დამატებითი ფასიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 15, 2011
მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2011 წლის 24 ოქტომბრის N557/8 გადაწყვეტილებით, გამოცხადდა აუქციონი დამატებითი ფასიანი მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 900 800 800, 900 900 800 და 900 800 900 (სულ სამი სააბონენტო ნომერი) დამატებითი ფასიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად, ავტორიზებული საქმიანობისთვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;
დ) ლიცენზიის აღების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;
ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 150.00 (ასორმოცდაათი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2011 წლის 9 ნოემბრის 17:00 საათი, ხოლო აუქციონის ჩატარების თარიღად -2011 წლის 28 ნოემბრის, 12:00 საათი; აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 8.00 (რვა ლარი).
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ სს ”გლობალ ერთმა”, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაც შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონი გაიმართა კომისიის 2011 წლის 28 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა სს ”გლობალ ერთის” წარმომადგენელი გიორგი არღანაშვილი;
“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. სს ”გლობალ ერთის” წარმომადგენელმა გიორგი არღანაშვილმა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის - 158.00 (ას ორმოცდათვრამეტი ) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დამატებითი ფასიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2011 წლის 24 ოქტომბრის N557/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს სს ”გლობალ ერთი”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 158.00 (ას ორმოცდათვრამეტი) ლარი;
2. უზრუნველყოს სს ”გლობალ ერთმა”, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 47,40 (ორმოცდაშვიდი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 15.00 (თხუთმეტი) ლარი ანუ 32.40 (ოცდათორმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის გადახდა 2011 წლის 28 დეკემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - 200122900
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773072
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს (110,60 ას ათი ლარი და სამოცი თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილი) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) აუქციონის მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
10. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის სს ”გლობალ ერთისთვის” ჩაბარებისთანავე;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე)
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
