ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2011
მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2011 წლის 24 ოქტომბრის N556/8 გადაწყვეტილებით, გამოცხადდა აუქციონი ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 800 800800, 800 555555, 800 282828, 800 808080, 800 880088, 800 517518, 800 909090, 800 414141, 800 388999, 800 707070, 800 717171, 800 770001, 800 101010, 800 202020, 800 404040, 800 505050, 800 112112 (სულ 17 სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურების უზრუნველსაყოფად, ავტორიზებადი საქმიანობისთვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;
დ) ლიცენზიის აღების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;
ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 850.00 (რვაას ორმოცდაათი) ლარით; ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2011 წლის 9 ნოემბრის 17:00 საათი, ხოლო აუქციონის ჩატარების თარიღად 2011 წლის 28 ნოემბრის 12:00 საათი; აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 43.00 (ორმოცდასამი).
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ შპს ”ალფაკომმა”, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაც შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონი გაიმართა კომისიის 2011 წლის 28 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ”ალფაკომის” დირექტორი ვასილ ქავთარაძე;
“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს ”ალფაკომის” დირექტორმა ვასილ ქავთარაძემ რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის - 893,00 (რვაას ოთხმოცდაცამეტი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 2011 წლის 24 ოქტომბრის N556/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ალფაკომი”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 893.00 (რვაას ოთხმოცდაცამეტი) ლარი;
2. უზრუნველყოს შპს “ალფაკომმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 267,90 (ორას სამოცდაშვიდი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 85.00 (ოთხმოცდახუთი) ლარი ანუ 182.90 (ას ოთხმოცდაორი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი ლარის გადახდა 2011 წლის 28 დეკემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - 200122900
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773072
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს (625,10 ექვსას ოცდახუთი და ათი თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილი) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) აუქციონის მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
10. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს ”ალფაკომისთვის” ჩაბარებისთანავე;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე)
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
