წვდომის მენიუ

შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ კერძო მაუწყებლობის №B56 და №B57 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და №B57 ლიცენზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 731 / 23

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 09, 2012

მიღების თარიღი დეკემბერი 02, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (30/11/2011, №7/848-11) მიმართა შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთმა“  კომპანიის კუთვნილი მაუწყებლობის №B56 და №B57 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ფლობს მაუწყებლობის №B56 და №B57 ლიცენზიებს კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) მაუწყებლობის №B56 ლიცენზია

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა:  საერთო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2011 წლის 31 დეკემბრამდე;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ტელემაუწყებლობა პირველ სატელევიზიო არხზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით,  გორის, ხაშურის, ქარელის, კასპის და ცხინვალის რაიონები, ანტენის განთავსების ადგილი - ახალდაბის (გორის რაიონი) სატელევიზიო ანძა;

ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.

ბ) მაუწყებლობის №B57 ლიცენზია

ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა:  საერთო  რადიომაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 104.8 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით,  გორის, ხაშურის, ქარელის, კასპის და ცხინვალის რაიონები, ანტენის განთავსების ადგილი - ახალდაბის (გორის რაიონი) სატელევიზიო ანძა;

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილ სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მიერ თითოეულ ლიცენზიაზე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი – 2,000 (ორი ათასი) ლარი, სულ ჯამში – 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, რაც დასტურდება კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 1 დეკემბრის №10/1173-11 სამსახურებრივი ბარათით.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომელმაც შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ №B56 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინაა - 36,308.25 (ოცდათექვსმეტი ათას სამასრვა ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარი, ხოლო №B57 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის – 6,682.50 (ექვსი ათას ექვსას ოთხმოცდაორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ კერძო მაუწყებლობის №B56 ლიცენზიის (კერძო ტელემაუწყებლობა) მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება გამოთვლილია ანალოგური მაუწყებლობისათვის, იმავე გეოგრაფიული ზონისა და არსებული ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, რომელიც მოცემულია შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“  კერძო მაუწყებლობის №B56 ლიცენზიის სალიცენზიო პირობაში.

კომისია აღნიშნავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ტერიტორია იყოფა საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონებად. 2006 წლის 5 დეკემბერს კომისიამ მიიღო დადგენილება N10 „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ანალოგური საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობისთვის განისაზღვრა 25 სამაუწყებლო ზონა.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 ივნისის №384 ბრძანებულებით დამტკიცდა რეგიონალური შეთანხმება „ევროპის რადიოსამაუწყებლო ზონის შესახებ რეგიონალური შეთანხმების (სტოკჰოლმი, 1961)  ზოგიერთი ნაწილის გადასინჯვის ოქმისა“ და „174-230 მჰც და 470-862 მჰც სიხშირის ზოლებში 1-ელ რაიონში (1-ელი რაიონის ნაწილები მდებარეობს აღმოსავლეთის გრძედის 1700 მერიდიანის დასავლეთით და სამხრეთის განედის 400 პარალელის ჩრდილოეთით, მონღოლეთის ტერიტორიის გამოკლებით) და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ციფრული მიწისზედა რადიოსამაუწყებლო სამსახურის დაგეგმვის შესახებ“. ზემოაღნიშნული რეგიონალური შეთანხმების ფინალური აქტების (ჟენევა 2006) შესაბამისად, შეთანხმებაზე ხელმომწერ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა უნდა დასრულდეს 2015 წლის 17 ივნისამდე.

კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილების ზემოაღნიშნულ რეგიონალურ შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომისიის მიერ 2011 წლის 1 აპრილს მიღებულ იქნა დადგენილება №2 „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ”, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა საეთერო ციფრული სამაუწყებლო მომსახურების 10 ზონა, ნაცვლად 25 ანალოგური სამაუწყებლო ზონისა.

კომისია დამატებით მიუთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს  ტელე ან რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მისი მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ კერძო მაუწყებლობის №B56 ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონა (ტელემაუწყებლობა პირველ სატელევიზიო არხზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით,  გორის, ხაშურის, ქარელის, კასპის და ცხინვალის რაიონები, ანტენის განთავსების ადგილი - ახალდაბის (გორის რაიონი) სატელევიზიო ანძა) არ შეესაბამება ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებით განსაზღვრულ საეთერო  ციფრული სამაუწყებლო მომსახურების არც ერთ ზონას, რაც თავის მხრივ, შემდგომ (ლიცენზიის მოქმედების პერიოდში) ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით (2015 წლის 17 ივნისამდე) წარმოშობს შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ კერძო მაუწყებლობის №B56 ლიცენზიის მოდიფიცირების აუცილებლობას, აღნიშნული ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონის ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რა დროსაც აუცილებელი გახდება სალიცენზიო გადასახდელის გადაანგარიშებაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ კერძო მაუწყებლობის NB56 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, სალიცენზიო პირობებში უნდა აისახოს კომისიის უფლებამოსილება, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით განახორციელოს შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ კერძო მაუწყებლობის NB56 ლიცენზიის პირობების მოდიფიცირება და შესაბამისად, სალიცენზიო გადასახდელის გადაანგარიშება, აღნიშნული ლიცენზიის საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან (შეთანხმებებთან) შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მაუწყებლობის №B57 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიის სახე - საეთერო რადიომაუწყებლობა  არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რომელთა შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს, ხოლო კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ კუთვნილი №B57 ლიცენზიის მოდიფიცირება,  რათა ლიცენზია მოყვანილ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, 39-ე მუხლის, 45–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მაუწყებლობის №B56 და №B57 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და №B57 ლიცენზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 30 დეკემბერს 13.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთისთვის”  გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                             ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                             კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                             ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები