წვდომის მენიუ

შპს „პლანეტა TV”-ს სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 74 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2011

მიღების თარიღი თებერვალი 18, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2011 წლის 7 თებერვალს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტის უფროსის (გ.რატიშვილი) 2011 წლის 7 თებერვლის  №10/89-11 სამსახურებრივი ბარათი, შპს „პლანეტა TV”-ს  მიერ კომისიაში ინფორმაციის წარმოუდგენლობასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ  კომისიის 2011  წლის 17 იანვარის №04/91-11 წერილის საფუძველზე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის  შპს „პლანეტა TV”-ს, დაევალათ ზემოაღნიშნული წერილის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, კომისიისათვის წარმოედგინათ დეტალური ინფორმაცია, მათ მიერ განხორციელებული მაუწყებლობის ტრანზიტის ავტორიზებული საქმიანობის გეოგრაფიული არეალის შესახებ (დასახლებული პუნქტების დასახელებები, ქსელის არსებობის შემთხვევაში დაქსელვის ტექნიკური გეგმა, დასახლებულ პუნქტებში მომსახურების მიწოდების მისამართები და ამ მისამართების მიხედვით კონკრეტულ აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ოდენობა). კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტის უფროსის (გ.რატიშვილი) 2011 წლის 7 თებერვლის  №10/89-11 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს „პლანეტა TV”-ს მიერ კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ინფორმაცია, კომისიის მიერ მოთხოვნილ ვადაში.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტის უფროსის (გ.რატიშვილი) 2011 წლის 7 თებერვლის №10/89-11 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14  პუნქტის  შესაბამისად, 2011 წლის 11 თებერვალს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „პლანეტა TV”-ს სანქცირების თაობაზე;  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, შპს „პლანეტა TV”-ს ეცნობა შეტყობინებით (11.02.2011 N03/285-4)  და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2011 წლის 18 თებერვლის სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა შპს „პლანეტა TV”-ს წარმომადგენელი.

კომისიის სხდომაზე გადამოწმდა შპს „პლანეტა TV”-სთვის კომისიის მიერ გაგზავნილი შეტყობილების ჩაბარების ფაქტი და კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ იქნა ქვითარი შპს „საქართველოს ფოსტიდან“, რომლის შესაბამისადაც, შპს „პლანეტა TV”-ს  ჩაბარდა შეტყობინება 2011 წლის 15 თებერვალს.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. კომისიის მიერ 2011 წლის 11 თებერვალს შპს „პლანეტა TV”-ს გაეგზავნა შეტყობინება (11.02.2011 N03/285-4)  და იგი მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად, შპს „საქართველოს ფოსტისგან“ მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, შპს „პლანეტა TV”-ს ჩაბარდა აღნიშნული შეტყობინება 2011 წლის 15 თებერვალს; გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნები დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „პლანეტა TV”-ს დაუსწრებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 7 თებერვლის №10/89-11 სამსახურებრივი ბარათი;

2. კომისიის 2011  წლის 17 იანვარის №04/91-11 წერილი;

3. შპს „პლანეტა TV”-სთვის კომისიის წერილის ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი;

4. შპს „პლანეტა TV”-ს მიერ კომისიაში 2011 წლის 27 იანვარს წარმოდგენილი N6/429-11 წერილი;

5. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტის უფროსის  გიორგი რატიშვილის ახსნა-განმარტება გაკეთებული 2011 წლის 18 თებერვლის კომისიის სხდომაზე;

6. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი შპს „პლანეტა TV”-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების შესახებ;

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „პლანეტა TV” წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს;

2. კომისიის 2011  წლის 17 იანვარის №04/91-11 წერილით  შპს „პლანეტა TV”-ს დაევალა წერილის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა მის მიერ განხორციელებული მაუწყებლობის ტრანზიტის ავტორიზებული საქმიანობის გეოგრაფიული არეალის შესახებ (დასახლებული პუნქტების დასახელებები, ქსელის არსებობის შემთხვევაში დაქსელვის ტექნიკური გეგმა, დასახლებულ პუნქტებში მომსახურების მიწოდების მისამართები და ამ მისამართების მიხედვით კონკრეტულ აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ოდენობა). ავტორიზებულ პირს ზემოაღნიშნული წერილი ჩაბარდა 2011 წლის 20 იანვარს;

3. კომისიის მიერ შპს „პლანეტა TV”-სთვის ინფორმაციის წარმოსადგენად განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2011 წლის 27 იანვარს;

4. 2011 წლის 27 იანვარს შპს „პლანეტა TV”-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა წერილი N6/429-11 სადაც აღნიშნულია, რომ შპს „პლანეტა TV” არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას (მაუწყებლობის ტრანზიტს) და  შესაბამისად, არ ჰყავს აბონენტები.

5. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 17 თებერვლის N10/122-11 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს „პლანეტა TV”-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილა რეგულირების საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები;

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეფასების შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად,  ავტორიზებული პირი ვალდებულია: სრულად მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ ან პირად საიდუმლოებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესახებ, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

კომისიის 2011  წლის 17 იანვარის №04/91-11 წერილით,  შპს „პლანეტა TV”-ს დაევალა წერილის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა მის მიერ განხორციელებული მაუწყებლობის ტრანზიტის ავტორიზებული საქმიანობის გეოგრაფიული არეალის შესახებ (დასახლებული პუნქტების დასახელებები, ქსელის არსებობის შემთხვევაში დაქსელვის ტექნიკური გეგმა, დასახლებულ პუნქტებში მომსახურების მიწოდების მისამართები და ამ მისამართების მიხედვით კონკრეტულ აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ოდენობა). ზემოაღნიშნულ წერილზე პასუხი კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნა 2011 წლის 27 იანვარს (წერილიN6/429-11), სადაც აღნიშნულია, რომ  შპს „პლანეტა TV” არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმინობას და არ ჰყავს აბონენტები.

აღნიშნული ასევე დასტურდება კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 17 თებერვლის N10/122-11  სამსახურებრივი ბარათით, რომლის შესაბამისადაც, შპს „პლანეტა TV”-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილია რეგულირების საფასურის ნულოვანი გაანაგარიშებები.

შესაბამისად, კომისიის აზრით, კომპანიის მიერ ვერ იქნებოდა კომისიაში წარმოდგენილი კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, ვინაიდან შპს „პლანეტა TV” არ ახორციელებს ავტორიზებად საქმიანობას (მაუწყებლობის ტრანზიტს), არ ჰყავს აბონენტები და შესაბამისად, არ გააჩნია აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შპს „პლანეტა TV”-ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია დარღვევის ფაქტს; შპს „პლანეტა TV”-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არ იქნა სათანადოდ შესწავლილი კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ, რაც გახდა აღნიშნული კომპანიის მიმართ სანქცირების ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი.

 „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმინობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივ გარემოებების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს „პლანეტა TV”-ს სანქცირების საფუძველი და შესაბამისად, უნდა შეწყდეს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „პლანეტა TV”-ს ქმედებაში სამართალდარღვევის ნიშნების არ არსებობის გამო.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე 95-ე, 96-ე, 98-ე, 99-ე მუხლების,   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს შპს „პლანეტა TV”-ს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება სამართალდარღვევის ფაქტის არ არსებობის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „პლანეტა TV”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „პლანეტა TV”-სთვის ჩაბარების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

            კომისიის თავმჯდომარე                                          ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                           ს. ბრიტანჩუკი  

კომისიის წევრი                                                                     კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                     ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                     ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები