არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ”ფონდი იოანესთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 15, 2011
მიღების თარიღი დეკემბერი 02, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (25.11.2011 №7/828-11) მიმართა არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა ”ფონდი იოანემ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების მოთხოვნით.
ააიპ ”ფონდ იოანეს” ნუმერაციის რესურსი ესაჭიროება საქველმოქმედო მიზნებისათვის, კერძოდ აღნიშნულ ნუმერაციის რესურსზე განხორციელებული ზარები იქნება ფასიანი და შესული თანხები მიიმართება მალხაზ ყველაშვილის დასახმარებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა დადგენილება №355 „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“; დებულების №2 დანართის შესაბამისად, დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, არაგეოგრაფიულ ნუმერაციის ზონაში განსაზღვრულია 901 XXX XXX ფორმატის ნუმერაციის რესურსი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით.
გამომდინარე იქედან, რომ ააიპ ”ფონდი იოანე” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კერძოდ, დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, საქველმოქმედო მიზნებისათვის შემოწირულობათა განსახორციელებლად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს ააიპ ”ფონდი იოანეს” მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 -ე მუხლის მე-3 პუნქტის და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე, მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი 901 700 308, ერთი წლის ვადით დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნტის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №2 დანართის, ასევე მე-10 მუხლის დ. გ) და ე) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს, ააიპ ”ფონდ იოანეს” ნუმერაციის რესურსი - 901 700 308 (ცხრა-ნული-ერთი-შვიდი-ნული-ნული-სამი-ნული-რვა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, 2011 წლის 2დეკემბრიდან, 2012 წლის 2 დეკემბრამდე;
2. ააიპ ”ფონდი იოანე” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, არაავტორიზებადი საქმიანობისათვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში ააიპ ”ფონდი იოანეს” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც; ამ შემთხვევაში ააიპ ”ფონდ იოანეს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ააიპ ”ფონდ იოანესთვის” ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
