შპს ,,მაგთიკომის“ სანქცირების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2012
მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს კომისია, კომისია ადგენს მომსახურების გაწევის ხარისხს და უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ხარისხის დაცვაზე ზედამხედველობას.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2011 წლის 8 დეკემბერს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 08 დეკემბრის N10/1214-11 სამსახურებრივი ბარათი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, რომლის შესაბამისად, ირკვევა, რომ შპს ,,მაგთიკომმა“, 2011 წლის 21 ნოემბრის N6/5061-11 წერილით, აცნობა კომისიას შპს ,,მაგთიკომის“ ბრენდ ,,ბანის“ გააქტიურებული ტარიფი ,,ზეროთი“ მომსახურების პირობებში ცვლილებების თაობაზე, კერძოდ იმის შესახებ, რომ 2011 წლის 21 ნოემბრიდან ,,ბანის“ ბრენდში ,,ზეროს“ 0-თეთრიანი ტარიფით სარგებლობისას ზარის მაქსიმალური ხანგრძლივობა განისაზღვრა 30 წუთით (აღნიშნული ტარიფით სარგებლობისას ზარის ხანგრძლივობა, ცვლილების განხორციელებამდე, არ იყო შეზღუდული და დამოკიდებული იყო მომხმარებლის ნებაზე). აღნიშნული პირობა გამოქვეყნდა კომპანიის ვებ გვერდზე, თუმცა ტარიფი ,,ზეროს“ სატელევიზიო რეკლამირებისას, ზარის მაქსიმალური ხანგრძლივობის თაობაზე ინფორმაცია, რაც კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მოსაზრებით მომსახურების არსებითი პირობაა, მომხმარებელს არ მიეწოდება, რითაც ირღვევა მოქმედი კანონმდებლობა.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, 2011 წლის 9 დეკემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მაგთიკომის“ სანქცირების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებით ეცნობა შპს „მაგთიკომს“ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2011 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე. საკითხის განხილვას ესწრებოდა შპს ,,მაგთიკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი დავით ძიძიგური, რომელმაც განაცხადა, რომ ტარიფ „ზეროს“ ახლავს დამატებითი პირობები, რომლის შესახებაც ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ გვერდზე. რეკლამა არ მიუთითებს არანაირ ქმედებაზე, რაც უნდა განახორციელოს აბონენტმა „ზეროში“ ჩასართავად, მითითებულია ფიქსირებული ქსელის ნომერი, სადაც დარეკვის შემთხვევაში აბონენტი მიიღებს ინფორმაციას ყველა პირობის თაობაზე. შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლის განცხადებით, რეკლამას ჰყავს 2 ადრესატი: ერთი – ვისაც ჩართული აქვს ტარიფი „ზერო“ და მეორე – ვინც 31 დეკემბრამდე ჩაერთვება ტარიფ „ზეროში“. რეკლამაში გაჟღერებულია, რომ ვისაც ჩართული აქვს, მას შეუნარჩუნდება ტარიფი ,,ზეროს“ პირობები მომავალში, ხოლო ვისაც სურვილი აქვს მიიღოს ტარიფი ,,ზეროს“ მომსახურების პირობები, მან უნდა აირჩიოს აღნიშნული ტარიფი 31 დეკემბრამდე. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ტარიფი „ზეროში“ ცვლილებები ძალაში შევიდა მ/წლის 21 ნოემბერს, ამის შესახებ ინფორმაცია შპს „მაგთიკომის“ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა 2011 წლის 04 ნოემბერს, ანუ კანონით დადგენილ 10 სამუშაო დღეზე უფრო ადრე; 04 ნოემბერს დაეგზავნათ შეტყობინებები აბონენტებს, რომელშიც საუბარი იყო შემდეგ ცვლილებებზე: ა) ზარის მაქსიმალური ხანგრძლივობა იქნებოდა 30 წუთი; ბ) ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აბონენტებს ექნებოდათ საშუალება ესარგებლათ როუმინგული მომსახურებით; რაც შეეხება აბონენტებს, რომლებსაც გაუჩნდებათ სურვილი, ჩაერთონ ტარიფ ,,ზეროში“ 31 დეკემბრამდე, მათ უნდა აკრიფონ სპეციალური ნომერი #000, რის შემდეგაც ირთვება საინფორმაციო სამსახური, რომლის დროსაც აბონენტი ეცნობა ყველა პირობას, რომელიც დაკავშირებულია ამ ტარიფთან, მათ შორის ზარის ღირებულებას სხვა ქსელების მიმართულებით, აგრეთვე იმას, რომ ზარის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 30 წუთს. შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლის განცხადებით, აბონენტს აღნიშნული ტარიფი ჩაერთვება მხოლოდ ამ ინფორმაციის მოსმენის და დადასტურების შემდგომ. თუ აბონენტს პირობა არ მოეწონება, ნებისმიერ დროს შეუძლია გათიშოს ზარი, არ შეასრულოს მომდევნო აქტივობები და მას არ გაუაქტიურდება ეს ტარიფი. შპს ,,მაგთიკომის წარმომადგენელმა, ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ როდესაც 1 წლის წინ განიხილებოდა შპს „მაგთიკომის“ საკითხი გრანდიოზული ფასდაკლების რეკლამასთან დაკავშირებით, იქ იყო სტატისტიკური მონაცემები, რომ ზარების უდიდესი ნაწილის ხანგრძლივობა იყო 1 წუთზე ნაკლები მთლიან ქსელში. მან დასძინა, რომ ამჟამადაც, ზარების უდიდესი ნაწილი არის 1 წუთზე ნაკლები, ამდენად, მისი აზრით, 30 წუთამდე ზარის ხანგრძლივობის შეზღუდვა არ შეიძლება ჩაითვალოს ისეთ პირობად, რომელიც არსებით გავლენას მოახდენს აბონენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე, ჩაერთოს თუ არა იგი ტარიფ „ზეროში“. თუმცა, ამასთან, შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლის განცხადებით, ეს ნამდვილად არის პირობა, რომელიც აბონენტს უნდა მიეწოდოს და მიეწოდება კიდეც, როგორც სმს-ის, ისე ვებ-გვერდის საშუალებით.
კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 08 დეკემბრის N10/1214-11 სამსახურებრივი ბარათი;
2. შპს ,,მაგთიკომის“ 2011 წლის 21 ნოემბრის N6/5061-11 წერილი;
3. შპს ,,მაგთიკომის“ მიერ სატელევიზიო არხებზე განთავსებული სარეკლამო რგოლის ჩანაწერი CD-ზე;
4. მონაცემები ,,ბანის“ ვებ-გვერდიდან (www.bani.ge)
5. შპს ,,მაგთიკომის“ 2011 წლის 14 დეკემბრის N6/5334-11 წერილი;
6. 2011 წლის 16 დეკემბრის კომისიის სხდომაზე შპს ,,მაგთიკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის დავით ძიძიგურის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;
კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს მობილურ საკომუნიკაციო მომსახურებას; შპს ,,მაგთიკომი“ თავის აბონენტებს მომსახურებას უწევს სხვადასხვა ბრენდების, მათ შორის ბრენდი ,,ბანის“ მეშვეობით;
2. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი იქნა შპს ,,მაგთიკომის“ ბრენდი ,,ბანის“ სატარიფო პაკეტი ,,ზეროს“ რეკლამა, განთავსებული სატელევიზიო არხზე - ,,რუსთავი 2“, 2011 წლის 24 ნოემბერს;
3. ბრენდი ,,ბანის“ სატარიფო პაკეტ ,,ზეროს“ რეკლამა იძლევა ინფორმაციას, რომ 2011 წლის 31 დეკემბრამდე ,,ზეროში“ ჩართულ აბონენტს ექნება საშუალება ესაუბროს საქართველოში ყველაზე მეტ აბონენტს 0 თეთრად და ეს პირობები შეუნარჩუნდებათ მომავალში. ეკრანზე ჩნდება წერილობითი ინფორმაცია, რომ ზარის წამოწყების ფასი შეადგენს 5 თეთრს, ასევე მითითებულია სატელეფონო ნომერი 0322 17 00 00 - ინფორმაციის მისაღებად;
4. შპს ,,მაგთიკომმა“ 2011 წლის 21 ნოემბრის N6/5061-11 წერილით აცნობა კომისიას ,,ბანის“ მომსახურებაში ცვლილების თაობაზე, კერძოდ, იმის შესახებ, რომ 2011 წლის 21 ნოემბრიდან ბრენდი ,,ბანის“ სატარიფო პაკეტ ,,ზეროს“ 0-თეთრიანი ტარიფით სარგებლობისას, ზარის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეიზღუდა 30 წუთით;
5. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ CD-ზე ჩანს, რომ რეკლამა ჩაწერილია 2011 წლის 24 ნოემბერს, სატელევიზიო არხი ,,რუსთავი 2“-ს ეთერიდან, მას შემდეგ, რაც შეიცვალა ტარიფი ,,ზეროს“ მომსახურების პირობა და ზარის მაქსიმალურმა ხანგრძლივობამ შეადგინა 30 წუთი;
6. ტარიფი ,,ზეროს“ რეკლამაში არ არის გაჟღერებული ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ 0 თეთრიანი ზარის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს;
გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
2. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასათანადო რეკლამას წარმოადგენს არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
3. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად შეცდომაში შემყვანი რეკლამა არის რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს (რეკლამის მწარმოებელს, რეკლამის გამავრცელებელს) განზრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის მომხმარებელი და რომელსაც შეუძლია დააზიანოს კონკურენტი;
4. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, რეკლამის დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სარეკლამო ინფორმაციის წყაროს მისი შემდგომი წარმოების, განთავსებისა და გავრცელებისთვის;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ხარისხიანი მომსახურების უწყვეტი და შეუფერხებელი მიწოდება; ამავე დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ღ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ხარისხიანი მომსახურება არის მომხმარებლებისათვის გაწეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, რომელიც შეესაბამება მოქმედ ტექნიკურ ნორმებს, ხელშეკრულების პირობებს, აგრეთვე ინფორმაციას (რეკლამას) მომსახურების შესახებ;
კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,მაგთიკომის“ ბრენდი ,,ბანის“ სატარიფო პაკეტ ,,ზეროს“ მომსახურების არსებითი პირობებია: 1. ზარის ღირებულება - 0 თეთრი; 2. ზარის წამოწყების ღირებულება - 5 თეთრი; 3. ზარის მაქსიმალური ხანგრძლივობა - 30 წუთი. აღნიშნული პირობები წარმოადგენს შპს ,,მაგთიკომის“ შეთავაზების ისეთ არსებით პირობებს, რომელთა განცალკევება დაუშვებელია, მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდებისას, მათ შორის რეკლამაში, თუ რეკლამა აგებულია იმგვარად, რომ მასში მოცემულია მომსახურების მიღების თუნდაც ერთ-ერთი არსებითი პირობა; სადაო სარეკლამო რგოლი იძლევა ინფორმაციას, ზარის საფასურისა და ზარის წამოწყების ღირებულების შესახებ, თუმცა აღნიშნული ტარიფით მიღებული მომსახურების ხანგრძლივობის შესახებ რეკლამაში არაფერია ნათქვამი.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ, ტელევიზიით გავრცელებული „ბანის“ ბრენდის სატარიფო პაკეტ ,,ზეროს“ რეკლამა უდაოდ წარმოადგენს არასათანადო - შეცდომაში შემყვან რეკლამას, ვინაიდან მომსახურების ერთ-ერთი მთავარი პირობა არ არის მითითებული რეკლამაში, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი. გასათვალისწინებელია, რომ მომსახურების არსებითი პირობის შეცვლის თაობაზე, არა მხოლოდ რეკლამაში უნდა ყოფილიყო მითითებული, არამედ მომსახურების მიმწოდებელი, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ვალდებული იყო მომხმარებლისათვის ინდივიდუალური შეტყობინებითაც მიეწოდოებინა ინფორმაცია, მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის მომხმარებელზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,მაგთიკომის“ ბრენდი ,,ბანის“ სატარიფო პაკეტ ,,ზეროში“ იმგვარი ცვლილება, რაც გულისხმობს, ამ ტარიფით განხორციელებული ზარის მაქსიმალური ხანგრძლივობის შეზღუდვას 30 წუთით, წარმოადგენს მომსახურების ერთ-ერთ მთავარ არსებით პირობას და მისი რეკლამაში არ ასახვით შეცდომაში შედის მომხმარებელი, რომელსაც სატელეფონო საუბრისას 30 წუთში მოულოდნელად ეთიშება ზარი.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“, როგორც ავტორიზებული პირის მიერ, დარღვეული იქნა საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, აღნიშნული კი, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლიდან გამომდინარე წარმოადგენს პასუხისმგებლობის საფუძველს.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომს“ უნდა მიეცეს გაფრთხილება, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისადაც, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომს“ უნდა დაევალოს ტელევიზიით გავრცელებული სატარიფო პაკეტ ,,ზეროს“ სარეკლამო რგოლის შეჩერება ან/და მისი კორექტირება, იმგვარად, რომ მასში ასახული იყოს აღნიშნული მომსახურების პირობებთან დაკავშირებული არსებითი ინფორმაცია და მომხმარებლისთვის გასაგები იყოს ტარიფი „ზეროს“ არჩევის შემთხვევაში, აღნიშნული ტარიფით სარგებლობის არსებითი პირობა - ამ ტარიფის მომსახურების მიღების ხანგრძლივობა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-6, მე-8 პუნქტების, მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-20 მუხლის, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს „მაგთიკომს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა“ 7 კალენდარული დღის ვადაში ბრენდი „ბანის“ ,,ზეროს“ რეკლამის ტელევიზიით გადაცემის შეჩერება ან ზემოაღნიშნული რეკლამის კორექტირება იმგვარად, რომ მასში ასახული იყოს აღნიშნული მომსახურების პირობებთან დაკავშირებული არა შეცდომაში შემყვანი, რეალური და სანდო ინფორმაცია;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაგზავნა შპს ,,მაგთიკომისთვის”;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
