წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელსა“ და, მეორე მხრივ, შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და შპს „ახტელისთვის“ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელთან“ ურთიე

ნომერი: 678 / 16

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2011

მიღების თარიღი ნოემბერი 29, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (15.11.2011 N6/4904-11) მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს „ახტელმა“ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით და ამავე დროს, მოქმედი ურთიერთჩართვიდან გამომდინარე არსებული დავალიანების გამო შპს „კავკასიის ციფრულ ქსელთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიისგან თანხმობის მიღების მოთხოვნით.

შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2002 წლის 1 ივნისს შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს „ახტელს“ შორის გაფორმდა ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რომლითაც რეგულირდება მხარეებს შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაციული, ტექნიკური და ფინანსური საკითხები. ამავე ხელშეკრულების 6.2 მუხლის შესაბამისად, ანგარიშსწორება მხარეებს შორის ხორციელდება შედარების აქტის საფუძველზე, საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული 2009 წლის 1 თებერვლიდან შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ შპს „ახტელის“ მიმართ წარმოეშვა ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება, რომელმაც 2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 22,910.91 ლარი და რომელიც გადაუხდელობის გამო ყოველდღიურად იზრდება, შესაბამისად, განმცხადებლებს მიაჩნიათ, რომ შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სისტემატურ შეუსრულებლობას.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ არაერთი მოთხოვნისა, შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ თავს არიდებს ურთიერთჩართვის ახალი ხელშეკრულების გაფორმებას, შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მიერ გამოქვეყნებული ოფერტის შესაბამისად.

მოთხოვნები:

1. კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მისცეს თანხმობა შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ახტელს“, შპს „კავკასიის ციფრულ ქსელთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე;

2. კომისიამ დაავალოს შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“, შპს „ახალ ქსელებთან“ და შპს „ახტელთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმება;

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, დავის განხილვის მიზნით კომისია განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას და მხარეებს აცნობებს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის, მისი ჩატარების დღის, დროისა და ადგილის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ ერთობლივი განცხადების (15.11.2011 N6/4904-11) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, ერთი მხრივ, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელსა“ და, მეორე მხრივ, შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ შორის დავის განხილვის მიზნით; მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის თაობაზე შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ და შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ ეცნობათ შეტყობინებებით (22.11.2011 N03/2642-11; N03/2643-11) და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტაციისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2011 წლის 28 ნოემბრამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვის მიზნით მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმარა 2011 წლის 29 ნოემბერს 16:00 საათზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენელი ნოშრევან ჟღენტი და შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ წარმომადგენელი - ნინო ხავთასი.

მოსამზადებელ სხდომაზე შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ  შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ  შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელისთვის“  გადაცემულ იქნა ხელმოწერილი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები და შესაბამისად, შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“ უარს აცხადებს კომისიაში წარდგენილ განცხადების იმ ნაწილზე, რომელიც შეეხება შპს „კავკასიის ციფრულ ქსელთან“ დავის განხილვას ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით; რაც შეეხება განცხადებაში დაფიქსირებულ მეორე მოთხოვნას, ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით, შპს „ახტელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს „ახტელს“ შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის თაობაზე და  შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენელმა კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რომ შპს „ახტელისთვის“ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებასთან დაკავშირებით თნხმობის მიცემის საკითხის განხილვა გაიმართოს 2 კვირაში.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის  საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ახალმა ქსელებმა“ და შპს „ახტელმა“ უარი განაცხადა კომისიაში წარმოდგენილი განცხადების (15.11.2011 N6/4904-11) იმ ნაწილზე, რომელიც ეხება შპს „კავკასიის ციფრულ ქსელთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების გაუფორმებლობის გამო დავის განხილვას, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტიდან გამომდინარე შეწყდეს ზემოაღნიშნულ დავასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო რაც შეეხება შპს „ახტელისთვის“ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის საკითხს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტიდან გამომდინარე, დაკმაყოფილდეს შპს „ახტელის“ შუამდგომლობა და საკითხის განხილვა გაიმართოს 2011 წლის 13 დეკემბერს 16:00 საათზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

              გადაწყვიტა:

1.       შეწყდეს ერთი მხრივ, შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ახტელს“ და, მეორე მხრივ, შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით დავის განხილვა შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მიერ განცხადებაზე უარის თქმის გამო;

2.       შპს „ახტელისთვის“ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვა გაიმართოს 2011 წლის 13 დეკემბერს 16:00 საათზე;

3.       საკითხის განხილვის შესახებ შპს „ახტელის“ და შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ წარმომადგენლები გაფრთხილდნენ კომისიის 2011 წლის 29 ნოემბრის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

4.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5.       გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                                ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                კ.კვიტაიშვილი

                                                                                                ა.სიხარულიძე

                                                                                                ი.მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები