვენება.

ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობიამ დამატებით განმარტა, რომ სანებართვო წერილები, თუ ხელშეკრულებები იმ ქართულ სამაუწყებლო არხებზე, რომელთა გადაცემის უფლება ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსს“ მოპოვებული აქვს 2011 წლის 11 ივლისს ააიპ ,,საქართველოს კაბელური ქსელების ასოციაციის“ მეშვეობით, კომისიაში 2011 წლის 21 ნოემბრამდე წარმოდგენილი არ ჰქონდა.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

კომისიის მიერ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების სახელზე გაგზავნილი წერილები (19.04.2010 N04/982-11; 14.03.2011 N04/481-11);

კომისიის 19.04.2010 N04/982-11 და 14.03.2011 N04/481-11  წერილების ჩაბარების ქვითრები (N234, N610) მიღებული შპს „საქართველოს ფოსტიდან“;

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 10 ნოემბრის №10/1035-11 სამსახურებრივი ბარათი;

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 9 ნოემბრის №48 შემოწმების აქტი თანდართული მასალებით (პირადობის მოწმობების ასლები, CD (შემოწმების ელექტრონული ვერსია);

მეწარმეთა და არასამეწარმეო(არასამეწარმეო) იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;

ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსის“ მიერ სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ასლები;

ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსსა“ და შპს ,,ტელეკომპანია თრიალეთს“ შორის 2011 წლის 14 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ასლი;

 შპს ტელეიმედის” 2011 წლის 17 ნოემბრის №6/4965-11 წერილი;

შპს ,,რუსთავი 2”-ის 2011 წლის 1 ივლისის №4-1-0566-11 წერილი;

 კავშირი ,,კაბელის“  2011 წლის 21 ნოემბრის №6/5064-11 წერილი თანდართული დოკუმენტებითურთ;

ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობიას ახსნა-განმარტება, გაკეთებული 2011 წლის 25 ნოემბრის კომისიის სხდომაზე;

კომისიის აპარტის რადიოსიხშირული მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ნოდარ ასპანიძის ახსნა-განმარტება, გაკეთებული 2011 წლის 25 ნოემბრის კომისიის სხდომაზე.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე კომისიის მიერ  დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 25.01.2010. ავტორიზებული საქმიანობის სახე - ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; (ტელემაუწყებლობის ტრანზიტი), რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის  საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით მიწოდებას;

ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსს“ საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;

კომისიამ 2010 წლის 19 აპრილს წერილობით (N04/982-11) მიმართა  ავტორიზებულ პირებს და განუმარტა, რომ ავტორიზაციის გავლის შემდეგ, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ვალდებულებები, მათ შორის, მართლზომიერად მოიპოვოს საკუთარი საკაბელო ქსელით გადაცემული სამაუწყებლო არხების ჩვენების უფლება (ანუ გააფორმოს სათანადო ხელშეკრულებები) და მათი ასლები წარმოუდგინოს კომისიას. კომისიის აღნიშნული წერილი ჩაბარდა ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსს“, რასაც ადასტურებს შპს „საქართველოს ფოსტიდან“ მიღებული საფოსტო ქვითარი N234;

კომისიამ 2011 წლის 14 მარტს წერილობით (N04/481-11) მიმართა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსთხოვა სატრანზიტო მომსახურების პაკეტში არსებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალი და აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები (აღნიშნული წერილი ჩაბარდა ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსს“, რასაც ადასტურებს შპს „საქართველოს ფოსტიდან“ მიღებული საფოსტო ქვითარი N610); ამავე წერილით, კომისიამ განუმარტა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, რომ მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაცია კომისიაში უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში წარმოდგენილ იქნას აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილი (Permission Letter) რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:

ა) ნებართვა ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ;

2011 წლის 9 ნოემბერს,  16:28 საათზე, ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსის“ აბონენტთან მზია გურგენიძესთან, მისამართზე: ქ. გორი, სტალინის გამზ. №13, ბინა 49, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილისა და ამავე დეპარტამენტის სპეციალისტის ვ. შუღლიაშვილის მიერ, ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსის“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №48.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ: კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ. რატიშვილი, ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი ვ.შუღლიაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრეები:  მზია გურგენიძე (პ/ნ 59001015754), გიორგი წულუკიძე (პ/ნ 59001044523) ;

 შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2011 წლის 9 ნოემბრის №48 შემოწმების აქტით, შემოწმებაზე დამსწრე პირების ხელმოწერითა და პირადობის მოწმობის მონაცემებით;

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 9 ნოემბრის №48  შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;

შემოწმების აქტი N48-ის თანახმად,  ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსი“  საკუთარი საკაბელო ქსელით არამართლზომიერად, სათანადო ხელშეკრულებების წარმოდგენის გარეშე ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: თრიალეთი, ,,რუსთავი 2”, ,,აჭარის ტელევიზია”, ,,ტელეიმედი”, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი”, ,,I სტერეო“, ,,რეალტივი საქართველო“;

შპს ,,კაბელის“ თავმჯდომარის მიერ კომისიაში 2011 წლის 21 ნოემბერს წარმოდგენილ N6/5064-11 წერილზე დართული ააიპ ,,საქართველოს კაბელური ქსელების ასოციაციის“ 2011 წლის 11 ივლისის სანებართვო წერილით,  დასტურდება, რომ ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსი“, შემოწმების აქტის შედგენის დღისათვის, კერძოდ,  2011 წლის 9 ნოემბრისათვის უფლებამოსილი იყო საკუთარ ქსელში, გარდა სხვა ქართული არხებისა, გადაეცა შემდეგი სამაუწყებლო არხები: ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“; ,,აჭარის ტელევიზია“; ,,პირველი სტერეო“; თუმცა, ვინაიდან აღნიშნული წერილი კომისიაში წარმოდგენილ იქნა დაგვიანებით 2011 წლის 21 ნოემბერს, წარმოების დაწყების შემდეგ, ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსის“ მიერ დარღვეული იქნა კომისიისათვის ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება;

შპს ,,ტელეიმედი”, 2011 წლის 17 ნოემბრის №6/4965-11 წერილით, უფლებას აძლევს ყველა ავტორიზებულ პირს, განახორციელოს სატელევიზიო არხი - ,,ტელეიმედის” რეტრანსლაცია, რაც ადასტურებს, რომ ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსი“ აღნიშნულ სამაუწყებლო არხს გადასცემდა მართლზომიერად;

შპს ,,რუსთავი 2” უფლებას აძლევს ყველა ავტორიზებულ პირს,   განახორციელოს ,,რუსთავი 2”-ისა და ახალი არხის უცვლელი სახით გავრცელება 2011 წლის 1 ივლისიდან იმ დრომდე, სანამ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’ არ გააკეთებს ახალ შეტყობინებას საკაბელო ტელევიზიებთან ურთიერთობის ფორმის შეცვლის ან რაიმე ცვლილებების შესახებ, მსგავსი შეტყობინება ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’-ის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღისათვის გაკეთებული არ არის, რაც ადასტურებს, რომ ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსი“ აღნიშნულ სამაუწყებლო არხს ასევე  მართლზომიერად გადასცემდა;

ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსის“ მიერ 2011 წლის 21 ნოემბერს კომისიაში წარმოდგენილი იქნა შპს ,,ტელეკომპანია თრიალეთთან“ 2011 წლის 14 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება არხის რეტრანსლაციის თაობაზე;

კომისიაში, ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსის“ მიერ, სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების კანონიერების თაობაზე წარმოდგენილი ხელშეკრულებებისა და სანებართვოს წერილების, ასევე 2011 წლის  9 ნოემბერს ქ. გორში, ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსის“ აბონენტთან ჩატარებული შემოწმების შედეგად მიღებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსი“, საკაბელო ქსელში განთავსებული სამაუწყებლო არხებიდან არც ერთ სამაუწყებლო არხს არ  გადასცემდა არამართლზომიერად, ამ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მოპოვების გარეშე, შემოწმების ჩატარების დღისათვის.  

ინდ. მეწარმე  ნინო ჯაკობია ,,კოსმოსის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსმა“, ქართული სამაუწყებლო არხების ტრანზიტის მართლზომიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარმოადგინა მას, შემდეგ, რაც კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება მისი სანქცირების მიზნით, თუმცა მას აღნიშნულის ვალდებულება დაეკისრა კომისიის 2011 წლის 14 მარტის  N04/481-11 წერილის ჩაბარებისთანავე. ამდენად, კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობით, ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსის“ მიერ დარღვეული იქნა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის   მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დააკისროს  ჯარიმა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ინდ. მეწარმე  ნინო ჯაკობია ,,კოსმოსის“   მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, იგი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, მე-4, 98-ე,  99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.         შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება, ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსის“ სანქცირების თაობაზე, მის მიერ რიგი სამაუწყებლო არხების საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემის ნაწილში;

2.         ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია ,,კოსმოსს“ მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა)  ქვეპუნქტის  დარღვევის გამო;

3.         დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ინდ. მეწარმე  ნინო ჯაკობია ,,კოსმოსისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.         გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ,  №6) ერთი თვის ვადაში;

5.         გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ინდ. მეწარმე  ნინო ჯაკობია ,,კოსმოსისათვის“ ჩაბარების დღიდან;

6.         კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);

7.         კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

      კომისიის წევრი                                                               სოფიო ბრიტანჩუკი

      კომისიის წევრი                                                               კარლო კვიტაიშვილი 

      კომისიის წევრი                                                               აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები