წვდომის მენიუ

კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 681 / 10

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2012

მიღების თარიღი დეკემბერი 02, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 30 სექტემბრის №503/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი თერჯოლის მუნიციპალიტეტში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (FM) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

კომისიის 2011 წლის 30 სექტემბრის №503/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2011 წლის 31 ოქტომბრის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2011 წლის 4 ნოემბერი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2011 წლის 2 დეკემბერი, 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 4,050.00 (ოთხი ათას ორმოცდაათი) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2011 წლის 30 სექტემბრის №503/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა ინდ. მეწარმე კორნელი შუღლაძემ (31/10/2011, 11/10-11).

კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 2 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ ინდ. მეწარმე კორნელი შუღლაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამებოდა საკონკურსო პირობებს. კერძოდ, წარმოდგენილი იქნა: ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე; ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი; გ) ამოწურვადი რესურსის სარგებლობის საფასურის 10%–ს გადახდის დამადასტურებელი საბუთი; დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) შესაბამისობის დეკლარაცია; ვ) სამაუწყებლო კონცეფცია; ზ) სამაუწყებლო ბადე; თ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე; ი) ცნობა პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადის შესახებ; კ) ცნობა დაფინანსების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შესწავლილ იქნა ინდ. მეწარმე კორნელი შუღლაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371–ე და მე–60 მუხლების მოთხოვნებთან და დადგინდა, რომ კომისიაში წარმოდგენილი სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესაბამისად, საწარმოს სამართლებრივი ფორმას წარმოადგენს ინდივიდუალური საწარმო რომლის სახელწოდებაა კორნელი შუღლაძე. კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების მიხედვით არ დგინდება კორნელი შუღლაძის ურთიერთდამოკიდებულება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით ინდ. მეწარმე კორნელი შუღლაძე ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენენ: ადმინისტრაციული ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირს; პოლიტიკური პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს;  ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირს; იურიდიული პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარდა 2011 წლის 2 დეკემბერს. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა ინდ. მეწარმე კორნელი შუღლაძე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 მუხლების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით, ხოლო პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.

საკონკურსო სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებელის ინდ. მეწარმე კორნელი შუღლაძის მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე.

წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად: სამაუწყებლო კონცეფციის შეფასება განხორციელდა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 თავით განსაზღვრული შინაარსობრივი მოთხოვნებისა და ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” კომისიის 2011 წლის 18 აპრილის №190/22  გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კერძო საერთო რადიომაუწყებლობისათვის დადგენილი პრიორიტეტების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, კერძო საერთო რადიომაუწყებლობისათვის პრიორიტეტად ყველა სამაუწყებლო ზონასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დადგენილია პროგრამული მრავალფეროვნება.

სამაუწყებლო კონცეფციის შეფასებისას გამოკვლეულ იქნა, ლიცენზიის მაძიებელის მიერ შეთავაზებული თემატიკისა და ასევე ერთი და იმავე თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნებით სამაუწყებლო ზონის ყველა სოციალური ჯგუფის (ასაკობრივი, გენდერული და სხვ.) მოცვის ხარისხი, ასევე მომსახურების ზონაში (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.

კომისიის 2011 წლის 2 დეკემბრის სხდომაზე გამოქვეყნდა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ:

ლიცენზიის მაძიებლის მიზანია დააკმაყოფილოს ზემო იმერეთში, კერძოდ კი თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აუდიტორიის ინტერესები და მოთხოვნილებები. ინდ. მეწარმე კორნელი შუღლაძე შესთავაზებს მსმენელს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:

- ახალი ამბები;

- საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა;

- საინფორმაციო-შემეცნებითი გადაცემები;

- ახალგაზრდული გადაცემები;

- მუსიკალური გადაცემები;

- გასართობი გადაცემები;

წარმოდგენილი კონცეფციის თანახმად, ინდ. მეწარმე კორნელი შუღლაძე მსმენელს მიაწოდებს ინფორმაციას ისეთ თემებზე, როგორიცაა საზოგადოება, ჯანდაცვა, რელიგია, ხელოვნება,   მუსიკა, იუმორი და სხვა. აღნიშნული თემები გაშუქდება სხვადასხვა შემეცნებითი თუ გასართობი გადაცემების, საავტორო გადაცემების და საინფორმაციო გადაცემების  სახით.

ლიცენზიის მაძიებლის მიერ საძიებელი ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილია ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა:

ა) „საინფორმაციო გამოშვება“ - ყოველდღიური საინფორმაციო გადაცემა რომლის დანიშნულებაა მიაწოდოს მსმენელს ობიექტური, მიუკერძოებელი ინფორმაცია მუნიციპალიტეტში, ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე.

ბ) „გაიგე მთავარი” -  ყოველკვირეული  საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა, რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება კვირის მანძილზე რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.

ინდ. მეწარმე კორნელი შუღლაძის სამაუწყებლო კონცეფციით შემოთავაზებული სხვა თემატიკის პროგრამებში, უზრუნველყოფილია თემათა მრავალფეროვნებაც. კერძოდ, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს რადიოპროგრამებს შემდეგ თემებზე:

საინფორმაციო, შემეცნებითი და გასართობი თემატიკის ფარგლებში:

-  ”იმერის დილა” - ყოველდღიური საინფორმაციო-შემეცნებითი გადაცემა, რომლის მიზანია მიაწოდოს აუდიტორიას ინფორმაცია რეგიონში, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

- ”ჯანმრთელობა” - საავტორო გადაცემა;

- ”სულიერი მოძღვარი” - საავტორო გადაცემა;

- ”სხვას რასა აქვს ფასი თუ არა ხელოვნებას” - საავტორო გადაცემა ხელოვნების დარგების  შესახებ;

- ”ვაზის ცრემლები” - საავტორო გადაცემა სოფლის მეურნეობის შესახებ;

- ”თურმე ასეც ხდება ხანდახან” - საავტორო იუმორისტული გადაცემა;

– ”ესემეს სურვილები და სატელეფონო ჩართვები” - ყოველდღიური გასართობი გადაცემა, რომლის დანიშნულებაა აუდიტორიასთან კონტაქტი;

– „ურთიერთობა“ – ყოველდღიური გასართობი გადაცემა, რომლის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება მსმენელის აქტივობაზე.

ახალგაზრდული თემატიკის ფარგლებში:

”პატარა იმერლები” - საავტორო გადაცემა, რომლის მომზადებასა და მის შემდგომ განხორციელებაში მთავარ მონაწილეობას იღებს თერჯოლის მუნიციპალიტეტში არსებული მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი;

მუსიკალური თემატიკის ფარგლებში:

- ”მონატრებული ჰანგები” - ყოველდღიური მუსიკალური გადაცემა, რომელიც დაეფუძნება 60–70–იან წლებში არსებულ სიმღერებს, რომლებიც დაიყოფიან მუსიკალური ჟანრების მიხედვით;

– „ვიმღეროთ ერთად“ - ყოველდღიური მუსიკალური გადაცემა, რომლის მიზანია სიმღერის ნიჭით დაჯილდოვებული მსმენელების გამოვლენა;

– „მუსიკალური ათეული“ – კვირის განმავლობაში პოპულარული სიმღერების ათეული;

– „ღამის მუსიკა“ – ყოველდღიური მუსიკალური გადაცემა.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, ინდ. მეწარმე კორნელი შუღლაძის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასებისას ირკვევა, რომ ლიცენზიის მაძიებელის მიერ უზრუნველყოფილია, ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” კომისიის 2011 წლის 18 აპრილის N 190/22  გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესაბამისად დადგინილი პროგრამული მრავალფეროვნება.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე–11 პუნქტის შესაბამისად, თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში. კომისიის სხდომაზე ინდ. მეწარმე კორნელი შუღლაძემ დაადასტურა სალიცენზიო გადასახდელის 4,050.00 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის მზადყოფნა.

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მაძიებლების მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების ანალიზისა და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, მიზანშეწონილია თერჯოლის მუნიციპალიტეტში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს ინდ. მეწარმე კორნელი შუღლაძე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის  43-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   თერჯოლის მუნიციპალიტეტში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს ინდ. მეწარმე კორნელი შუღლაძე;

2.   უზრუნველყოს ინდ. მეწარმე კორნელი შუღლაძემ 1 (ერთი) თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის  20% - 810.00 (რვაას ათი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

სახელმწიფო ხაზინა, კოდი - TRESGE22

სახაზინო  კოდი - 300203062

3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

5.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 2,835.00 (ორი ათას რვაას ოცდათხუთმეტი)  ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6.  დავალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს კონკურსის მონაწილსთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

7.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების ინდ. მეწარმე კორნელი შუღლაძისთვის ჩაბარების დღიდან.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ, №6) ერთი  თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები