წვდომის მენიუ

ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ კერძო მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 710 / 23

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2012

მიღების თარიღი დეკემბერი 02, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (18/11/2011, №7/812-11) მიმართა ააიპ მედია ცენტრმა „ღია აფხაზეთისთვის“  კომპანიის კუთვნილი მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“  ფლობს კერძო მაუწყებლობის №B32 ლიცენზიას კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 და 2011 წლის 11 მაისის №232/5 გადაწყვეტილებების საფუძველზე განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2011 წლის 31 დეკემბრამდე;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა 38-ე სატელევიზიო არხზე, 100 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. წალენჯიხა  და მისი მიმდებარე ტერიტორია;

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია  აღნიშნავს, რომ  ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისთვის“ მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები, ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ მიერ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი – 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც დასტურდება კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 16 ნოემბრის №10/1179-11 სამსახურებრივი ბარათით.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრითა ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომელმაც ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ კერძო მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად შეადგინა – 5,134.5 (ხუთი ათას ას ოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ კერძო მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად გადასახდელი სალიცენზიო გადასახდელი გამოთვლილია ანალოგური მაუწყებლობისათვის, იმავე გეოგრაფიული ზონისა და არსებული ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, რომელიც მოცემულია ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ კერძო მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის სალიცენზიო პირობაში.

კომისია აღნიშნავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ტერიტორია იყოფა საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონებად. 2006 წლის 5 დეკემბერს კომისიამ მიიღო დადგენილება N10 „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ანალოგური საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობისთვის განისაზღვრა იყო 25 სამაუწყებლო ზონა.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 ივნისის №384 ბრძანებულების შესაბამისად, დამტკიცდა რეგიონალური შეთანხმება „ევროპის რადიოსამაუწყებლო ზონის შესახებ რეგიონალური შეთანხმების (სტოკჰოლმი, 1961)  ზოგიერთი ნაწილის გადასინჯვის ოქმისა“ და „174-230 მჰც და 470-862 მჰც სიხშირის ზოლებში 1-ელ რაიონში (1-ელი რაიონის ნაწილები მდებარეობს აღმოსავლეთის გრძედის 1700 მერიდიანის დასავლეთით და სამხრეთის განედის 400 პარალელის ჩრდილოეთით, მონღოლეთის ტერიტორიის გამოკლებით) და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ციფრული მიწისზედა რადიოსამაუწყებლო სამსახურის დაგეგმვის შესახებ“. ზემოაღნიშნული რეგიონალური შეთანხმების ფინალური აქტების (ჟენევა 2006) შესაბამისად, შეთანხმებაზე ხელმომწერ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა უნდა დასრულდეს 2015 წლის 17 ივნისამდე.

კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილების ზემოაღნიშნულ რეგიონალურ შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომისიის მიერ 2011 წლის 1 აპრილს მიღებულ იქნა დადგენილება №2 „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ”, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა საეთერო ციფრული სამაუწყებლო მომსახურების 10 ზონა, ნაცვლად 25 ანალოგური სამაუწყებლო ზონისა.

კომისია დამატებით მიუთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს  ტელე ან რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მისი მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-სათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ კერძო მაუწყებლობის №B32 ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონა (ქ. წალენჯიხა და მისი მიმდებარე ტერიტორია) არ შეესაბამება ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებით განსაზღვრულ საეთერო  ციფრული სამაუწყებლო მომსახურების არც ერთ ზონას, რაც თავის მხრივ, შემდგომ (ლიცენზიის მოქმედების პერიოდში) ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით (2015 წლის 17 ივნისამდე) წარმოშობს ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ კერძო მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის მოდიფიცირების აუცილებლობას, აღნიშნული ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონის ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რა დროსაც აუცილებელი გახდება სალიცენზიო გადასახდელის გადაანგარიშებაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ კერძო მაუწყებლობის NB32 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, სალიცენზიო პირობებში უნდა აისახოს კომისიის უფლებამოსილება, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით განახორციელოს ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ კერძო მაუწყებლობის NB32 ლიცენზიის პირობების მოდიფიცირება და შესაბამისად, სალიცენზიო გადასახდელის გადაანგარიშება, აღნიშნული ლიცენზიის საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან (შეთანხმებებთან) შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის მე–4 პუნქტის და 39–ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ კერძო მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 30 დეკემბერს 13.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                             ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                             კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                             ს. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები