შპს ”ტელეიმედისთვის” ნუმერაციის რესურსების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 15, 2011
მიღების თარიღი დეკემბერი 09, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (02.12.2011 №7/865-11) მიმართა შპს ”ტელეიმედმა” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის ნუმერაციის რესურსების მინიჭების მოთხოვნით.
შპს ”ტელეიმედს” ნუმერაციის რესურსი (11 ნომერი) ესაჭიროება გადაცემა ”იმედის გმირების” მონაწილეებს შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. მაყურებლის მიერ მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა ან ზარის განხორციელება იქნება ფასიანი.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა დადგენილება №355 „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“; დებულების №2 დანართის შესაბამისად, დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, არაგეოგრაფიულ ნუმერაციის ზონაში განსაზღვრულია 903 XXX XXX ფორმატის ნუმერაციის რესურსი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით.
გამომდინარე იქედან, რომ შპს ”ტელეიმედი” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კერძოდ, დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს ”ტელეიმედის” მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე მიანიჭოს ნუმერაციის რესურსები: 903 000 001-დან 903 000 011-ის ჩათვლით ერთი წლის ვადით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნტის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №2 დანართის, ასევე მე-10 მუხლის დ. გ) და ე) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს, შპს ”ტელეიმედს” ნუმერაციის რესურსი - 903 000 001-დან 903 000 011-ის ჩათვლით (ცხრა-ნული-სამი-ნული-ნული-ნული-ნული-ნული-ერთიდან ცხრა-ნული-სამი-ნული-ნული-ნული-ნული-ერთი-ერთის ჩათვლით) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, 2011 წლის 9 დეკემბრიდან, 2012 წლის 9 დეკემბრამდე;
2. შპს ”ტელეიმედი” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, არაავტორიზებადი საქმიანობისათვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შპს ”ტელეიმედის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც; ამ შემთხვევაში შპს ”ტელეიმედს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”ტელეიმედისთვის” ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
