შპს “რადიო იმედის” კერძო მაუწყებლობის №B49 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2012
მიღების თარიღი დეკემბერი 02, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (18/11/2011, №7/805-11) მიმართა შპს “რადიო იმედმა” კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B49 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “რადიო იმედი” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B49 ლიცენზიას კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
ა) რადიომაუწყებლობა 105,9 მჰც სიხშირეზე, 200 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თბილისი;
ბ) რადიომაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “რადიო იმედის” მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები, ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.
კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს “რადიო იმედის” მიერ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი – 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც დასტურდება კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 24 ნოემბრის №10/1114-11 სამსახურებრივი ბარათით.
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომელმაც შპს “რადიო იმედის” №B49 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 8,262.00 (რვა ათას ორას სამოცდაორი) ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, 39–ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “რადიო იმედის” კერძო მაუწყებლობის №B49 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 30 დეკემბერს 13.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “რადიო იმედისთვის” გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევდის მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
