შპს “ახალი ქსელებისა“ და ინდ. მეწარმე “რომან გოგობერიშვილის“ ერთობლივი განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2011
მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2011 წლის 11 ოქტომბერს ერთობლივი განცხადებით მიმართა შპს “ახალმა ქსელებმა“ და ინდ. მეწარმე “რომან გოგობერიშვილმა“, ინდ. მეწარმე “რომან გოგობერიშვილის“ კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N159 ლიცენზიის (ქ. ქუთაისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2136XX 2137XX) და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N161 ლიცენზიის (ქ. ქუთაისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2270XX 2277XX) შპს “ახალი ქსელებისათვის“ გადაპირებაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე; შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული ქმედების განსახორციელებლად კომისიაში წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ახალი ქსელების“ მიერ 2011 წლის 26 ოქტომბერს №607 წერილის მიხედვით წარმოდგენილი დამფუძნებლების სია განსხვავდება კომისიაში, კერძოდ, ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში არსებული ინფორმაციისაგან; კერძოდ, მოწოდებული ინფორმაციით, შპს “ახალი ქსელების“ პარტნიორები არიან: ფიზიკური პირი ავთანდილ იაშვილი (წილის 33,18%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი ვახტანგ ამაშუკელი (წილის 0,64%-ს მფლობელი), ფიზიკური პირი ლილი სუხიტაშვილი (წილის 4,16%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი ნაირა კვესელავა (წილის 1,6%-ის მფლობელი), შპს “მეკავშირე-97“ (წილის 3,68%-ის მფლობელი), შპს “Alfasistem Tranzit Corp“ (წილის 45,74%-ის მფლობელი), შპს “სისტემ ნეტი“ (წილის 10%-ის მფლობელი), შპს “კონტაქტი XXI“ (წილის 1%-ის მფლობელი).
კომისიაში არსებული ინფორმაციით შპს “ახალი ქსელების“ პარტნიორებს წარმოადგენენ: ფიზიკური პირი ავთანდილ იაშვილი (წილის 33,18%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი ვახტანგ ამაშუკელი (წილის 0,64%-ს მფლობელი), ფიზიკური პირი ლილი სუხიტაშვილი (წილის 4,16%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი ნაირა კვესელავა (წილის 1,6%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი მარინა იაშვილი (წილის 0,25%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი თეიმურაზ ღოღობერიძე (წილის 0,25%-ის მფლობელი), შპს “მეკავშირე-97“ (წილის 3,68%-ის მფლობელი), შპს “Alfasistem Tranzit Corp“ (წილის 46,24%-ის მფლობელი), შპს “სისტემ ნეტი“ (წილის 10%-ის მფლობელი).
ასევე, შპს “ახალმა ქსელებისა“ და ინდ. მეწარმე “რომან გოგობერიშვილის“ 2011 წლის 11 ოქტომბრის ერთობლივი განცხადებით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “ახალი ქსელების“ პარტნიორების მონაწილეობა სხვა კომპანიებში შემდეგი სახისაა: ფიზიკური პირი ავთანდილ იაშვილი არის შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის 25%-ის, შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ 14,3%-ის, შპს “ბოლნისის ახალი ქსელების“ 28%-ის, შპს “ივერია ქსელის“ 32,7%-ის, შპს “სისტემნეტის“ 29,35%-ის და შპს “ლიბერნეტის“ 40%-ის მფლობელი; ფიზიკური პირი ვახტანგ ამაშუკელი არის შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ 0,6%-ის მფლობელი; ფიზიკური პირი ლილი სუხიტაშვილი არის შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ 3,4%-ის და შპს “სისტემნეტის“ 2,09%-ის მფლობელი; ფიზიკური პირი ნაირა კვესელავა არის შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ 1,4%-ის, შპს ტელერადიოკომპანია “ევრიკას“ 14%-ის და შპს “სისტემნეტის“ 7,78%-ის მფლობელი; შპს “სისტემ ნეტი“ არის შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ 50%-ის, შპს “პელიკომის 30%-ის, შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 49% წილის მფლობელი. შპს “ახალი ქსელები“ არის შპს “ახტელის“ 100% წილის მფლობელი
მოწოდებული ინფორმაციით (შპს “ახალი ქსელების“ და ინდ. მეწარმე რომან გოგობერიშვილის“ 2011 წლის 11 ოქტომბრის ერთობლივი განცხადება, შპს ახალი ქსელების წერილი №607 26.10.2011), შეუძლებელი გახდა შპს “მეკავშირე 97“-ს, შპს “Alfasistem Tranzit Corp“-ს დამფუძნებლების/მაკონტროლებელი პირების დადგენა; აგრეთვე, ფიზიკური პირების - თეიმურაზ ღოღობერიძის და მარინა იაშვილის შესახებ ინფორმაციის მიღება; ასევე შეუძლებელი გახდა დადგინილიყო ნათესაური კავშირი დამფუძნებელ/მაკონტროლებელ ფიზიკურ პირებს შორის. შესაბამისად, კომისია მოკლებული იყო შესაძლებლობას დაედგინა ურთიერთდამოკიდებუ-ლება/აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 პუნქტის შესაბამისად.
კომისიამ 2011 წლის 4 ნოემბრის № 597/22 გადაწყვეტილებით შპს “ახალ ქსელებს“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის საფუძველზე, განუსაზღვრა დამატებითი ვადა, 15 სამუშაო დღე, შემდეგი ინფორმაციის წარმოსადგენად:
ა) კომპანიის დამფუძნებლების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია;
ბ) ინფორმაცია შპს „ახალ ქსელებთან“ ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების შესახებ;
გ) ინფორმაცია შპს “მეკავშირე 97“-ის, შპს Alfasistem Tranzit Corp“-ის, ფიზიკური პირების თეიმურაზ ღოღობერიძის და მარინა იაშვილის ურთიერთდამოკიდებულების/ აფილირებულობის შესახებ სხვა ავტორიზებულ პირებთან;
დ) ინფორმაცია შპს “ახალი ქსელების“ დამფუძნებელთა და ურთიერთდამოკიდებულ პირთა ნათესაური კავშირის შესახებ;
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად შპს “ახალი ქსელების“ მიერ 2011 წლის 24 ნოემბრის №653 წერილით წარმოდგენილი იქნა შემდეგი ინფორმაცია:
- შპს „მეკავშირე 97“-ის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- ინფორმაცია თეიმურაზ ღოღობერიძის მეუღლის ქალბატონ ლილი სუხიტაშვილის შპს “ახალ ქსელებში“ წილის ფლობის შესახებ;
- ინფორმაცია ავთანდილ იაშვილის მეუღლის ქალბატონ მარინა იაშვილის შპს “ახალ ქსელებში“ წილის ფლობის შესახებ;
ამავე წერილის თანახმად, შპს “Alfasistem Tranzit Corp“-ის, რომელიც შპს “ახალი ქსელების“ წილის 46,24%-ის მფლობელია, დამფუძნებლების შესახებ ინფორმაცია კომპანიას არ გააჩნია.
ამასთან, “ახალი ქსელების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ 2011 წლის 24 ნოემბრის №653 წერილში ფიქსირდება რიგი უზუსტობა, კერძოდ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქალბატონ მარინა იაშვილის წილი შპს “ახალ ქსელებში“ შეადგენს 0,25%-ს და არა 0,5%-ს, ხოლო შპს Alfasistem Tranzit Corp“-ის წილი შპს “ახალ ქსელებში“ შეადგენს 46,24%-ს და არა 45,738%-ს, როგორც წერილშია აღნიშნული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს “ახალი ქსელების“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არ იძლევა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 პუნქტის შესაბამისად ურთიერთდამოკიდებულების/აფილირებულობის დადგენის შესაძლებლობას;
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს შპს “ახალი ქსელების“ და ინდ. მეწარმე “რომან გოგობერიშვილის“ 2011 წლის 11 ოქტომბრის ერთობლივი განცხადება ინდ. მეწარმე “რომან გოგობერიშვილის“ კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N159 (ქ. ქუთაისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2136XX 2137XX) და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N161 (ქ. ქუთაისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 2270XX 2277XX) ლიცენზიების შპს “ახალი ქსელებისათვის“ გადაპირებაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების შესახებ;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ახალი ქსელებისა“ და ინდ. მეწარმე “რომან გოგობერიშვილისათვის“ ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
