წვდომის მენიუ

შპს „ერას“ სანქცირების შესახებ

ნომერი: 679 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2011

მიღების თარიღი ნოემბერი 29, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 15 სექტემბერს კომისიას განცხადებით მომართა შპს „ერამ“ (წერილი დათარიღებულია 2011 წლის 9 სექტემბრით) და აცნობა, რომ 2011 წლის 1 ოქტომბრიდან განხორციელდებოდა შპს „ერას“ საკაბელო ქსელის გასხვისება, ამავე დროს, 1 ოქტომბრიდან, ყოველთვიური მინიმალური სააბონენტო გადასახადი განისაზღვრებოდა 10 ლარით. წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ შპს „ერა“ კომისიას დამატებით კონკრეტულ ინფორმაციას მოაწვდიდა სექტემბრის ბოლოს. 2011 წლის 10 ოქტომბერს კომისიაში შპს „ერას“ მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება (დათარიღებული 2011 წლის 7 სექტემბრით), სადაც აღნიშნული იყო, რომ 2011 წლის 1 ოქტომბრიდან განხორციელდა შპს „ერას“ საკაბელო ქსელის გასხვისება შპს „მზეზე“.

   “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება; „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ერას“ მიერ შპს „მზეზე“ საოპერაციო აქტივის - საკაბელო ქსელის გადაცემა, განხორციელდა კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლის შედეგად კომისიაში ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2011 წლის  17 ნოემბერს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ერას“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით სანქცირების თაობაზე.  საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 25 ნოემბერს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს ,,ერას” ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით (17.11.2011 N03/2610-11) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 25 ნოემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „ერას“ დამფუძნებელი ჯუმბერ ქოჩიაშვილი, რომელმაც კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის დირექტორის, კახა ქოჩიაშვილის ავადმყოფობის გამო. კომისიამ განიხილა აღნიშნული შუამდგომლობა,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტიდან გამომდინარე დააკმაყოფილა იგი და საკითხის განხილვა გადაიდო 2011 წლის 29 ნოემბრის 16:00 საათზე, რის თაობაზედაც ტელეფონოგრამით ეცნობა შპს „ერას“ დირექტორს და განმეორებით მოწვეულ იქნა იგი ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

საკითხის განხილვა გაიმართა 2011 წლის 29 ნოემბრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ერას“ დირექტორი ბატონი კახა ქოჩიაშვილი, რომელმაც კომისიის სხდომაზე აღიარა დარღვევის ფაქტი.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.    კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები N10/987-11 01.11.2011 და  N10/999-11 02.11.2011;

2.   კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი N10/995-11 02.11.2011;

3. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი N10/965-11 25.10.2011;

4. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი N10/942-11 17.10.2011;

5. შპს „ერას“ 2011 წლის 7 სექტემბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი 10.10.2011 N7/452-11)

6. შპს „ერას“ 2011 წლის 9 სექტემბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი 15.09.2011 N6/4063-11).

7. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისთვის კომისიის მიერ გაგზავნილი 2011 წლის 22 ივნისის N08/1276-11 წერილი.

8. შპს „საქართველოს ფოსტის“ საფოსტო ქვითარი N368;

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. 2011 წლის 22 ივნისს კომისიამ წერილით მიმართა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და აცნობა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის რეგულირებას შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა;

ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია;

გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი.

წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე.

კომისიის ზემოაღნიშნული წერილი შპს „ერას“ ჩაბარდა 2011 წლის 24 ივნისს, რასაც ადასტურებს შპს „საქართველოს ფოსტიდან“ მიღებული საფოსტო ქვითარი N368.

2.   შპს „ერა“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი 2006 წლის 19 ივნისს) რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე: ა) ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელით ან/და (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ბ) მაუწყებლობის ტრანზიტი);

3. 2011 წლის 15 სექტემბერს კომისიას განცხადებით მომართა შპს „ერამ“ (წერილი დათარიღებულია 2011 წლის 9 სექტემბრით) და აცნობა, რომ 2011 წლის 1 ოქტომბრიდან განხორციელდებოდა შპს „ერას“ საკაბელო ქსელის გასხვისება, ამავე დროს, 1 ოქტომბრიდან, ყოველთვიური მინიმალური სააბონენტო გადასახადი განისაზღვრებოდა 10 ლარით. წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ შპს „ერა“ კომისიას დამატებით კონკრეტულ ინფორმაცია მოაწვდიდა სექტემბრის ბოლოს.

4.  2011 წლის 1 ოქტომბრიდან განხორციელდა შპს „ერას“ საკაბელო ქსელის გასხვისება შპს „მზეზე“ რის თაობაზეც შპს „ერამ“ კომისიას აცნობა 2011 წლის 10 ოქტომბრის წერილით (დათარიღებული 2011 წლის 7 სექტემბრით, ხოლო კომისიაში რეგისტრაციის თარიღი 10.10.2011 N7/452-11);

5. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული, მაუწყებლობის რეგულირების და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების მიერ გადამოწმებულ იქნა შპს „ერას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი კორესპოდენცია და დადგენილ ფაქტად იქნა მიჩნეული, რომ შპს „ერას“ კომისიისთვის არ მოუმართავს საოპერაციო აქტივის გადაცემასთან დაკავშირებით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ფორმით, წინასწარის თანხმობის მიღბის მიზნით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

შპს „ერას“, საოპერაციო აქტივის - საკებელო ქსელის გასხვისების თაობაზე კომისიაში არ წარმოუდგენია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია და შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ საოპერაციო აქტივის გასხვისება განხორციელდა კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე. კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის  ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:

ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან;

გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია;

დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.

შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ერას“ მიერ, 2011 წლის 15 სექტემბერს კომისიაში წარმოდგენილი 2011 წლის 9 სექტემბრით დათარიღებული წერილი, არც ფორმით და არც შინაარსით არ წარმოადგენდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებულ შეტყობინებას. მასში შპს „ერა“ იტყობინებოდა, რომ 2011 წლის 1 ოქტომბრიდან იგეგმებოდა შპს „ერას“ საკაბელო ქსელის გასხვისება და სააბონენტო გადასახადის ცვლილება, ხოლო აღნიშნული ქმედებების განხორციელების განზრახვის თაობაზე კონკრეტული ინფორმაცია ანუ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია, შპს „ერას“ ამავე წერილის ბოლო წინადადების შესაბამისად, კომისიას უნდა მიწოდებოდა სექტემბრის ბოლოს, რაც შპს „ერას“ არ განუხორციელებია. სამაგიეროდ, 2011 წლის 10 ოქტომბერს კომისიაში შემოვიდა შპს „ერას“ 2011 წლის 7 სექტემბრით დათარიღებული წერილი, რომლითაც კომისიას ეცნობა, რომ შპს „ერამ“  საოპერაციო აქტივი - საკაბელო ქსელი უკვე გაასხვისა შპს „მზეზე“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ერას“ მიერ განხორციელდა საოპერაციო აქტივის - საკაბელო ქსელის გასხვისება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის დარღვევით, რითაც  კომპანიის მიერ ასევე დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ბ) ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც,  ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;    ყოველივე ზემოაღნიშნული კი, ამავე კანონის 45-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს შპს „ერას“ სანქცირების საფუძველს. კერძოდ, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  შპს „ერას“ მიერ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე საოპერაციო აქტივის - საკაბელო ქსელის გასხვისებით დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი და 26-ე მუხლი.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ერას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქცია, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შპს „ერას“ მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო და ამავე დროს, დაევალოს კომისიაში წარმოადგინოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია საოპერაციო აქტივის შპს „მზესთვის“ გადაცემასთან დაკავშირებით.

       ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე,  99-ე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფრთხილება შპს „ერას“ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;

2. დაევალოს შპს „ერას“ 10 სამუშო დღის ვადაში კომისიაში წარმოადგინოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია საოპერაციო აქტივის შპს „მზესთვის“ გადაცემასთან დაკავშირებით;

3.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ერასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5.   გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ერასთვის“ ჩაბარების დღიდან;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

            კომისიის თავმჯდომარე                                                      ი.ჩიქოვანი

            კომისიის წევრები:                                                                ს.ბრიტანჩუკი           

კ. კვიტაიშვილი

ა.სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები