ააიპ „ასოციაცია ათინათის“ მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 27, 2012
მიღების თარიღი დეკემბერი 02, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (03/10/2011, №7/436-11) მიმართა ააიპ „ასოციაცია ათინათმა“ კომპანიის კუთვნილი მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „ასოციაცია ათინათი“ ფლობს მაუწყებლობის №B48 ლიცენზიას კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2011 წლის 31 დეკემბრამდე;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
ა) რადიომაუწყებლობა 105,9 მგჰც სიხშირეზე,
ბ) ანტენის განთავსების ადგილი - ცაიში ურთას მთა;
გ) ანტენა ცალმხრივად მიმართული, რეფლექტორული;
დ) გამოსხივების სექტორის კუთხური ზომა - 60;
ე) ძირითადი გამოსხივების მიმართულება - ქ.ზუგდიდის გეომეტრიული ცენტრი;
ვ) ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი - არა უმეტეს 4 - 6 დბ;
ზ) ანტენაზე მიწოდებული სიმძლავრე - არა უმეტეს 2 კვტ;
თ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა - ქ. ზუგდიდი.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „ასოციაცია ათინათის“ მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.
კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. ააიპ „ასოციაცია ათინათის“ მიერ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი – 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც დასტურდება კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 8 ნოემბრის №10/1022-11 სამსახურებრივი ბარათით.
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომელმაც ააიპ „ასოციაცია ათინათის“ №B48 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 7,290 (შვიდი ათას ორას ოთხმოცდაათი ლარი) ლარი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა ააიპ „ასოციაცია ათინათის“ მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიის სახე - საეთერო რადიომაუწყებლობა არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რომელთა შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს, ხოლო კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა ააიპ „ასოციაცია ათინათის“ კუთვნილი №B48 ლიცენზიის მოდიფიცირება, რათა ლიცენზია მოყვანილ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, 39–ე მუხლის, 45–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „ასოციაცია ათინათის“ მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 30 დეკემბერს 13.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ „ასოციაცია ათინათისათვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
