შპს „TV გორის“ სანქცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2011
მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 10 ნოემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის (გ.რატიშვილი) სამსახურებრივი ბარათი №10/1037-11 და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა (გ. რატიშვილი, ვ.შუღლიაშვილი) მიერ 2011 წლის 9 ნოემბერს ქ.გორში, მისამართზე: დ.ამილახვარის ქ.N11 ბ.33 შპს „TV გორის“ მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №47, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „TV გორი“ თავის საკაბელო ქსელში გადასცემს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: “Охота и рыбалка”, „Россия Культура”, „Fashion”, ”იმედი”, ”აჭარა”, “საქართველო“, „რუსთავი 2“, „თრიალეთი“, “24 TЕХНО”, “Комедия”, „პირველი საზოგადოებრივი“, „НАШ ФУТБОЛ”, „Travel”, „RTVI”, “HCTВ”, “ПИК”, ”Боец”, “ТВ Шансон“, “TV 1000 ACTION”, “RUSSIAN MUSIC BOX”, “ZOOPARK”, „I სტერეო“. ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხებიდან, შპს „TV გორი“ არამართლზომიერად, ამ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მოპოვების გარეშე გადასცემს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: “Охота и рыбалка”, ”აჭარა”, ”იმედი”, „რუსთავი 2“, “Комедия”, „НАШ ФУТБОЛ”, „RTVI”, ”Боец”, “ТВ Шансон“, “TV 1000 ACTION”, “RUSSIAN MUSIC BOX”, “ZOOPARK”, „I სტერეო“.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2011 წლის 18 ნოემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „TV გორის“ სანქცირების თაობაზე; საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 25 ნოემბერს 16:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს ,,TV გორს“ ეცნობა შეტყობინებით (18.11.2011 N03/2623-11) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2011 წლის 25 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „TV გორის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ზაზა გოგოლაძე, რომელმაც კომისიის სხდომაზე წარმოადგინა რიგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (25.11.2011 N6/5132-11), კერძოდ, წარმოდგენილ იქნა:
1. შპს „TV გორსა“ და შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთს“ სამაუწყებლო არხის „Super tv”-ს საკაბელო ქსელით რეტრანსლირების შესახებ, რომელიც დათარიღებულია 2011 წლის 1 ივნისით და რომლის მოქმედების ვადაა 1 წელი.
2. შპს „TV გორსა“ და „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის „Россия Культура” რეტრანსლირებასთან დაკავშირებით, რომელიც გაფორმებულია 2010 წლის 01 მარტს და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში (ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.4 პუნქტის შესაბამისად, თუ მხარეებმა ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 15 დღით ადრე არ მიმართეს ურთიერთს წერილობით ხელშეკრულების მოშლაზე, ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება შემდგომ პერიოდზე);
3. შპს „TV გორსა“ და „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის „Travel Channel” რეტრანსლირებასთან დაკავშირებით, რომელიც გაფორმებულია 2010 წლის 01 მარტს და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში (ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.4 პუნქტის შესაბამისად, თუ მხარეებმა ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 15 დღით ადრე არ მიმართეს ურთიერთს წერილობით ხელშეკრულების მოშლაზე, ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება შემდგომ პერიოდზე);
4. შპს „TV გორსა“ და „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის „Fashion Channel” რეტრანსლირებასთან დაკავშირებით, რომელიც გაფორმებულია 2011 წლის 1 ივნისს და ძალაშია 2011 წლის 31 დეკემბრამდე;
5. შპს „TV გორსა“ და შპს „საბ 2002“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების “HCTB” და “24 TЕХНО” რეტრანსლირებასთან დაკავშირებით, რომელიც გაფორმებულია 2011 წლის 1 ივნისს და ძალაშია 2012 წლის 1 ივნისამდე;
6. შპს „TV გორსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების: ”Боец ТВ“, “ZOOPARK”, და “Комедия ТВ” რეტრანსლირებასთან დაკავშირებით, რომელიც გაფორმებულია 2011 წლის 1 აგვისტოს და ძალაშია 2012 წლის 1 აგვისტომდე;
7. შპს „TV გორსა“ და შპს „შამმ 2002“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის „НАШ ФУТБОЛ” რეტრანსლირებასთან დაკავშირებით, რომელიც გაფორმებულია 2011 წლის 26 ივლისს და ძალაშია 2012 წლის 26 ივნისამდე;
8. შპს „TV გორსა“ და საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის „TV 1000 Action” რეტრანსლირებასთან დაკავშირებით, რომელიც გაფორმებულია 2011 წლის 25 აგვისტოს და ძალაშია 2012 წლის 1 ივნისამდე;
9. შპს „TV გორსა“ და შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების “Охота и рыбалка”, „RTVI”, “ТВ Шансон“, “Music Box Ru” (“RUSSIAN MUSIC BOX”) რეტრანსლირებასთან დაკავშირებით, რომელიც გაფორმებულია 2011 წლის 1 ნოემბერს და ძალაშია 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 9 ნოემბრის №47 შემოწმების აქტი, რომელიც შედგენილია ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 10 ნოემბრის №10/1037-11, 2011 წლის 14 ნოემბრის N10/1052-11 და 2011 წლის 22 ნოემბრის N10/1089-11 სამსახურებრივი ბარათები;
3. შპს „TV გორის“ მიერ სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულების ასლები;
4. შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილი (07.03.2011 N6/901-11);
5. „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ მიერ 2011 წლის 1 ივნისს კომისიაში წარმოდგენილი წერილი;
6. შპს „ტელეიმედის“ მიერ კომისიაში 2011 წლის 17 ნოემბერს წარმოდგენილი წერილი (17.11.2011 N6/4965-11);
7. შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მიერ კომისიაში 2011 წლის 1 ივლისს წარმოდგენილი წერილი (01.07.2011 N6/8827-11);
8. შპს “TV გორის“ აბონენტთან გერონტი მალაციძესთან ჩატარებული შემოწმების ჩანაწერი CD-ზე;
9. შპს “TV გორის“ აბონენტის, შემოწმებაზე დასწრე მოწმის პირადობის მოწობისა და მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების გადახდის ქვითრის ასლები;
10. კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემები;
11. კომისიის მიერ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების სახელზე გაგზავნილი წერილები (19.04.2010 N04/982-11; 04.03.2011 N04/481-11);
12. კომისიის 19.04.2010 N04/982-11 და 04.03.2011 N04/481-11 წერილების ჩაბარების ქვითრები მიღებული შპს „საქართველოს ფოსტიდან“;
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი შემოწმების აქტის საფუძველზე კომისიის მიერ სრულად იქნა შესწავლილი შპს „TV გორის“ მიერ საკუთარი საკაბელო ქსელით გადაცემული ყველა იმ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირების უფლებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რაც აღნიშნულია შემოწმების N47 აქტში და შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლის შედეგად კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „TV გორი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 2010 წლის 5 თებერვალი), რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე: ა) ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელით ან/და (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ბ) მაუწყებლობის ტრანზიტი და რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას, საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით;
2. კომისიამ 2010 წლის 19 აპრილს წერილობით (19.04.2010 N04/982-11) მიმართა ავტორიზებულ პირებს და განუმარტა, რომ ავტორიზაციის გავლის შემდეგ, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ვალდებულებები, მათ შორის, მართლზომიერად მოიპოვოს საკუთარი საკაბელო ქსელით გადაცემული სამაუწყებლო არხების ჩვენების უფლება (ანუ გააფორმოს სათანადო ხელშეკრულებები) და მათი ასლები წარმოუდგინოს კომისიას. კომისიის აღნიშნული წერილი ჩაბარდა შპს „TV გორს“, რასაც ადასტურებს შპს „საქართველოს ფოსტიდან“ მიღებული საფოსტო ქვითარი N213;
3. კომისიამ 2011 წლის 14 მარტს წერილობით (N04/481-11) მიმართა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსთხოვა სატრანზიტო მომსახურების პაკეტში არსებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალი და აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები.
ამავე წერილით, კომისიამ განუმარტა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, რომ მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაცია კომისიაში უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში წარმოდგენილ იქნას აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილი (Permission Letter) რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:
ა) ნებართვა ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ;
კომისიის აღნიშნული წერილი ჩაბარდა შპს „TV გორს“ რასაც ადასტურებს შპს „საართველოს ფოსტიდან მიღბული საფოსტო ქვითარი N609;
4. 2011 წლის 9 ნოემბერს, 15:38 საათზე, შპს „TV გორის“ აბონენტ გერონტი მალაციძესთან მისამართზე: ქ. გორი, დ.ამილახვარის N11 ბინა N33 კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილის მიერ, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლის ვ. შუღლიაშვილის მონაწილეობით განხორციელდა შპს „TV გორის“ მიერ, მის საკაბელო ქსელში, სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №47. შემოწმების აქტს ხელს აწერენ: კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: გ. რატიშვილი და ვ. შუღლიაშვილი, ასევე აბონენტი გ.მალაციძე (პ/ნ 59001034486) და მოწმე ი.მალაციძე (პ/ნ 59001039671);
5. 2011 წლის 9 ნოემბრის N47 შემოწმების აქტის თანახმად, შპს „TV გორი“ თავისი საკაბელო ქსელით, გადასცემდა შემდეგ სამაუწყებლო არხებს: “Охота и рыбалка”, „Россия Культура”, „Fashion”, ”იმედი”, ”აჭარა”, “საქართველო“, „რუსთავი 2“, „თრიალეთი“,“24 TЕХНО”, “Комедия”, „პირველი საზოგადოებრივი“, „НАШ ФУТБОЛ”, „Travel”, „RTVI”, “HCT”, “ПИК”, ”Боец”, “ТВ Шансон“, “TV 1000 ACTION”, “RUSSIAN MUSIC BOX”, “ZOOPARK”, „I სტერეო“.
6. შემოწმების ჩატარების სისწორე დასტურდება 2011 წლის 9 ნოემბრის №47 შემოწმების აქტით და აქტზე თანდართული აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (CD);
7. კომისიაში დაცულია შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს წერილი (01.07.2011 N6/8827-11), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ 2011 წლის 1 ივლისიდან უფლებას აძლევს ყველა საკაბელო კომპანიას გააგრძელოს სამაუწყებლო არხების „რუსთავი 2“ და „ახალი არხი“ უცვლელი სახით გადაცემა განუსაზღვრელი ვადით, იმ მომენტამდე, სანამ შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ არ განახორციელებს ახალ შეტყობინებას საკაბელო ტელევიზიებთან ურთიერთობის ფორმის შეცვლის ან რაიმე ცვლილების შესახებ.
შესაბამისად, აღნიშნული წერილიდან გამომდინარე დასტურდება, რომ შემოწმების ჩატარების მომენტისთვის შპს „TV გორი“ საკუთარი საკაბელო ქსელის მეშვეობით მართლზომიერად ახორციელებდა სამაუწყებლო არხის „რუსთავი 2“ რეტრანსლირებას.
8. 2011 წლის 17 ნოემბერს კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტელეიმედმა“ (N6/4965-11) რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში მოქმედ საკაბელო ორგანიზაციებს შპს „ტელეიმედისგან“ დამატებით აქვთ მინიჭბული უფლება განახორციელონა სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება საკაბელო ქსელის მეშვეობით 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
შესაბამისად, აღნიშნული წერილიდან გამომდინარე დასტურდება, რომ შემოწმების ჩატარების მომენტისთვის შპს „TV გორი“ საკუთარი საკაბელო ქსელის მეშვეობით მართლზომიერად ახორციელებდა სამაუწყებლო არხის „იმედი“ რეტრანსლირებას, თუმცა აღნიშნულის თაობაზე კომისიაში შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა 2011 წლის 17 ნოემბერს.
9. კომისიაში შპს „TV გორის“ მიერ, სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების კანონიერების თაობაზე წარმოდგენილი ხელშეკრულებებისა და სანებართვო წერილების, ასევე 2011 წლის 9 ნოემბერს ქ.გორში შპს „TV გორის“ აბონენტთან ჩატარებული შემოწმების შედეგად მიღებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „TV გორის“, საკაბელო ქსელში განთავსებული სამაუწყებლო არხებიდან, არამართლზომიერად, ამ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მოპოვების გარეშე გადასცემს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: ”აჭარა”, „I სტერეო“.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის;
5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: ”აჭარა”, „I სტერეო“ შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უცველელი სახით გადაცემით შპს „TV გორის“ მიერ დაირღვა ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, ხოლო სამაუწყებლო არხების: “Охота и рыбалка”, “Комедия”, „НАШ ФУТБОЛ”, „RTVI”, ”Боец”, “ТВ Шансон“, “TV 1000 ACTION”, “ZOOPARK”, “RUSSIAN MUSIC BOX”, რეტრანსლირების მართლზომიერების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულებების დაგვიანებით წარმოდგენით დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები;
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „TV გორის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქცია, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შპს „TV გორს“ უნდა მიეცეს გაფრთხილება ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევსი გამო.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „TV გორს“ ამავდროულად უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: ”აჭარა”, „I სტერეო“ არამართლზომიერი გადაცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე, 99-ე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-5, მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და “ბ” ქვეპუნქტების, 43-ე, 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,TV გორის“ მიერ საკუთარ საკაბელო ქსელში სამაუწყებლო არხის „რუსთავი 2“ ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების არამართლზომიერი რეტრანსლირების თაობაზე დარღვევის არ არსებობის გამო;
2. შეწყდეს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,TV გორის“ მიერ საკუთარ საკაბელო ქსელში სამაუწყებლო არხის „იმედი“ ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამების არამართლზომიერი რეტრანსლირების თაობაზე დარღვევის არ არსებობის გამო;
3. მიეცეს გაფრთხილება შპს ,,TV გორს“ სამაუწყებლო არხების: ”აჭარა”, „I სტერეო“ რეტრანსლირების დროს „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტების დარღვევის გამო, ასევე სამაუწყებლო არხების “Охота и рыбалка”, “Комедия”, „НАШ ФУТБОЛ”, „RTVI”, ”Боец”, “ТВ Шансон“, “TV 1000 ACTION”, “ZOOPARK”, “RUSSIAN MUSIC BOX” რეტრანსლირების მართლზომიერების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულებების კომისიაში დაგვინებით წარმოდგენით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
4. უზრუნველყოს შპს „TV გორმა“ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: ”აჭარა” და „I სტერეო“ არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „TV გორისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „TV გორისთვის“ ჩაბარების დღიდან;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-4 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ. კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
