არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფონდ ”ამაღლებისთვის” ნუმერაციის რესურსების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2011
მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (09.12.2011 №7/901-11) მიმართა ააიპ ფონდმა ”ამაღლებამ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის ნუმერაციის რესურსების მინიჭების მოთხოვნით.
ააიპ ფონდ ”ამაღლებას” ნუმერაციის რესურსები ესაჭიროება საქველმოქმედო მიზნებისათვის, კერძოდ აღნიშნულ ნუმერაციის რესურსზე განხორციელებული ზარები იქნება ფასიანი და შემოსული თანხები მიიმართება ეკლესია - მონასტრების განვითარებაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა დადგენილება №355 „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“; დებულების №2 დანართის შესაბამისად, დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, არაგეოგრაფიულ ნუმერაციის ზონაში განსაზღვრულია 901 XXX XXX ფორმატის ნუმერაციის რესურსი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით.
გამომდინარე იქედან, რომ ააიპ ფონდი ”ამაღლება” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსებით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კერძოდ, დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, საქველმოქმედო მიზნით შემოწირულობათა განსახორციელებლად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს ააიპ ფონდ ”ამაღლების” მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე მიანიჭოს ააიპ ფონდ ”ამაღლებას” ნუმერაციის რესურსები 901 700 339, 901 700 611 და 901 700 612, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ერთი წლის ვადით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნტის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №2 დანართის, ასევე მე-10 მუხლის დ. გ) და ე) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს, ააიპ ფონდ ”ამაღლებას” ნუმერაციის რესურსები - 901 700 339, 901 700 611 და 901 700 612 (ცხრა-ნული-ერთი-შვიდი-ნული-ნული-სამი-სამი-ცხრა, ცხრა-ნული-ერთი-შვიდი-ნული-ნული-ექვსი-ერთი-ერთი და ცხრა-ნული-ერთი-შვიდი-ნული-ნული-ექვსი-ერთი-ორი), დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, 2011 წლის 16 დეკემბრიდან, 2012 წლის 16 დეკემბრამდე;
2. ააიპ ფონდი ”ამაღლება” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსები გამოიყენოს დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, არაავტორიზებადი საქმიანობისათვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში ააიპ ფონდ ”ამაღლების” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც; ამ შემთხვევაში ააიპ ფონდ ”ამაღლებას” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ააიპ ფონდ ”ამაღლებისთვის” ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
