შპს „სატელიტსერვისისთვის“ კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2012
მიღების თარიღი დეკემბერი 09, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სატელიტსერვისმა“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე. კერძოდ, შპს „სატელიტსერვისი“ ითხოვს საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის სახეობა იქნება სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – ქ. ქუთაისი, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 20 საათი.
კომისიის 2011 წლის 28 ოქტომბრის №569/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სატელიტსერვისისთვის“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით. ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2011 წლის 28 ნოემბერს 16.00 საათზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე შპს „სატელიტსერვისის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, შპს „სატელიტსერვისის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია:
1. ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნებს;
2. სალიცენზიო მოსაკრებლის (2000.00 ლარი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
3. სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
4. შესაბამისობის დეკლარაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შესწავლილ იქნა შპს „სატელიტსერვისის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე, 371–ე და მე–60 მუხლების მოთხოვნებთან და დადგინდა, რომ კომისიაში წარმოდგენილი სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესაბამისად, შპს „სატელიტსერვისის“ დამფუძნებელები არიან ფიზიკური პირები რამაზ სალდაძე (33%), გელა მეფარიშვილი (32%), შალვა ხურციძე (25%) და ომარ ღიბრაძე (11%). კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების მიხედვით არ დგინდება რამაზ სალდაძის, გელა მეფარიშვილის, შალვა ხურციძისა და ომარ ღიბრაძის ურთიერთდამოკიდებულება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით შპს „სატელიტსერვისი“ ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენენ: ადმინისტრაციული ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირს; პოლიტიკური პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირს; იურიდიული პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
ამასთან ერთად, კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მაძიებლის, შპს „სატელიტსერვისის“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მითითებულია პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა, კერძოდ, ლიცენზიის გაცემიდან 1 თვე.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 6 სექტემბრის №10/821–11 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი – 2,000.00 (ორი ათასი) ლარი, შპს „სატელიტსერვისის“ მიერ ნამდვილად იქნა გადახდილი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2011 წლის 28 ნოემბერს. ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა შპს „სატელისერვისის“ წერილი (2011 წლის 25 ნოემბერი, №7/830-11), რომლითაც ლიცენზიის მაძიებლის მიერ დაზუსტებულ იქნა მოთხოვნა, კერძოდ, მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა - 12 საათი დღე–ღამის განმავლობაში.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში წარმოდგენილ იქნა საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის 2011 წლის 25 ნოემბრის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ არსებობს შპს „სატელიტსერვისისთვის“ კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიიის გაცემის დამაბრკოლებელი გარემოება, კერძოდ განცხადებაში მითითებულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42–ე მუხლის გ) პუნქტის შესაბამისად, კომისია წარმოებაში არ მიიღებს ახალ სალიცენზიო განცხადებას, თუ იგი წარადგინა ლიცენზიის მფლობელმა ამ კანონით გათვალისწინებული დარღვევისათვის მის მიმართ კომისიის მიერ სანქციის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „სატელიტსერვისის“ მიმართ კომისიის 2011 წლის 22 ივლისის №374/18 გადაწყვეტილებით ერთდროულად გამოყენებულ იქნა ჯარიმა და ამავე დროს, კომპანიას მიეცა გაფრთხილება, რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციას მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „სატელიტსერვისის“ მოთხოვნა ლიცენზიის გაცემის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სატელიტსერვისი“ წარმოადგენს ელექტრონულ კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა, კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა, კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი, ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.
კომისიის 2011 წლის 22 ივლისის №374/18 გადაწყვეტილებით შპს ”სატელიტსერვისი” დაჯარიმდა 5,000.00 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის - ულიცენზიოდ მაუწყებლობის განხორციელების გამო და ამავე გადაწყვეტილებით, შპს „სატელიტსერვისს“ როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს მიეცა გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
კომისია განმარტავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42–ე მუხლის გ) პუნქტი ვრცელდება მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ პირებზე. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „სატელიტსერვისი“ კომისიის 2011 წლის 22 ივლისის №374/18 გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის არ წარმოადგენდა მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ პირს და მას მიეცა გაფრთხილება, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და ამავე დროს, დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიო საქმიანობისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის შესაბამისად და არა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული მუხლი და შესაბამისად, აღნიშნული ვერ გახდება შპს „სატელიტსერვისისთვის“ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის დამაბრკოლებელი გარემოება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისია აღნიშნავს, რომ არ არსებობს შპს „სატელიტსერვისისთვის“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული დამაბრკოლებელი გარემოებები და კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „სატელიტსერვისისთვის“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მიცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე, 38-ე და 41–ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს „სატელიტსერვისს“ კერძო მაუწყებლობის №B119 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 9 დეკემბრამდე;
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა საკაბელო ქსელის გამოყენებით, ქ. ქუთაისში;
2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის ხანგრძლივობად განისაზღვროს 12 საათი;
3. შპს „სატელიტსერვისი“ ვალდებულია:
ა) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის გაცემიდან 1 თვის ვადაში;
ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაშია ასახული;
თ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ლ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე, 62-ე და 70–ე მუხლებით გათვალისწინებული ინფორმაცია: წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა შესაბამისობის დეკლარაცია; მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში; არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა, კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
მ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;
ნ) უზრუნველყოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
ო) უზრუნველყოს სატელევიზიო დროის ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა;
პ) უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511–ე მუხლის გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა;
ჟ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სატელიტსერვისისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
ე) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „სატელიტსერვისისთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 და მე–3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე–3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე)
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
