შპს „ჯეო-ცნობარის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N4 ლიცენზიის გაუქმების, კომისიის 2006 წლის 19 მაისის №209/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს „ჯეო-ცნობარისთვის“ ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2011
მიღების თარიღი ნოემბერი 29, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2010 წლის 25 ნოემბერს ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილება ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“; აღნიშნული დებულების თანახმად, საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლა ხორციელდება ეტაპობრივად და საჯაროდ, ამ დებულების №4 დანართში მოყვანილი ძირითად ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა გეგმის შესაბამისად. ამავე დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა კომისიის ვალდებულება უზრუნველყოს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების მოქმედ აქტებში/ლიცენზიის პირობებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, მათი ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით“ განსაზღვრული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის პირობებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეო-ცნობარი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
ა) არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ბ) ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
ამავე დროს, შპს „ჯეო-ცნობარი“ კომისიის 2006 წლის 19 მაისის N209/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის NN4 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 0-8 (ნული-რვა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 1-6-0-0-8 (ერთი-ექვსი-ნული-ნული-რვა) საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების განსახორციელებლად;
ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 22.07.2015 წ;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეო-ცნობარის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის (წერილი 20.10.2011 N7/493-11) შესაბამისად, ირკვეოდა, რომ კომპანია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის NN4 ლიცენზიის შესაბამისად, ახორციელებს ავტორიზაციით გათვალისწინებულ საქმიანობას და მის მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსით მომსახურებას უწევს შპს „საინფორმაციო სამსახურ 08“-ს, რომელიც წარმოადგენს შპს „ჯეო-ცნობარის“ აბონენტს და რომელიც ერთიანი საინფორმაციო ბაზის მეშვეობით ახორციელებს საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებას.
კომისია აღნიშნავს, რომ ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” N3 დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გაერთიანებული საინფორმაციო საცნობარო ბიუროსთვის გათვალისწინებულია ნუმერაციის რესურსი 118 XX (ევრონომერი).
ვინაიდან კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად ირკვეოდა, რომ შპს „ჯეო-ცნობარი“ ახორციელებდა ავტორიზაციით გათვალისწინებულ საქმიანობას, ჰყავდა აბონენტი „საინფორმაციო სამსახური 08“-ს სახით და მის მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსით - 08 მომსახურებას უწევდა აღნიშნულ აბონენტს, რომელიც თავის მხრივ ერთიანი საინფორმაციო ბაზის მეშვეობით ახორციელებდა საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებას, კომისიამ მიიჩნია, რომ უნდა განხორციელებულიყო შპს „ჯეო-ცნობარის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის NN4 ლიცენზიის მოდიფიცირება, მისი ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებასთან” შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიამ 2011 წლის 24 ოქტომბრის N05/2444-11 წერილით მიმართა შპს „ჯეო-ცნობარს“ და აცნობა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებასთან“ შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობის თაობაზე. შპს „ჯეო-ცნობარის“ 2011 წლის 26 ოქტომბრის N7/506-11 წერილით კომისიას ეცნობა, რომ კომპანიის მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ხორციელდება როგორც საინფორმაციო-საცნობარო მომსახურება, ასევე სხვა სახის დამატებითი მომსახურებებიც, როგორიცაა მაგალითისთვის: ბილეთების დაჯავშნა, ტაქსის გამოძახება, ადგილზე მიტანის მომსახურება და ა.შ. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ვინაიდან ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით“ 118XX ნუმერაციის რესურსი გათვალისწინებულია გაერთიანებული საინფორმაციო-საცნობარო ბიუროსთვის, შპს „ჯეო ცნობარი“ არ არის წინააღმდეგი კომპანიის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიაში ცვლილების შეტანის, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას არ შეექმნება პრობლემები აღნიშნული ნუმერაციის რესურსის გამოყენებით არასაინფორმაციო მომსახურების განხორციელებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის 2011 წლის 31 ოქტომბრის N572/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეო-ცნობარის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N4 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 19 მაისის №209/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2011 წლის 29 ნოემბრის 16:00 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2011 წლის 29 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ჯეო-ცნობარის“ წარმომადგენლები დიმიტრი ცხომელიძე და ნატო ბახტაძე.
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის დასკვნა (29.11.2011 N10/1132-11), სადაც აღნიშნულია რომ „პირველ რიგში უნდა გაირკვეს ნუმერაციის რესურსის გამოყენების საკითხი, კერძოდ, გამოიყენება თუ არა ნუმერაციის რესურსი ლიცენზირებადი საქმიანობისათვის.
შპს ”ჯეოცნობარის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილები არ იძლევა ამის შესახებ ცალსახა ინფორმაციას:
1. 2011 წლის 21 იანვარის №27/01 წერილში აღნიშნულია, რომ შპს ”ჯეოცნობარს” მინიჭებული აქვს ლიცენზია № (ნომერი არ არის მითითებული), რომლის საფუძველზეც მინიჭებული ნუმერაციის რესურსი 08. ამჟამად 08 გამოიყენება სატელეფონო საცნობაროსთვის. აგრეთვე მათ მომსახურებაში შედის სხვადასხვა აბონენტების ერთმანეთთან დაკავშირება. გარდა ამისა ახორციელებენ არა საინფორმაციო მომსახურებებსაც, როგორიცაა: ბილეთების დაჯავშნა, ტაქსის გამოძახება, ადგილზე მიტანის სერვისი და სხვა მომსახურებები.
2. 2011 წლის 20.10.2011წ. №407/10 წერილში აღნიშნულია, რომ შპს ”ჯეოცნობარმა’” გასულ წლებში არაერთხელ დაადასტურა და ამჯერადაც კომისიის წერილის №05/2398 თანახმად გვატყობინებს, რომ შპს ”ჯეოცნობარს” ჰყავს აბონენტი შპს ”საინფორმაციო სამსახური 08”-ის სახით.
3. 26.10.2011წ. წერილში შპს ”ჯეოცნობარი” აღნიშნავს, რომ ”კომპანიის ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფასიანი სატელეფონო საინფორმაციო მომსახურება. მომხმარებელს ვთავაზობთ 25-ზე მეტი, სხვადასხვა სახის მომსახურებას. ამ მომსახურებებში შედის, როგორც სატელეფონო საცნობარო მომსახურება, ასევე ტელეფონის მეშვეობით სხვადასხვა დამატებითი სერვისები, მაგალითად: ბილეთის დაჯავშნა, ტაქსის გამოძახება, ადგილზე მიტანის მომსახურება და სხვა მსგავსი მომსახურებები”.
როგორც ზემოაღნიშნული ინფორმაციით ირკვევა, შპს ”ჯეოცნობარი”, ერთი მხრივ აცხადებს, რომ მას ჰყავს აბონენტი, რომელიც ეწევა საინფორმაციო მომსახურებას, მეორე მხრივ, აცხადებს, რომ თვითონ ეწევა საინფორმაციო მომსახურებას.
ამასთან, საინფორმაციო მომსახურების გარდა, თვითონ ან მისი აბონენტი, ეწევა სხვადასხვა მომსახურებებს: ბილეთების დაჯავშნა, ტაქსის გამოძახება და ა.შ.
რაც შეეხება ინფორმაციას აბონენტის შესახებ - შპს ”ჯეოცნობარის” 2011 წლის ოქტომბერით დათარიღებული წერილის მიხედვით აბონენტს წარმოადგენს შპს ”საინფორმაციო სამსახური 08”, ხოლო 2009 წლის 10 ივლისის №326/18 გადაწყვეტილების მიღებისას (რომლითაც განხილული იქნა ”ინფოჯორჯიას” საჩივარის საფუძველზე შპს ”ჯეოცნობარის” სანქცირების საკითხი) აბონენტად მოხსენიებულია შპს ”ცნობარი 08”.
კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ფორმის მიხედვით კი, რომელიც შპს ”ჯეოცნობარმა” პირველად შეავსო 2011 წლის 12 ოქტომბერს (მას შემდეგ, რაც გაეგზავნა გამაფრთხილებელი წერილი №02/2281-11, 06.10.2011წ.), ირკვევა, რომ კომპანიას აქვს შემოსავლები ”საკომუნიკაციო მომსახურების სხვა სახეებიდან”, მომსახურების სახედ დაკონკრეტებულია ”საცნობარო მომსახურება”. არ არის შევსებული არც ერთი ის ფორმა, რომელიც აბონენტის არსებობას, მისგან შემოსავლის მიღებას და შესაბამისად ავტორიზებული საქმიანობის განხორციელებას დაადასტურებდა (”საცნობარო მომსახურება” ავტორიზებად საქმიანობას არ წარმოადგენს). კომპანიის მიერ შევსებული ფორმებით წარმოდგენილია 2011 წლის ინფორმაცია, არ არის შევსებული 2010 წლის ინფორმაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ პირველ რიგში უნდა დადგინდეს კანონმდებლობით განსაზღვრული სალიცენზიო მოთხოვნების დაცვის საკითხი. კერძოდ: ლიცენზია ხომ არ ექვემდებარება გაუქმებას ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად.“
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შპს „ჯეო-ცნობარის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობით განმარტებები (წერილები 20.10.2011 N7/493-11; 26.10.2011 N7/506-11) ურთიერთგამომრიცხავია, კერძოდ, შპს „ჯეო-ცნობარი“ კომისიაში წარმოდგენილ 20.10.2011 N7/493-11 წერილით იტყობინებოდა, რომ კომპანია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის NN4 ლიცენზიის შესაბამისად, ახორციელებდა ავტორიზაციით გათვალისწინებულ საქმიანობას და მის მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსით მომსახურებას უწევდა შპს „საინფორმაციო სამსახურ 08“-ს, რომელიც წარმოადგენს შპს „ჯეო-ცნობარის“ აბონენტს და რომელიც ერთიანი საინფორმაციო ბაზის მეშვეობით ახორციელებს საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებას, ხოლო ამავე კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2011 წლის 24 ოქტომბრის N05/2444-11 წერილში აღნიშნული იყო, რომ კომპანიის „ერთ-ერთ“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ფასიანი სატელეფონო, საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების განხორციელება, ასევე სხვა სახის დამატებითი მომსახურებებიც, როგორიცაა მაგალითისთვის: ბილეთების დაჯავშნა, ტაქსის გამოძახება, ადგილზე მიტანის მომსახურება და ა.შ., კომისიის მიერ ზეპირი მოსმენის სხდომაზე სრულად იქნა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების, ასევე შპს „ჯეო-ცნობარის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების შედეგად დადგინდა შემდეგი:
1. შპს „ჯეო-ცნობარი“ ნუმერაციის რესურსით - 08 ახორციელებს საინფორმაციო საცნობარო მომსახურებას, კერძოდ, მომხმარებელს სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაციას აწვდის ერთიანი საინფორმაციო ბაზის მეშვეობით. შპს „ჯეო-ცნობარი“ აღნიშნული ტიპის მომსახურებას უწევს ასევე შპს „საინფორმაციო სამსახური 08“-ს (რომელთანაც იმყოფება სახელშეკრულებო ურთიერთობებში); აღნიშნულის თაობაზე განმარტებები კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გააკეთეს შპს „ჯეო-ცნობარის“ წარმომადგენლებმა;
2. შპს „ჯეო-ცნობარი“ არ ახორციელებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ საქმიანობას, რაც გათვალისწინებულია ამ უკანასკნელის ავტორიზაციის დეკლარაციით და შესაბამისად, მის მფლობელობაში არსებულ ნუმერაციის რესურსს არ იყენებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებადი საქმიანობისთვის. აღნიშნულის თაობაზე კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე განმარტებები გააკეთეს როგორც შპს „ჯეო-ცნობარის“ წარმომადგენლებმა, ასევე აღნიშნული დასტურდება შპს „ჯეო-ცნობარის“ მიერ შევსებული და კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ფორმებითაც, სადაც კომპანიის მიერ მომსახურების სახეში აღნიშნულია „საინფორმაციო მომსახურება“.
3. შპს „ჯეო-ცნობარის“ წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებულ იქნა ახსნა განმარტებები, რომ კომპანიას ნუმერაციის რესურსი - 08 ესაჭიროება საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების განსახორციელებლად და არა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისიის სხდომაზე შპს „ჯეო-ცნობარის“ წარმომადგენლებს განემარტათ, რომ ვინაიდან შპს „ჯეო-ცნობარი“ ნუმერაციის რესურსით საერგებლობის NN4 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსით ახორციელებს საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებას, ხოლო აღნიშნული საქმიანობა არ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციით გათვალისწინებულ საქმიანობას, ზემოაღნიშნული საქმიანობა არ ექვემდებარება ლიცენზირებას და შპს „ჯეო-ცნობარს“ იმ მომსახურებისთვის, რასაც ეს უკანასკნელი ახორციელებს, კერძოდ საინფორმაციო-საცნობარო საქმიანობისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია მიენიჭოს ნუმერაციის რესურსი, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით.
კომისიის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ვინაიდან ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” N3 დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გაერთიანებული საინფორმაციო საცნობარო ბიუროსთვის გათვალისწინებულია ნუმერაციის რესურსი 118 XX (ევრონომერი), და ამავე დროს, კომისიის 2011 წლის 25 მარტის N150/15 გადაწყვეტილებით სს „ინფოჯორჯია XXI”-ს (რომელიც ერთიანი საინფორმაციო ბაზის მეშვეობით ასევე ახორციელებს საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებას) მინიჭებული აქვს ნუმერციის რესურსი 1-1-8-0-9, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისადაც საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ უნდა იქნას იდენტური გადაწყვეტილება, შპს „ჯეო-ცნობარს“, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია, არაავტორიზებადი საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, მიენიჭოს ნუმერაციის რესურსი 1-1-8-0-8 ერთი წლის ვადით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომპანიის წარმომადგენლებმა ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიის წინაშე დააყენეს შუამდგომლობა შპს „ჯეო-ცნობარის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის NN4 ლიცენზიის გაუქმებისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 ნაწილის და ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” შესაბამისად, საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებისთვის, ნუმერაციის რესურსის 1-1-8-0-8 მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის 2011 წლის 31 ოქტომბრის N572/23 გადაწყვეტილებით კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეო-ცნობარის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N4 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 19 მაისის №209/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით და ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს „ჯეო-ცნობარის“ უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ კომისიის წინაშე დაყენებულ იქნა შუამდგომლობა შპს „ჯეო-ცნობარის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის NN4 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე, ყველა იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რაც გამოკვლეულ იქნა კომისიის მიერ ზეპირი მოსმენის სხდომაზე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად, დაკმაყოფილდეს შპს „ჯეო-ცნობარის“ შუამდგომლობა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, გაუქმდეს შპს „ჯეო-ცნობარის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის NN4 ლიცენიზია. ამავე დროს, შპს „ჯეო-ცნობარის“ საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომპანიას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” N3 დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უნდა მიენიჭოს ნუმერაციის რესურსი 1-1-8-0-8 არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ42 პუნქტის, 471 მუხლის მე-3 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის, 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის, IX თავისა და ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” N3 დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2006 წლის 19 მაისის №209/22 გადაწყვეტილება და გაუქმდეს შპს „ჯეო-ცნობარის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N4 ლიცენზია, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნით;
2. მიენიჭოს, შპს ”ჯეო-ცნობარს” ნუმერაციის რესურსი - 1-1-8-0-8 (ერთი-ერთი-რვა-ნული-რვა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, 2011 წლის 29 ნოემბრიდან, 2012 წლის 29 ნოემბრამდე;
3. შპს ”ჯეო-ცნობარი” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ერთიანი საინფორმაციო- საცნობარო ბაზის მეშვეობით საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებისთვის;
4. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში შპს ”ჯეო-ცნობარის” მიერ ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც; ამ შემთხვევაში შპს „ჯეო-ცნობარს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯეო-ცნობარისთვი“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ, №6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
