წვდომის მენიუ

შპს „ახტელისთვის“ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 759 / 16

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2011

მიღების თარიღი დეკემბერი 13, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (15.11.2011 N6/4904-11) მიმართა შპს „ახტელმა“, შპს „კავკასიის ციფრულ ქსელთან“ მოქმედი ურთიერთჩართვიდან გამომდინარე არსებული დავალიანების გამო შპს „კავკასიის ციფრულ ქსელთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიისგან თანხმობის მიღების მოთხოვნით.

შპს „ახტელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2002 წლის 1 ივნისს შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს „ახტელს“ შორის გაფორმდა ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რომლითაც რეგულირდება მხარეებს შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაციული, ტექნიკური და ფინანსური საკითხები. ამავე ხელშეკრულების 6.2 მუხლის შესაბამისად, ანგარიშსწორება მხარეებს შორის ხორციელდება შედარების აქტის საფუძველზე, საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული 2009 წლის 1 თებერვლიდან შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ შპს „ახტელის“ მიმართ წარმოეშვა ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება, რომელმაც 2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგინა - 22,910.91 ლარი, და რომელიც გადაუხდელობის გამო ყოველდღიურად იზრდება, შესაბამისად, განმცხადებელს მიაჩნია, რომ შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სისტემატურ შეუსრულებლობას.

მოთხოვნ:

კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მისცეს თანხმობა შპს „ახტელს“, შპს „კავკასიის ციფრულ ქსელთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე;

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 29 ნოემბრის N678/16 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ახტელისთვის“ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვა, შპს „ახტელის“ წარმომადგენელის შუამდგომლობის საფუძველზე, დაინიშნა 2011 წლის 13 დეკემბერს 16:00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 13 დეკემებრის სხდომას ესწრებოდნენ შპს „ახტელის“  უფლებამოსილი წარმომადგენელი ნოშრევან ჟღენტი და შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ნინო ხავთასი.

კომისიის სხდომაზე შპს „ახტელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მხარეებს შორის ვერ შედგა შეთანხმება დავალიანების გრაფიკთან დაკავშირებით და შესაბამისად, შპს „ახტელის“ წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა მოთხოვნას და კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა შპს „კავკასიის ცირფულ ქსელთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიღების  თაობაზე. 

შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს „ახტელის“ მიერ კომისიაში განცხადების შეტანის მომენტისთვის, შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დავალიანება შპს „ახტელის“ მიმართ შეადგენდა  22,910.91 ლარს, საიდანაც 14,405.00  ლარი იყო მიმდინარე დავალიანება, რომელიც დაიფარა 2011 წლის 24 ნოემბერს. დარჩენილი დავალიანება – 8,502.00 ლარი წარმოადგენს 2011 წლის ივნისის თვის მომსახურების სალდოს ნაწილს. 2011 წლის ივნისის თვის მთლიანი სალდო არის 11,502.00 ლარი. შპს „კავკასიის ციფრული ქსელების“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანიის მიერ დავალიანების დაფარვა ხორციელდება ეტაპობრივად, კერძოდ, უკვე გადახდილია 3000.00 ლარი და მიმდინარეობს დარჩენილი 8,502.00 ლარის გადახდა. 2011 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით გადახდილია კიდევ 1,500.00 ლარი და შესაბამისად, შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დავალიანება შპს „ახტელის“ მიმართ შეადგენს 7,002.57 ლარს. შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ სურდა შპს „ახტელთან“ დავალიანების დაფარვის გრაფიკზე შეთანხმება, მაგრამ კომპანიებს შორის აღნიშნული შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე–19 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ  კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახტელსა“ და შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება მხარეებს შორის 2002 წლის 1 ივნისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით, რომლის მოქმედების ვადაც საკითხის განხილვის ეტაპზე არ გამხდარა სადაო მხარეებს შორის.

კომისიას მიაჩნია, რომ ვინაიდან შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ შპს „ახტელის“ მიმართ ერიცხება მხარეებს შორის 2002 წლის 1 ივნისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აღიარებული დავალიანება 7,002.57 ლარის ოდენობით და მხარეებს შორის ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა დავალიანების დაფარვის გრაფიკთან დაკავშირებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ უნდა მიეცეს ვადა 2012 წლის  1 იანვრამდე, შპს „ახტელისთვის“, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური დავალიანების 7,002.57 ლარის დაფარვის მიზნით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მიერ აღნიშნულ ვადაში არ განხორციელდება დავალაინების დაფარვა,  შპს ,,ახტელს” უნდა მიეცეს თანხმობა შეაჩეროს  შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულება.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის   შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“, შპს „ახტელის“ მიმართ ურთიერთჩარვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების – 7,002.57 დასაფარად მიეცეს ვადა 2012 წლის 1 იანვრამდე;

2. შპს ,,კავკასიის ციფრული ” მიერ  წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტში აღნიშნული, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების  სრულად არ დაფარვის ან დავალიანების გაზრდის  შემთხვევაში,  შპს ,,ახტელს” მიეცეს თანხმობა შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელთან” მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე აღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ახტელისთვის” და შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელისთვის” გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ახტელისთვის” და შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელისთვის” ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ  დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

7.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-3 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილს).

კომისიის წევრები:                                                                            ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                                        კ.კვიტაიშვილი

                                                                                                                        ა.სიხარულიძე

                                                                                                                        ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები