შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ მაუწყებლობის №419 და №420 ლიცენზიების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 09, 2012
მიღების თარიღი დეკემბერი 02, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (30/11/2011, №7/847-11) მიმართა შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელომ“ კომპანიის კუთვნილი №419 და №420 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელო“ ფლობს №419 და №420 ლიცენზიებს კომისიის 2003 წლის 17 ოქტომბრის №535/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) მაუწყებლობის №419 ლიცენზია
ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2011 წლის 31 დეკემბრამდე;
ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობა 21-ე სატელევიზიო არხზე 200 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ზუგდიდში.
ბ) მაუწყებლობის №420 ლიცენზია
ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2011 წლის 31 დეკემბრამდე;
ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობა 30-ე სატელევიზიო არხზე 200 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. სენაკში.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.
კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ მიერ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია თითოეულ ლიცენზიაზე სალიცენზიო მოსაკრებელი – 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სულ ჯამში - 4000 (ოთხი ათასი) ლარი, რაც დასტურდება 2011 წლის 2 დეკემბერს წარმოდგენილი წერილით №6/5199-11 და მასზე თანდართული გადახდის დამადასტურებელი ქვითრით.
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომელმაც შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ №419 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 23,380.31 (ოცდასამი ათას სამას ოთხმოცი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ლარი, ხოლო №420 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელბისთვის – 7,793,44 (შვიდი ათას შვიდას ოთხმოცდაცამეტი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ მაუწყებლობის №419 და №420 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება გამოთვლილია ანალოგური მაუწყებლობისათვის, იმავე გეოგრაფიული ზონისა და არსებული ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, რომელიც მოცემულია შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ მაუწყებლობის №419 და №420 ლიცენზიების სალიცენზიო პირობებში.
კომისია აღნიშნავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ტერიტორია იყოფა საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონებად. 2006 წლის 5 დეკემბერს კომისიამ მიიღო დადგენილება N10 „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ანალოგური საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობისთვის განისაზღვრა 25 სამაუწყებლო ზონა.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 ივნისის №384 ბრძანებულებით დამტკიცდა რეგიონალური შეთანხმება „ევროპის რადიოსამაუწყებლო ზონის შესახებ რეგიონალური შეთანხმების (სტოკჰოლმი, 1961) ზოგიერთი ნაწილის გადასინჯვის ოქმისა“ და „174-230 მჰც და 470-862 მჰც სიხშირის ზოლებში 1-ელ რაიონში (1-ელი რაიონის ნაწილები მდებარეობს აღმოსავლეთის გრძედის 1700 მერიდიანის დასავლეთით და სამხრეთის განედის 400 პარალელის ჩრდილოეთით, მონღოლეთის ტერიტორიის გამოკლებით) და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ციფრული მიწისზედა რადიოსამაუწყებლო სამსახურის დაგეგმვის შესახებ“. ზემოაღნიშნული რეგიონალური შეთანხმების ფინალური აქტების (ჟენევა 2006) შესაბამისად, შეთანხმებაზე ხელმომწერ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა უნდა დასრულდეს 2015 წლის 17 ივნისამდე.
კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილების ზემოაღნიშნულ რეგიონალურ შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომისიის მიერ 2011 წლის 1 აპრილს მიღებულ იქნა დადგენილება №2 „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ”, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა საეთერო ციფრული სამაუწყებლო მომსახურების 10 ზონა, ნაცვლად 25 ანალოგური სამაუწყებლო ზონისა.
კომისია დამატებით მიუთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ტელე ან რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მისი მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ მაუწყებლობის №419 და №420 ლიცენზიებით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონები (ტელემაუწყებლობა 21-ე სატელევიზიო არხზე 200 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ზუგდიდში და ტელემაუწყებლობა 30-ე სატელევიზიო არხზე 200 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. სენაკში) არ შეესაბამება ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებით განსაზღვრულ საეთერო ციფრული სამაუწყებლო მომსახურების არც ერთ ზონას, რაც თავის მხრივ, შემდგომ (ლიცენზიის მოქმედების პერიოდში) ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით (2015 წლის 17 ივნისამდე) წარმოშობს შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ მაუწყებლობის №419 და №420 ლიცენზიების მოდიფიცირების აუცილებლობას, აღნიშნული ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონის ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რა დროსაც აუცილებელი გახდება სალიცენზიო გადასახდელის გადაანგარიშება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ მაუწყებლობის №419 და№420 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, სალიცენზიო პირობებში უნდა აისახოს კომისიის უფლებამოსილება, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით განახორციელოს შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ მაუწყებლობის №419 და №420 ლიცენზიების პირობების მოდიფიცირება და შესაბამისად, სალიცენზიო გადასახდელის გადაანგარიშება, აღნიშნული ლიცენზიების საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან (შეთანხმებებთან) შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ მაუწყებლობის №419 და №420 ლიცენზიების მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, კომისიის 2003 წლის 17 ოქტომბრის №535/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიის სახე - სიხშირული სპექტრით მომსახურება და სახეობა – საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რომელთა შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს, ხოლო კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ კუთვნილი მაუწყებლობის №419 და №420 ლიცენზიების მოდიფიცირება, რათა ლიცენზიები მოყვანილ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, 39-ე მუხლის, 45–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ მაუწყებლობის №419 და №420 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 30 დეკემბერს 13.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოსთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
