წვდომის მენიუ

შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 705 / 22

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2012

მიღების თარიღი დეკემბერი 02, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2011 წლის 15 ნოემბერს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/4903-11) მიმართა შპს „გლობალ მედია ჯგუფმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სპორტული ღონისძიების  საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო ჩვენების უფლების მართლზომიერების დამადასტურებელი ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე ამ განცხადების საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ჰაინეკენის თასის გათამაშების (რაგბი) 2011–2012 წლების საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური ჩვენების უფლების შესახებ, შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და Pitch International LLP-ს შორის 2011 წლის 25 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება და მიიჩნია, რომ შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, რომელიც გულისხმობს სატელევიზიო ჩვენების ექსკლიუზიურ უფლებას, კომერციულ საიდუმლოებად შეიძლება მიჩნეული იყოს მხოლოდ კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული ხელშეკრულება შეიცავს, როგორც ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების ასევე მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების შესახებ, შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ 2011 წლის 15 ნოემბრის განცხადება (№6/4903-11) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, ჰაინეკენის თასის გათამაშების (რაგბი) 2011–2012 წლების საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური ჩვენების უფლების შესახებ, შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და Pitch International LLP-ს შორის 2011 წლის 25 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების მე–8, მე–9 და მე–10 პუნქტები, ცნობილ უნდა იქნას კომერციულ საიდუმლოებად.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია მესამე პირის ან საჯარო დაწესებულების მიერ კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის, მოთხოვნის თარიღის, მომთხოვნის ვინაობისა და მისამართის შესახებ, ხოლო 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს საჯარო რეესტრში.

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-19 და 32-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაკმაყოფილდეს შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ 2011 წლის 15 ნოემბრის განცხადება №6/4903-11 ნაწილობრივ:

2.  ჰაინეკენის თასის გათამაშების (რაგბი) 2011–2012 წლების საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური ჩვენების უფლების შესახებ, შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და Pitch International LLP-ს შორის 2011 წლის 25 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების მე–8, მე–9 და მე–10 პუნქტები, ცნობილ იქნას შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ კომერციულ საიდუმლოებად;

3. ინფორმაცია საიდუმლოდ ჩაითვალოს შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სათანადო რეესტრში შეტანა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „გლობალ მედია ჯგუფისათვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                             ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                             კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                             ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები