შპს ,,რადიო არტის“ სანქცირების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 28, 2011
მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.
2011 წლის 4 მაისს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (01.12.2011 N10/1155-11) შპს „რადიო არტის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის თაობაზე. კერძოდ, სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „რადიო არტის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2011 წლის 14 იანვარს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, 100%-იანი წილის მფლობელი ვლადიმერ იმნაიშვილის ნაცვლად 50%-იანი წილის მფლობელი გახდა მამუკა ხაზარაძე და 50%-იანი წილის მფლობელი ბობ მეიერი; გარდა ამისა 2011 წლის 10 აგვისტოს მიხეილ ასლამაზიშვილის ნაცვლად, დირექტორად დაინიშნა ლევან ახვლედიანი. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათს დართული აქვს შპს ,,რადიო არტის“ დირექტორის ლევან ახვლედიანის წერილი, (30.11.11 N6/5167-11) რომლის საფუძველზე გახდა კომისიისათვის ცნობილი, ლიცენზიის მფლობელი პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2011 წლის 09 დეკემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, შპს ,,რადიო არტის“ სანქცირების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 16 დეკემბერს, რის თაობაზეც შპს ,,რადიო არტს” ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2011 წლის 16 დეკემბრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „რადიო არტის“ დირექტორი ეკატერინე ჯაოშვილი. შპს ,,რადიო არტის“ დირექტორმა აღიარა დარღვევის ფაქტი.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (01.12.2011 N10/1155-11);
2. შპს ,,რადიო არტის“ დირექტორის ლევან ახვლედიანის წერილი (30.11.11 N6/5167-11);
3. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ლიცენზიის მფლობელ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;
4. შპს „რადიო არტის“ დირექტორის ეკატერინე ჯაოშვილის ახსნა-განმარტება გაკეთებული 2011 წლის 16 დეკემბრის კომისიის სხდომაზე;
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,რადიო არტი” წარმოადგენს კერძო მაუწყებლობის NB52 ლიცენზიის მფლობელს, რომელსაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ეკისრება ვალდებულება კომისიას წარმოუდგინოს ინფორმაცია კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე, აღნიშნული ცვლილებების განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;
2. შპს ,,რადიო არტის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2011 წლის 14 იანვარს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, 100%-იანი წილის მფლობელი ვლადიმერ იმნაიშვილის ნაცვლად, 50%-იანი წილის მფლობელი გახდა მამუკა ხაზარაძე და 50%-იანი წილის მფლობელი კი ბობ მეიერი; გარდა ამისა, 2011 წლის 10 აგვისტოს შპს ,,რადიო არტის“ დირექტორის მიხეილ ასლამაზიშვილის ნაცვლად, დირექტორად დაინიშნა ლევან ახვლედიანი. შპს „რადიო არტის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ზემოაღნიშნული ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია და ცვლილებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან) შპს „რადიო არტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2011 წლის 30 ნოემბერს.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში.
ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე;
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველ პუნქტში ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე, 62-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებდა ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებას წერილობით ეცნობებინა კომისიისთვის ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა. ამდენად, ლიცენზიის მფლობელი პირის დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილების შესახებ, ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენის 10 დღიან ვადას, ითვალისწინებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, როგორც ძველი, ისე ახალი რედაქცია.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. გამომდინარე იქიდან, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 19 აპრილის №4546-Iს საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს აღნიშნული ნორმატიული აქტისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს და ამავე დროს, შპს ,,რადიო არტის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი ჩადენილი იქნა იმ პერიოდში, როდესაც მოქმედებდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის ძველი რედაქცია, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „რადიო არტის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის ფაქტის დაკვალიფიცირება უნდა განხორციელდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებდა ცვლილებების ძალაში შესვლამდე (2011 წლის 5 მაისამდე);
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი წერილობით გააფრთხილოს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „რადიო არტის“ მიერ დარღვეული იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ ამ უკანასკნელის მიერ, კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია კომისიაში წარმოდგენილი იქნა თითქმის 11 თვის დაგვიანებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „რადიო არტის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გაფრთხილდეს შპს „რადიო არტი“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „რადიო არტისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „რადიო არტისათვის“ ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
