წვდომის მენიუ

შპს „რადიო არტის“ მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 730 / 23

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2012

მიღების თარიღი დეკემბერი 02, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (30/11/2011, №7/845-11) მიმართა შპს „რადიო არტმა“  კომპანიის კუთვნილი მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო არტი“ ფლობს მაუწყებლობის №B52 ლიცენზიას კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2011 წლის 31 დეკემბრამდე;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ა) რადიო მაუწყებლობა 101,9 მგჰც სიხშირეზე  1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი; 97,5 მგჰც სიხშირეზე  1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;

ბ) რადიო მაუწყებლობა 103,0 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. გორი;

გ) რადიო მაუწყებლობა 104,5 მგჰც სიხშირეზე 0.5 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ქუთაისი;

დ) რადიო მაუწყებლობა 101,0 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ბათუმი;

ე) რადიო მაუწყებლობა 101,9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ზუგდიდი;

ვ) რადიო მაუწყებლობა 105,5 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თელავი;

ზ) რადიო მაუწყებლობა 105,9 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ლაგოდეხი;

თ) რადიო მაუწყებლობა 104,2 მგჰც სიხშირეზე 0.3 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ახალციხე;

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს „რადიო არტის“ მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათასი) ლარს. შპს „რადიო არტის“ მიერ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი – 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც დასტურდება კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 1 დეკემბრის №10/1172-11 სამსახურებრივი ბარათით.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომელმაც შპს „რადიო არტის“ №B52 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 58,461.75 (ორმოცდათვრამეტი ათას ოთხას სამოცდაერთი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა შპს „რადიო არტის“ მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიის სახე - საეთერო რადიომაუწყებლობა არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რომელთა შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს, ხოლო კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა შპს „რადიო არტის“ კუთვნილი მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის მოდიფიცირება,  რათა ლიცენზია მოყვანილ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, 39-ე მუხლის, 45–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

 

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო არტის“ მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 30 დეკემბერს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რადიო არტისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                             ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                             კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                             ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები