წვდომის მენიუ

შპს ,,მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის” სანქცირების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

ნომერი: 71 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2011

მიღების თარიღი თებერვალი 18, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2011 წლის 7 თებერვალს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტის უფროსის (გ.რატიშვილი) 2011 წლის 7 თებერვლის  №10/89-11 სამსახურებრივი ბარათი, შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ მიერ კომისიაში ინფორმაციის წარმოუდგენლობასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ  კომისიის 2011  წლის 17 იანვარის №04/91-11 წერილის საფუძველზე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიას“, დაევალათ ზემოაღნიშნული წერილის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, კომისიისათვის წარმოედგინათ დეტალური ინფორმაცია, მათ მიერ განხორციელებული მაუწყებლობის ტრანზიტის ავტორიზებული საქმიანობის გეოგრაფიული არეალის შესახებ (დასახლებული პუნქტების დასახელებები, ქსელის არსებობის შემთხვევაში დაქსელვის ტექნიკური გეგმა, დასახლებულ პუნქტებში მომსახურების მიწოდების მისამართები და ამ მისამართების მიხედვით კონკრეტულ აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ოდენობა), შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ მიერ კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ინფორმაცია, კომისიის მიერ მოთხოვნილ ვადაში.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტის უფროსის (გ.რატიშვილი) 2011 წლის 7 თებერვლის №10/89-11 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14  პუნქტის  შესაბამისად, 2011 წლის 11 თებერვალს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ სანქცირების თაობაზე;  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიას“ ეცნობა შეტყობინებით (11.02.2011 N03/286-4)  და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, 2011 წლის 14 თებერვალს, კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიას არ მიუღია კომისიის 2011  წლის 17 იანვარის №04/91-11  წერილი, რომლითაც კომისიის მიერ მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია. ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF33 ლიცენზია ჩადებულია შპს „აიეტის“ საწესდებო კაპიტალში, კომპანიას არ ჰყავს აბონენტები და საქმიანობას ახორციელებს შპს „აიეტთან“ ერთობლივად, აღნიშნული ერთობლივი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვას ახორციელებს შპს „აიეტი“ და ეს ინფორმაცია წარმოდგენილია კომისიაში რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებებთან ერთად. შესაბამისად, კომპანიას რომც მიეღო კომისიის 2011 წლის 17 იანვრის N04/91-11 წერილი, მაინც ვერ უზრუნველყოფდა მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენას. ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „აიეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია კომისიის ზემოაღნიშნული წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2011 წლის 18 თებერვლის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ბატონი ა.თაბაგარი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 7 თებერვლის №10/89-11 სამსახურებრივი ბარათი;

2. კომისიის 2011  წლის 17 იანვარის №04/91-11 წერილი;

3. შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიისთვის“ კომისიის წერილის ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი;

4. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტის უფროსის  გიორგი რატიშვილის ახსნა-განმარტება გაკეთებული 2011 წლის 18 თებერვლის კომისიის სხდომაზე;

5. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 17 თებერვლის N10/122-11 სამსახურებრივი ბარათი, შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების შესახებ;

6. შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ მიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის 14 თებერვალს კომისიაში წარმოდგენილი ახსნა-განმარტება;

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. კომისიის 2011  წლის 17 იანვარის №04/91-11 წერილით  შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიას“ დაევალა წერილის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა, მის მიერ განხორციელებული მაუწყებლობის ტრანზიტის ავტორიზებული საქმიანობის გეოგრაფიული არეალის შესახებ (დასახლებული პუნქტების დასახელებები, ქსელის არსებობის შემთხვევაში დაქსელვის ტექნიკური გეგმა, დასახლებულ პუნქტებში მომსახურების მიწოდების მისამართები და ამ მისამართების მიხედვით კონკრეტულ აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ოდენობა). ავტორიზებულ პირს ზემოაღნიშნული წერილი ჩაბარდა 2011 წლის 20 იანვარს, რასაც ადასტურებს შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიისთვის“ კომისიის წერილის ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი. შესაბამისად, კომისია ვერ გაიზიარებს შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ ახსნა-განმარტებაში აღნიშნულ გარემოებას, რომ კომპანიას არ ჩაბარებია კომისიის 2011 წლის 17 იანვრის N04/91-11 წერილი;

2. შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია“ წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, კომპანია ასევე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF33 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია კომისიის 2006 წლის 13 ოქტომბრის N438/1 გადაწყვეტილებით და ითვალისწინებს რადიოსიხშირული სპექტრით 2500-2564  მჰც და 2612-2636 მჰც სარგებლობის უფლებას ქ. თბილისში 2016 წლის 13 ოქტომბრამდე. კომპანიას აღნიშნული ლიცენზია შეტანილი აქვს შპს „აიეტის“ საწესდებო კაპიტალში, რასაც ადასტურებს კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია.

3. შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომანიის“ მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების შესაბამისად, კომპანიას არ ჰყავს აბონენტები, შესაბამისად, არ აფორმებს მათთან ხელშეკრულებებს და დამოუკიდებლად არ ახორციელებს ავტორიზებად საქმიანობას (მაუწყებლობის ტრანზიტს).

4. იმ გარემოებას, რომ შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია“ არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას, ასევე ადასტურებს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტში შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ მიერ წარმოდგენილი რეგულირების საფასურის ნულოვანო გაანგარიშებები და კომისიაში 2011 წლსი 20 იანვარს შემოსული შპს „აიეტის“ წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ 2010 წლის დეკემბრის რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ფორმაში გათვალისწინებულია შპს „აიეტის“ და შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ ერთობლივი შემოსავალი, აღნიშნული ერთობლივი შემოსავლის აღრიცხვას და შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდას ახორციელებს შპს „აიეტი“.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეფასების შედეგად, კომისია აღნიშნავს, შემდეგს:

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია: სრულად მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ ან პირად საიდუმლოებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესახებ, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მასალების შედეგად ირკვევა, რომ შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ ქმედებაში არ არის  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” და „ბ“ ქვეპუნქტების დარღვევის ნიშნები, ვინაიდან, შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF33 ლიცენზია ჩადებული აქვს შპს „აიეტის“ საწესდებო კაპიტალში, ხოლო ავტორიზებად საქმიანობას (მაუწყებლობის ტრანზიტს) არ ახორციელებს, შესაბამისად კომპანია არ აფორმებს ხელშეკრულებებს აბონენტებთან.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ მიერ კომისიაში ვერ იქნებოდა წარმოდგენილი ინფორმაცია, მის მიერ განხორციელებული მაუწყებლობის ტრანზიტის ავტორიზებული საქმიანობის გეოგრაფიული არეალის შესახებ (დასახლებული პუნქტების დასახელებები, ქსელის არსებობის შემთხვევაში დაქსელვის ტექნიკური გეგმა, დასახლებულ პუნქტებში მომსახურების მიწოდების მისამართები და ამ მისამართების მიხედვით კონკრეტულ აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ოდენობა).

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმინობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივ გარემოებების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ სანქცირების საფუძველი და შესაბამისად, უნდა შეწყდეს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ ქმედებაში დარღვევის ნიშნების არ არსებობის გამო.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე 95-ე, 96-ე, 98-ე, 99-ე მუხლების,   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება დარღვევის ფაქტის არ არსებობის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                    ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                     ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები