შპს ,,ახალი ქსელებისთვის” შპს ,,მაიფონთან” მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2011
მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2011
2011 წლის 2 დეკემბერს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში კომისია) განცხადებით მიმართა შპს ,,ახალმა ქსელებმა“ და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოითხოვა შპს ,,მაიფონთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე კომისიის თანხმობა იმ საფუძვლით, რომ შპს ,,მაიფონს” მის მიმართ ერიცხება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური დავალიანება.
შპს ,,ახალი ქსელების“ განცხადებით, შპს ,,მაიფონის” მხრიდან არაჯეროვნად სრულდება მხარეებს შორის 2010 წლის 16 მარტს დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რაც გამოიხატება იმაში, რომ შპს ,,მაიფონი” არ იხდის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე წარმოშობილ ფინანსურ დავალიანებას, რაც 2011 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 16.073,23 (თექვსმეტი ათას სამოცდაცამეტი ლარი და ოცდასამი თეთრი) ლარს.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახალი ქსელების“ განცხადების საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ახალი ქსელებისთვის“ შპს ,,მაიფონთან” 2010 წლის 16 მარტს დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 16 დეკემბერს, რის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ინტერნეტ ვებ-გვერდზე და წერილობითი შეტყობინებით ეცნობათ შპს ,,ახალ ქსელებსა” და შპს ,,მაიფონს”. შეტყობინებასთან ერთად შპს ,,მაიფონს” შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით გადაეგზავნა შპს ,,ახალი ქსელების” განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 16 დეკემბერს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,ახალი ქსელების” წარმომადგენელი ნ.ჟღენტი და შპს ,,მაიფონის” წარმომადგენლები: შპს ,,მაიფონის” დირექტორი ქ.ჩლაიძე და ნ.კობახიძე.
კომისიის სხდომაზე, შპს ,,მაიფონის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია აღიარებს მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისთვის გაწეული მომსახურებისათვის ფინანსურ ვალდებულებებს შპს ,,ახალი ქსელების” მიმართ და განმარტა, რომ დავალიანება არის ბოლო 3 თვის განმავლობაში წარმოქმნილი, ვინაიდან შპს ,,ახალ ქსელებს” ჰქონდა შპს ,,მაიფონის” დავალიანება და არ იხდიდა დავალიანებას, შპს ,,მაიფონიც” იძულებული იყო არ გადაეხადა მისთვის გაწეული მომსახურებისათვის თანხა, რომელიც ნელ–ნელა დაგროვდა და დღეის მდგომარეობით თავად აქვთ დავალიანება შპს ,,ახალი ქსელების” მიმართ და შეთანხმების თანახმად, მათ თვის ბოლომდე უნდა გადაიხადონ ეს დავალიანება, რომლის ნაწილიც უკვე გადაიხადეს და დაამატა, რომ 12,000.00 ლარამდე არის დარჩენილი და კვლავ მოითხოვა ამ თანხის დასაფარად ვადა მიმდინარე თვის ბოლომდე.
კომისიის სხდომაზე, შპს ,,ახალი ქსელების” წარმომადგენელმა (ნ.ჟღენტი) მხარი დაუჭირა კომისიაში წარდგენილ განცხადებას და მოითხოვა შპს ,,მაიფონთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა, შპს ,,მაიფონის” მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. მან, ასევე განმარტა, რომ შპს ,,ახალ ქსელებს” შპს „მაიფონის“ დავალიანება არ ჰქონდა, სადაო 16,073.23 (თექვსმეტი ათას სამოცდაცამეტი ლარი და ოცდასამი თეთრი) ლარიანი დავალიანება წარმოიშვა მ/წლის აგვისტოს თვიდან 01 ნოემბრამდე პერიოდში. მოთხოვნის მიუხედავად, კომისიაში განცხადების შემოტანამდე შპს ,,მაიფონი” არ იხდიდა დავალიანებას, ხოლო განცხადების შემოტანის შემდეგ დაიწყო დავალიანების დაფარვა.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისიამ გამოარკვია შემდეგი გარემოებები:
1. შპს ,,ახალ ქსელებსა” და შპს ,,მაიფონს” შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება მხარეებს შორის 2010 წლის 16 მარტს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით, რომელიც დღეის მდგომარეობით მოქმედ ხელშეკრულებას წარმოადგენს და მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ ხელშეკრულების მოქმედების ვადის საკითხი;
2. შპს ,,ახალ ქსელებსა” და შპს ,,მაიფონს” შორის გაწეული მომსახურების მონაცემთა (მომსახურების სახე, ინფორმაცია ტრაფიკის შესახებ, თანხა) შედარების შესაბამისად, შპს ,,მაიფონს” 2011 წლის 31 აგვისტოდან შპს ,,ახალი ქსელების” მიმართ წარმოეშვა დავალიანება, რომელიც 2011 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 16,073.23 (თექვსმეტი ათას სამოცდაცამეტი ლარი და ოცდასამი თეთრი) ლარს;
3. შპს ,,მაიფონი” აღიარებს მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისთვის გაწეული მომსახურებისათვის ფინანსურ ვალდებულებებს შპს ,,ახალი ქსელების” მიმართ 12000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით;
4. მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 6.2. და 6.4 პუნქტების შესაბამისად, შპს ,,ახალ ქსელებსა” და შპს ,,მაიფონს” შორის გაწეული მომსახურებისათვის ანგარიშსწორება ხორციელდება ერთობლივი საოქმო გადაწყვეტილების მიღებით, ხოლო ანგარიშსწორება ხდება მხარეთა შორის შემოსავლების შესახებ საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე მომდევნო თვის 25 რიცხვამდე;
5. მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 3.1.5. პუნქტის თანახმად, ქსელების ურთიერთჩართვამდე, შპს ,,მაიფონი” ვალდებულია შპს ,,ახალ ქსელებს” წარუდგინოს ერთწლიანი საბანკო გარანტია 2000 (ორი ათასი) ლარზე, როგორც ურთიერთჩართვის მსურველის გადახდის ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალება. იმ შემთხვევაში თუ შპს ,,მაიფონის” მიერ შპს ,,ახალი ქსელებისათვის” გადასახდელი თანხა გადააჭარბებს 2000 (ორი ათასი) ლარს და ურთიერთჩართვის მსურველი ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ განახორციელებს შესაბამის გადახდას, შპს ,,ახალი ქსელები” უფლებამოსილია შპს ,,მაიფონს” შეუწყვიტოს მომსახურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღიარებულია და უდავოა მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შპს ,,მაიფონის” მიერ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებები შპს ,,ახალი ქსელების” მიმართ 12000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ახალი ქსელების” მოთხოვნა შპს ,,მაიფონთან” მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ახალ ქსელებთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად, კერძოდ, 12000 (თორმეტი ათასი) ლარის დასაფარად, შპს ,,მაიფონს” მიეცეს ვადა წინამდებარე გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღე;
2. შპს ,,მაიფონის” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტში აღნიშნული, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულების სრულად არ დაფარვის ან დავალიანების გაზრდის შემთხვევაში, შპს ,,ახალ ქსელებს” მიეცეს თანხმობა შპს ,,მაიფონთან” მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე დავალიანების სრულად დაფარვამდე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მაიფონისთვის” და შპს ,,ახალი ქსელებისთვის”;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში, გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მაიფონისთვის” და შპს ,,ახალი ქსელისთვის” ჩაბარებიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-3 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
