შპს ,,მაგთიკომის“ სანქცირების თაობაზე შპს ,,ჯეოსელის“ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 30, 2011
მიღების თარიღი დეკემბერი 09, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს კომისია. კომისია ადგენს მომსახურების გაწევის ხარისხს და უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ხარისხის დაცვაზე ზედამხედველობას.
შპს ,,ჯეოსელმა“ 2011 წლის 05 დეკემბერს მომართა კომისიას N6/5200/11 განცხადებით, რომელშიც განმცხადებელი მიუთითებს შპს ,,მაგთიკომის“ სატელევიზიო რეკლამაზე, სადაც კომპანია აცხადებს: ,,ახლა არ გჭირდებათ არკვიოთ რომელი ქსელის აბონენტს რა ფასად დაუკავშირდეთ, საუკეთესო შემოთავაზება მაგთისგან, აირჩიეთ სასურველი პაკეტი და ისაუბრეთ საქართველოში ნებისმიერ ქსელთან ერთი ტარიფით, თუნდაც 6 თეთრად წუთში და არავითარი ზარის წამოწყება, დაინტერესდით, დარეკეთ 60 00“. შპს ,,ჯეოსელის“ აზრით, აღნიშნული რეკლამა წარმოადგენს არასათანადო რეკლამას ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად და ითხოვს კომისიისაგან რეაგირებას და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღებას, მათ შორის შპს ,,მაგთიკომის“ სანქცირებას.
კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 08 დეკემბრის N10/1214-11 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს ,,მაგთიკომი“ სთავაზობს მომხმარებელს შემდეგ პაკეტებს: 1000 წუთიანი პაკეტი - 1000 წუთი 60 ლარად (1 წუთი - 6 თეთრად); 400 წუთიანი პაკეტი - 400 წუთი 30 ლარად (1 წუთი -7,5 თეთრად); 150 წუთიანი პაკეტი - 150 წუთი 15 ლარად (1 წუთი -10 თეთრად); 80 წუთიანი პაკეტი - 80 წუთი 10 ლარად (1 წუთი -12,5 თეთრად); 30 წუთიანი პაკეტი - 30 წუთი 5 ლარად (1 წუთი -16.7 თეთრად); აღნიშნული პაკეტების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ისაუბროს საქართველოს ნებისმიერი ქსელის აბონენტთან. მომხმარებელმა პაკეტის ღირებულება წინასაწარ უნდა გადაიხადოს. შეძენილი წუთების გამოყენების ვადაა 30 დღე. 30 დღის შემდეგ დარჩენილი წუთები ინახება წუთობრივი პაკეტის ხელახალ შეძენამდე. რაც შეეხება მომხმარებლის დაინტერესების შემთხვევაში, სარეკლამო კლიპის ბოლოს მითითებულ სატელეფონო ნომერს 60 00, ამ სერვისით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ,,მაგთიკომის“ ქსელის აბონენტებს, ხოლო სხვა ქსელის მფლობელი კომპანიის აბონენტები ამ შესაძლებლობას მოკლებულნი არიან.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ჯეოსელის“ განცხადებასთან დაკავშირებით, 2010 წლის 06 დეკემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებით ეცნობათ შპს „მაგთიკომს“, შპს ,,ჯეოსელს“ და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიებს ასევე განემარტათ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2011 წლის 09 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ,,მაგთიკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი დავით ძიძიგური, ასევე შპს ,,ჯეოსელის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები ლევან გიორგაძე და ალექსანდრე სადაღაშვილი.
შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ, კომისიის სხდომაზე დააზუსტა პოზიცია და განაცხადა, რომ შპს ,,მაგთიკომის“ რეკლამა წარმოადგენს არასათანადო რეკლამას, როგორც შეცდომაში შემყვანი და არასარწმუნო რეკლამა. შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენლის განმარტებით შპს ,,მაგთიკომის“ რეკლამას შეცდომაში შეჰყავს სხვა ქსელის, მათ შორის შპს ,,ჯეოსელის“ აბონენტები, რომელთაც არ აქვთ საშუალება დარეკონ რეკლამაში მითითებულ სატელეფონო ნომერზე - 60 00 და შესაძლოა რეკლამით მოხიბლული შპს ,,ჯეოსელის“ აბონენტი დამატებითი პირობების გარკვევის გარეშე დაპორტირდეს შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში. მან ასევე, განაცხადა, რომ სადაო რეკლამა წარმოადგენს იმ რეკლამის ანალოგს, რომლის გამოც შპს ,,ჯეოსელს“ დაეკისრა სანქცია კომისიის 2010 წლის 24 სექტემბრის N451/18 გადაწყვეტილებით.
შპს ,,მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ გია კოშორიძემ 2011 წლის 8 დეკემბერს კომისიაში წარმოადგინა პასუხი შპს ,,ჯეოსელის“ 2011 წლის 5 დეკემბრის განცხადებაზე (N6/5260-11). აღნიშნული წერილის თანახმად, რეკლამაში შეთავაზებული საქონელი მოიცავს სხვადასხვა სახის პაკეტებს, მათ შორის ერთ-ერთია 60 ლარად 1000 წუთი, ერთი წუთის ღირებულება 6 თეთრი, ხოლო წუთების გამოყენების ვადა შეადგენს 30 დღეს. 30 დღის განმავლობაში აღნიშნული წუთებით სარგებლობა შესაძლებელია ნულოვანი და უარყოფითი ბალანსის შემთხვევაშიც, 30 დღის მანძილზე გამოუყენებელი წუთები აბონენტს შეენახება ახალი პაკეტის შეძენამდე. წუთების ამოწურვის შემდეგ აბონენტი სარგებლობს პაკეტის შეძენამდე არსებული ტარიფით. წუთების შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი სიხშირით. აღნიშნული ინფორმაცია აბონენტს მიეწოდება რეკლამაში მითითებულ ნომერზე დარეკვისას (60 00). შპს ,,მაგთიკომის“ განცხადებით, შეუძლებელია ზემოაღნიშნული ყველა პირობის 40 წამიან რეკლამაში განთავსება. სწორედ ამ მიზნით რეკლამაში მითითებულია ნომერი, რომელზეც დარეკვის შემთხვევაში აბონენტი იღებს სრულ და ამომწურავ ინფორმაციას შეთავაზებული პაკეტების შესახებ. რეკლამაში არ არის საუბარი, რომ აბონენტს შეუძლია ისაუბროს მხოლოდ 6 თეთრად. რეკლამაში გაჟღერებულია შემდეგი სახის ფრაზა „თუნდაც 6 თეთრად“. 60 ლარიანი პაკეტის შეძენის შემთხვევაში აბონენტს შესაძლებლობა ეძლევა ისაუბროს 1000 წუთი ყველა ქსელის მიმართულებით და ამ შემთხვევაში წუთის ღირებულება მართლაც 6 თეთრს შეადგენს. შპს ,,მაგთიკომის“ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამა არის საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას. იმ შემთხვევაში თუ შპს „მაგთიკომის“ რეკლამის ნახვის შედეგად ვინმეს გაუჩნდა სურვილი (ინტერესი) შეეძინა რეკლამაში გაჟღერებული რომელიმე პაკეტი, ერთადერთი გზა პაკეტის შეძენისთვის არის რეკლამაში მითითებულ ნომერზე დარეკვა. ნომერი 60 00 არ წარმოადგენს კოდს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პაკეტის შეძენა, არამედ ეს არის საინფორმაციო IVR და ნომერზე დარეკვის შემთხვევაში აბონენტს მისი სურვილის მიუხედავად, მიეწოდება ამომწურავი ინფორმაცია სატარიფო პაკეტების ღირებულების, მისი შეძენის და გამოყენების პირობების შესახებ. ამდენად გაუგებარია როგორ უნდა შეიყვანოს აღნიშნულმა რეკლამამ მომხმარებელი შეცდომაში. კომისიის სხდომაზე შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ პასუხს და განაცხადა, რომ რეკლამა სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არღვევს მის არც ერთ მოთხოვნას.
კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. შპს ,,ჯეოსელის“ 2011 წლის 05 დეკემბრის N6/5200/11 განცხადება;
2. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2011 წლის 08 დეკემბრის N10/1214-11 სამსახურებრივი ბარათი;
3. შპს ,,მაგთიკომის“ მიერ სატელევიზიო არხებზე განთავსებული სარეკლამო რგოლის ჩანაწერი CD-ზე;
4. შპს ,,მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილის გია კოშორიძის 2011 წლის 8 დეკემბრის პასუხი შპს ,,ჯეოსელის“ 2011 წლის 5 დეკემბრის განცხადებაზე (N6/5260-11);
5. 2011 წლის 09 დეკემბრის კომისიის სხდომაზე შპს ,,მაგთიკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის დავით ძიძიგურის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;
6. 2011 წლის 09 დეკემბრის კომისიის სხდომაზე შპს ,,ჯეოსელის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის ლევან გიორგაძის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;
კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,მაგთიკომის“ სადაო სატელევიზიო რეკლამაში აღწერილია შპს ,,მაგთიკომის“ შეთავაზება, როდესაც შპს ,,მაგთიკომის“ აბონენტს შეუძლია აირჩიოს სასურველი პაკეტი და ისაუბროს საქართველოში არსებული ნებისმიერი ქსელის აბონენტთან განსაზღვრული პირობით, თუნდაც 6 თეთრად, ხოლო პირობათა გასაგებად, დაინტერესების შემთხვევაში, აუცილებელია ნომერზე 60 00 დარეკვა, რომელიც საინფორმაციო IVR ნომერია.
2. შპს ,,მაგთიკომის“ რეკლამაში არ არის დაკონკრეტებული, რომ 6 თეთრიანი ტარიფით მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ 60 ლარის წინასწარი გადახდის შედეგად, თუმცა რეკლამაში ცალსახად არც 6 თეთრიანი ტარიფია შეთავაზებული;
3. რეკლამიდან ვგებულობთ, რომ მაგთის აბონენტებს, ასევე მათ ვინც გახდება მაგთის აბონენტი (პირთა განუსაზღვრელი წრისადმი მიმართვა), შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ მათთვის სასურველი მომსახურების პაკეტი (შეთავაზებულია 5 პაკეტი), ისაუბრონ ყველა ქსელის აბონენტთან ერთი ტარიფით, არ გადაიხადონ ზარის წამოწყების საფასური და თუ შეთავაზებით დაინტერესდებიან დარეკონ 60 00-ზე, სასურველი პაკეტით მომსახურების მიღების პირობების გასაგებად.
4. რეკლამაში გაუჟღერებელი პირობების შესახებ ინფორმაციის მიღება, შპს ,,მაგთიკომის“ აბონენტებს შეუძლიათ სატელეფონო ნომერი 60 00-ზე დარეკვით, რაც მითითებულია რეკლამაში და აღნიშნულ ნომერზე დარეკვა ხელმისაწვდომია მხოლოდ შპს ,,მაგთიკომის“ აბონენტებისათვის, რაც არ აძლევს შესაძლებლობას სხვა ქსელის, მათ შორის შპს ,,ჯეოსელის“ აბონენტებს, ისარგებლონ ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში მიღების შესაძლებლობით;
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. შპს ,,მაგთიკომის“ მომსახურების პირობა, რომლის თანახმად, 6 თეთრიანი ტარიფით სარგებლობა შესაძლებელია, მხოლოდ 60 ლარის გადახდის შემდეგ და რომ აღნიშნული ტარიფით სარგებლობის ვადა შეადგენს 30 დღეს, არ წარმოადგენს შპს ,,მაგთიკომის“ შეთავაზების ისეთ პირობას, რომელთა განცალკევება დასაშვებია, მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდებისას, მათ შორის რეკლამაშიც, თუ რასაკვირველია, რეკლამა აგებულია იმგვარად, რომ მასში მოცემულია მომსახურების მიღების არსებითი პირობები;
2. მაგთის რეკლამაში შეთავაზებული მომსახურების პაკეტებიდან (5) არცერთთან დაკავშირებით, ზემოაღნიშნული არსებითი პირობები არაა მითითებული, არამედ მითითებულია ნომერი 60 00, სადაც დარეკვის შემდეგ დეტალური ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. რეკლამაში გამოყენებული სიტყვები: ,,ისაუბრეთ ...... თუნდაც 6 თეთრად“, ,,დაინტერესდით? დარეკეთ“, ცხადყოფს, რომ მხოლოდ აღნიშნულ ნომერზე დარეკვის შემდეგ არის შესაძლებელი სრული ინფორმაციის მიღება;
3. ის ფაქტი, რომ სხვა ქსელის აბონენტები მოკლებულნი არიან სატელეფონო ნომერზე - 60 00 დარეკვის შესაძლებლობას, ხოლო სხვა სატელეფონო ნომერი რეკლამაში მითითებული არ არის, არ შეიძლება განხილულ იქნას შპს ,,მაგთიკომის“ მხრიდან სხვა ქსელის აბონენტთა შეცდომაში შეყვანის მცდელობად. შპს ,,მაგთიკომის“ რეკლამა არ შეიძლება ჩაითვალოს არასათანადო რეკლამად, ვინაიდან სარეკლამო რგოლი ცხადყოფს, რომ კომპანიას ჰქონდა ნება ტარიფებთან დაკავშირებული ინფორმაცია, შეცდომაში შეყვანის გარეშე, მიეწოდებინა მომხმარებლებისათვის; ამასთანავე, რეკლამის მოსმენისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ შეთავაზებული პაკეტის შესახებ დეტალური, მათ შორის არსებითი პირობების შესახებ, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია, მხოლოდ სატელეფონო ნომერი - 60 00-ზე დარეკვით;
4. შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენლის მიერ მითითებული კომისიის 2010 წლის 24 სექტემბრის N451/18 გადაწყვეტილება შპს ,,ჯეოსელის“ სანქცირების შესახებ, არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც წინამდებარე გადაწყვეტილების პრეცენდენტული გადაწყვეტილება, ვინაიდან ამჯერად სახეზე არ არის შპს ,,მაგთიკომის“ მიერ არასათანადო რეკლამის გავრცელების ფაქტი, რასაც ადგილი ჰქონდა შპს ,,ჯეოსელის“ შემთხვევაში.
5. შპს ,,მაგთიკომის“ რეკლამით არ დარღვეულა რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა და შპს ,,ჯეოსელს“ უარი უნდა ეთქვას განცხადების დაკმაყოფილებაზე შპს ,,მაგთიკომის“ სანქცირებისა და მისთვის არასათანადო რეკლამის გავრცელების აკრძალვის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის, პირველი ნაწილის ,,ლ” პუნქტის, მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტისა და ,,რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ჯეოსელს“ უარი ეთქვას, შპს ,,მაგთიკომის“ სანქცირებისა და მისთვის არასათანადო რეკლამის გავრცელების აკრძალვის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,მაგთიკომისა“ და შპს ,,ჯეოსელისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
