წვდომის მენიუ

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ასოციაცია “მეოხისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 695 / 15

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 15, 2011

მიღების თარიღი დეკემბერი 02, 2011

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (18.11.2011 №7/814-11) მიმართა ააიპ ასოციაცია ”მეოხმა” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის ნუმერაციის რესურსების  მინიჭების მოთხოვნით.

      ააიპ ასოციაცია ”მეოხს” ნუმერაციის რესურსი ესაჭიროება საქველმოქმედო მიზნებისათვის, კერძოდ აღნიშნულ ნუმერაციის რესურსზე განხორციელებული ზარები იქნება ფასიანი და  შემოსული თანხები მიიმართება მართმადიდებლური ფილმების საერთაშორისო კონოფესტივალ ”წმინდა ანდრიას ჯვარის” ორგანიზების ხელშეწყობისთვის.

   კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა დადგენილება №355 „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“; დებულების  №2 დანართის შესაბამისად,  დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის,  არაგეოგრაფიულ ნუმერაციის ზონაში განსაზღვრულია 901 XXX XXX ფორმატის ნუმერაციის რესურსი.     

 კომისია  ასევე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით.

გამომდინარე იქედან, რომ ააიპ ასოციაცია ”მეოხი”  მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კერძოდ, დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, საქველმოქმედო მიზნით შემოწირულობათა განსახორციელებლად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს ააიპ ასოციაცია ”მეოხის” მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე მიანიჭოს ააიპ ასოციაცია ”მეოხს” ნუმერაციის რესურსი    901 000 013, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ერთი წლის ვადით.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნტის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №2 დანართის, ასევე მე-10 მუხლის დ. გ) და ე) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს, ააიპ ასოციაცია ”მეოხს”  ნუმერაციის რესურსი - 901 000 013 (ცხრა-ნული-ერთი-ნული-ნული-ნული-ნული-ერთი-სამი), დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2011 წლის 2 დეკემბრიდან,  2012 წლის  2 დეკემბრამდე;

2. ააიპ ასოციაცია ”მეოხი” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, არაავტორიზებადი საქმიანობისათვის;

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში ააიპ ასოციაცია ”მეოხის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც; ამ შემთხვევაში ააიპ ასოციაცია მეოხს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ააიპ ასოციაცია მეოხისთვის”  ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                    ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                               ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები