წვდომის მენიუ

სს “სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N95 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 756 / 23

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2011

მიღების თარიღი დეკემბერი 09, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა (კომისიაში რეგისტრაციის №7/851-11, 01.12.2011წ.)  სს „სილქნეტმა“, კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N95 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, სს ”სილქნეტი” თმობს კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე მასზე მინიჭებული ნუმერაციის რესურსის ნაწილს და იტოვებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N95 ლიცენზიით გათვალისწინებული  ნუმერაციის რესურსიდან (სულ 1 000000 სააბონენტო ნომერი)  – 100 000   (ასი ათასი)  სააბონენტო ნომერს;

  სს ”სილქნეტის” ზემოაღნიშნულ განცხადებას თან ერთვის CD ელექტრონულ მატარებელზე დატანილი ნუმერაციის რესურსის განშლა, ლიცენზიის ნომრისა და შპს ”სილქნეტის” სარგებლობაში დასატოვებელი ნუმერაციის რესურსის აღწერით.     

                კომისია აღნიშნავს, რომ სს ”სილქნეტი” კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N95 ლიცენზიას, რომელიც მოდიფიცირდა კომისიის 2011 წლის 15 მარტის №123/2 გადაწყვეტილებით და განესაზღვრა შემდეგი სალიცენზიო პირობები :

”ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-8 (რვა-შვიდი-რვა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან  - 7-9-1 (შვიდი-ცხრა-ერთი) უსადენო შეღწევის სისტემის  ქსელებით, მათ შორის, ფი­ჭური პრინციპით მომუშავე ქსელებში ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელებში  აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბების იდენტიფიცი­რები­სა­თვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 23 თებერვლამდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”

    “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება; ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,  ლიცენზირებასთან  დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს ”სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით  სარგებლობის №N95 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის  მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2012 წლის 9 იანვრის 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე) ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების სს ”სილქნეტისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                  ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები