შპს “გ.ს.ი ტექნოლოგიის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N160 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2010 წლის 26 იანვრის № 42/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 30, 2011
მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა (კომისიაში რეგისტრაციის №7/898-11, 08.12.2011წ.) შპს “გ.ს.ი ტექნოლოგიამ”, კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N160 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ”გ.ს.ი ტექნოლოგია” თმობს კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე მასზე მინიჭებული ნუმერაციის რესურსის ნაწილს და იტოვებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N160 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსიდან (სულ 2 000 სააბონენტო ნომერი) – 1000 (ათასი) სააბონენტო ნომერს;
შპს “გ.ს.ი ტექნოლოგიის” ზემოაღნიშნულ განცხადებას თან ერთვის CD ელექტრონულ მატარებელზე დატანილი ნუმერაციის რესურსის განშლა, შპს “გ.ს.ი ტექნოლოგიის” სარგებლობაში დასატოვებელი ნუმერაციის რესურსის აღწერით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “გ.ს.ი ტექნოლოგია” კომისიის 2010 წლის 26 იანვრის №42/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N160 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
”ა) ნუმერაციის რესურსი: სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 160XXX-161XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 2160XXX-2161XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად; გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2020 წლის 26 იანვრამდე;
გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება; ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “გ.ს.ი ტექნოლოგიის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N160 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2010 წლის 26 იანვრის № 42/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2012 წლის 16 იანვრის 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე) ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “გ.ს.ი ტექნოლოგიისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
