წვდომის მენიუ

შპს ,,ორბიტა-2005”-ს სანქცირების თაობაზე

ნომერი: 73 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2011

მიღების თარიღი თებერვალი 18, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2011 წლის 7 თებერვალს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტის უფროსის (გ.რატიშვილი) 2011 წლის 7 თებერვლის  №10/89-11 სამსახურებრივი ბარათი, შპს „ორბიტა-2005“-ს მიერ კომისიაში ინფორმაციის წარმოუდგენლობასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ  კომისიის 2011  წლის 17 იანვარის №04/91-11 წერილის საფუძველზე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის  შპს „ორბიტა-2005“-ს, დაევალათ ზემოაღნიშნული წერილის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, კომისიისათვის წარმოედგინათ დეტალური ინფორმაცია, მათ მიერ განხორციელებული მაუწყებლობის ტრანზიტის ავტორიზებული საქმიანობის გეოგრაფიული არეალის შესახებ (დასახლებული პუნქტების დასახელებები, ქსელის არსებობის შემთხვევაში დაქსელვის ტექნიკური გეგმა, დასახლებულ პუნქტებში მომსახურების მიწოდების მისამართები და ამ მისამართების მიხედვით კონკრეტულ აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ოდენობა). შპს „ორბიტა-2005“-ს მიერ კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ინფორმაცია, კომისიის მიერ მოთხოვნილ ვადაში.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტის უფროსის (გ.რატიშვილი) 2011 წლის 7 თებერვლის №10/89-11 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14  პუნქტის  შესაბამისად, 2011 წლის 11 თებერვალს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ორბიტა-2005“-ს სანქცირების თაობაზე;  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, შპს „ორბიტა-2005“-ს ეცნობა შეტყობინებით (11.02.2011 N03/283-4)  და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2011 წლის 18 თებერვლის სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა შპს „ორბიტა 2005“-ს წარმომადგენელი. კომისიის სხდომაზე გადამოწმდა შპს „ორბიტა 2005“-სთვის კომისიის მიერ გაგზავნილი შეტყობილების ჩაბარების ფაქტი; კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს „ორბიტა 2005“-ს მიერ 2011 წლის 17 თებერვალს კომისიაში შემოსული (წერილი N6/652-11) წერილობითი ახსნა-განმარტება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 7 თებერვლის №10/89-11 სამსახურებრივი ბარათი;

2. კომისიის 2011  წლის 17 იანვარის №04/91-11 წერილი;

3. შპს „ორბიტა-2005“-სთვის კომისიის წერილის ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი;

4. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტის უფროსის  გიორგი რატიშვილის ახსნა-განმარტება გაკეთებული 2011 წლის 18 თებერვლის კომისიის სხდომაზე;

5. დამატებით წარმოდგენილი შპს „ორბიტა 2005“-ს 17 თებერვლის N6/652-11 წერილი;

6. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი შპს „ორბიტა-2005“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების შესახებ;

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „ორბიტა-2005“  წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს;

2. კომისიის 2011  წლის 17 იანვარის №04/91-11 წერილით  შპს „ორბიტა-2005“-ს დაევალა წერილის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა მის მიერ განხორციელებული მაუწყებლობის ტრანზიტის ავტორიზებული საქმიანობის გეოგრაფიული არეალის შესახებ (დასახლებული პუნქტების დასახელებები, ქსელის არსებობის შემთხვევაში დაქსელვის ტექნიკური გეგმა, დასახლებულ პუნქტებში მომსახურების მიწოდების მისამართები და ამ მისამართების მიხედვით კონკრეტულ აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ოდენობა). ავტორიზებულ პირს ზემოაღნიშნული წერილი ჩაბარდა 2011 წლის 20 იანვარს;

3. კომისიის მიერ შპს „ორბიტა-2005“-სთვის ინფორმაციის წარმოსადგენად განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2011 წლის 27 იანვარს;

4. 2011 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით,  შპს „ორბიტა-2005“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია;

5. 2011 წლის 17 თებერვალს, შპს „ორბიტა 2005“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა წერილი N6/652-11, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ ტექნიკური მიზეზების გამო ვერ იქნა წარმოდგენილი კომისიაში, კომისიის 2011  წლის 17 იანვარის №04/91-11 წერილით  მოთხოვნილი ინფორმაცია და აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით, კომპანია ითხოვს დამატებით ერთკვირიან ვადას;

6. შპს „ორბიტა-2005“ სანქცირებული არ ყოფილა განვლილი ერთი წლის მანძილზე.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეფასების შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად,  ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ ან პირად საიდუმლოებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესახებ, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი  წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს  ჯარიმა.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ორბიტა-2005“-ს მიერ კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი კომისიის 2011  წლის 17 იანვარის №04/91-11 წერილით მოთხოვნილი  დეტალური ინფორმაცია, კომპანიის მიერ განხორციელებული მაუწყებლობის ტრანზიტის ავტორიზებული საქმიანობის გეოგრაფიული არეალის შესახებ (დასახლებული პუნქტების დასახელებები, ქსელის არსებობის შემთხვევაში დაქსელვის ტექნიკური გეგმა, დასახლებულ პუნქტებში მომსახურების მიწოდების მისამართები და ამ მისამართების მიხედვით კონკრეტულ აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ოდენობა), შპს „ორბიტა-2005“-ს მიერ დარღვეულ იქნა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და „ბ“ ქვეპუნქტები, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარმოადგენს სანქცირების საფუძველს.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შპს „ორბიტა-2005“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე, მიზანშეწონილია შპს „ორბიტა-2005“-ს მიეცეს გაფრთხილება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და „ბ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „ორბიტა 2005“-ს შუამდგომლობა და კომპანიას უნდა მიეცეს 7 კალენდარული დღე კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენისთვის, რასაც არ დაეთანხმა კომისიის თავმჯდომარე, ბატონი ი.ჩიქოვანი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და „ბ“ ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (ოთხი ხმა ერთის წინააღმდეგ)

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფრთხილება შპს „ორბიტა-2005“-ს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და „ბ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „ორბიტა-2005“-მა 7 კალენდარული დღის ვადაში ინფორმაციის წარმოდგენა მის მიერ განხორციელებული მაუწყებლობის ტრანზიტის ავტორიზებული საქმიანობის გეოგრაფიული არეალის შესახებ (დასახლებული პუნქტების დასახელებები, ქსელის არსებობის შემთხვევაში დაქსელვის ტექნიკური გეგმა, დასახლებულ პუნქტებში მომსახურების მიწოდების მისამართები და ამ მისამართების მიხედვით კონკრეტულ აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ოდენობა);

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ორბიტა-2005“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ორბიტა-2005“-სთვის ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.რატიშვილი)

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის წევრი                                                                     ს. ბრიტანჩუკი  

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                     ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები