წვდომის მენიუ

შპს ,,სუპერ ტვ”-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 786 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2011

მიღების თარიღი დეკემბერი 21, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

 კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2011 წლის 13 დეკემბერს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 13 დეკემბრის №10/1399-11 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა  (გ. რატიშვილი, მ.აროშიძე) მიერ 2011 წლის 5 დეკემბერს შპს ,,სუპერ ტვ”-ის  მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №49, რომელთა თანახმად, ირკვევა, რომ შპს ,,სუპერ ტვ” თავის ქსელში სამაუწყებლო არხებს გადასცემდა არამართლზომიერად, ამ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მოპოვების გარეშე.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (13.12.2011, №10/1399-11) საფუძველზე,  ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2011 წლის 14 დეკემბერს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სუპერ ტვ”-ის სანქცირების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 21 დეკემბერსს. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,სუპერ ტვ”-ის ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 15 დეკემბრის N10/1347-11 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,სუპერ ტვ“-მ 2011 წლის 14 დეკემბერს N6/5314-11 წერილით კომისიაში წარმოადგინა სამაუწყებლო არხების: ,,Inter+”-სა და ,,TV-5 monde”-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების დამადასტურებელი ხელშეკრულებები.

2011 წლის 20 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა შპს ,,სუპერ ტვ“-ის N6/5478-11 წერილი, რომლის თანახმად, შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიაჩნია, რომ კომისია, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს, შპს ,,სუპერ ტვ“ უნებართვოდ გადასცემდა თუ არა რომელიმე სატელევიზიო არხს და მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

2011 წლის 21 დეკემბრის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,სუპერ ტვ”-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი. გამომდინარე იქედან, რომ ,,სუპერ ტვ“-სათვის ცნობილი იყო საკითხის განხილვის თარიღისა და სხდომის გამართვის დროის შესახებ, ხოლო შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე კომისიაში არ შემოსულა, კომისია უფლებამოსილი იყო შპს ,,სუპერ ტვ“-ის დაუსწრებლად განეხილა საკითხი.

2011 წლის 21 დეკემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა, მოწმის სახით დაბარებული, სასტუმრო ,,თბილისი მერიოტის“ ტექნიკური დირექტორი გოჩა თეთრუაშვილი, რომელიც ესწრებოდა 2011 წლის 05 დეკემბერს სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში“ ჩატარებულ შემოწმებას. მოწმემ განაცხადა, რომ იგი ესწრებოდა 2011 წლის 05 დეკემბრის შემოწმებას, რომელიც განხორციელდა სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში“; მან დამატებით აღნიშნა, რომ სასტუმრო ,,თბილისი მერიოტსა“ და შპს ,,სუპერ ტვ“-ს შორის 2011 წლის 1 ნოემბერს  გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად სასტუმრო ,,თბილისი მერიოტი“ ღებულობს სატელევიზიო არხების პაკეტს შპს ,,სუპერ ტვ“-საგან. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ  გარდა ,,სუპერ ტვ“-სა სასტუმრო ,,თბილისი მერიოტი“ მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას არ იღებს სხვა ავტორიზებული პირისაგან, ამასთან, იგი იღებს რამოდენიმე სპეციფიკურ არხს თანამგზავრიდან, რომელთა ნახვა შესაძლებელია მხოლოდ დამატებითი საფასურის გადახდის საფუძველზე,  სპეციალური კოდის გამოყენებით.

კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.      კომისიის მიერ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების სახელზე გაგზავნილი წერილი (14.03.2011 N04/481-11);

2.      კომისიის 14.03.2011 N04/481-11  წერილის შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიერ ჩაბარების ქვითარი (N598) მიღებული შპს „საქართველოს ფოსტიდან“;

3.      კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 05 დეკემბრის №49 შემოწმების აქტი, რომელიც შედგენილია ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;

4.      სასტუმრო ,,თბილისი მერიოტის“ ტექნიკური დირექტორის გოჩა თეთრუაშვილის (2011 წლის 05 დეკემბრის N49 შემოწმების აქტზე ხელმომწერი პირი) პირადობის მოწმობის ასლი;

5.      შპს ,,სუპერ ტვ“-ის 2011 წლის 20 დეკემბრის N6/5478-11 წერილი;

6.      კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 13 დეკემბრის №10/1319-11 სამსახურებრივი ბარათი;

7.      კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 15 დეკემბრის №10/1347-11 სამსახურებრივი ბარათი;

8.      შპს ,,სუპერ ტვ”-ის  აბონენტთან - სასტუმრო ,,თბილისი მერიოტთან“ ჩატარებული შემოწმების  ჩანაწერი CD-ზე;

9.      შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ასლები;

10.  კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 20 დეკემბრის N10/1367-11 სამსახურებრივი ბარათი;

11.  შპს ,,სუპერ ტვ“-სა და სასტუმრო ,,თბილისი მერიოტს“ შორის 2011 წლის 01 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება;

12.  კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემები;

13.  2011 წლის 21 დეკემბრის კომისიის სხდომაზე მოწმე გოჩა თეთრუაშვილის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება;

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.  შპს ,,სუპერ ტვ“ არის ავტორიზებული პირი, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს  2011 წლის 31 იანვარს, ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებაზე და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით;

2. 2011 წლის 05 დეკემბერს, 18:39 საათზე, შპს ,,სუპერ ტვ“-ის აბონენტთან სასტუმრო ,,თბილისი მერიოტთან“ მისამართზე: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N13,  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილის მიერ, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლის  მ. აროშიძის  მონაწილეობით, განხორციელდა შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №49.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ: კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ. რატიშვილი, ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი მ. აროშიძე, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმეები გოჩა თეთრუაშვილი (პ/ნ 01013006317) და ხვიჩა ჯანანაშვილი (პ/ნ01003004844);

3. 2011 წლის 05 დეკემბრის N49 შემოწმების აქტის შესაბამისად, ირკვევა, რომ შპს „სუპერ ტვ“ თავისი საკაბელო ქსელით, რეტრანსლირების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების გარეშე ახორციელებდა შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: ,,Aztv”, “7Pro”, “ALjazzera”, “ZDF,” “tve”, “CCTV-4”, “ORT”,“TRT-TURK”,“Osn-premiere”, “Osn-Comedy”, ”Inter+”, “Entertainment”, “MGM”, ”TV-5monde”, “Osn-sport-2”,“Osn-sport-3”, “HTВ+Теннис”,”VIVA”,“mcmTop”, “National Geographic”, “Eurosport”, “Eurosport 2”;

4.  შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიერ 2011 წლის 14 დეკემბერს კომისიაში წარმოდგენილი იქნა რეტრანსლირების უფლების მიმნიჭებელი ხელშეკრულებები, იმ სამაუწყებლო არხებზე (,,Inter+” და ,,TV-5 monde”) , რომლებიც დაფიქსირებულ იქნა 2011 წლის 5 დეკემბრის N49 შემოწმების აქტში. აღნიშნული ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ არხებზე შპს ,,სუპერ ტვ“-ის ტრანზიტის განხორციელების უფლება მოპოვებული ჰქონდა 2011 წლის პირველ ივნისს - ,,Inter+”-ის შემთხვევაში და 2011 წლის 1 აპრილს - ,,TV-5 monde”-ს შემთხვევაში, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულებები მას უნდა წარმოედგინა მანამ, სანამ აღნიშნულ არხებს თავის ქსელში ჩართავდა, ვინაიდან კომისიამ 2011 წლის 14 მარტს წერილობით (N04/481-11) მიმართა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსთხოვა სატრანზიტო მომსახურების პაკეტში არსებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალი და აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები (აღნიშნული წერილი ჩაბარდა შპს ,,სუპერ ტვ“-ს 2011 წლის 16 მარტს, რასაც ადასტურებს შპს „საქართველოს ფოსტიდან“ მიღებული საფოსტო ქვითარი N598); ამავე წერილით, კომისიამ განუმარტა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, რომ მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაცია კომისიაში უნდა წარმოედგინათ მათ მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელი იყო კომისიაში წარმოდგენილიყო აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილი (Permission Letter) რომელშიც აღნიშნული იქნებოდა:

ა) ნებართვა ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ;

5.   შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2011 წლის 05 დეკემბრის  №49 შემოწმების აქტით, აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (CD);

6.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 12 მაისის №22 შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;

7.  შპს  ,,სუპერ ტვ”-ს კომისიის 2011 წლის 15 ივლისის N360/18  გადაწყვეტილებით დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე  -  ჯარიმა 8,295.94  (რვა ათას ორას ოთხმოცდათხუთმეტი მთელი ოთხმოცდათოთხმეტი მეასედი) ლარის ოდენობით.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

2.  „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

3.  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

4.  „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;

6.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;  

7.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;

8.  „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის  ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ  არანაკლებ 9000 და არა უმეტეს 90000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: ,,Aztv”, “7Pro”, “ALjazzera”, “ZDF,” “tve”, “CCTV-4”, “ORT”,“TRT-TURK”,“Osn-premiere”, “Osn-Comedy”, “Entertainment”, “MGM”,  “Osn-sport-2”,“Osn-sport-3”, “HTВ+Теннис”,”VIVA”,“mcmTop”, “National Geographic”, “Eurosport”, “Eurosport 2”, შესაბამისი ხელშეკრულებების  გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს „სუპერ ტვ”-ს მიერ დაირღვა  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი. გარდა ამისა სამაუწყებლო არხებზე: ,,TV5 monde” და ,,INTER+” რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის, კომისიის მიერ მოთხოვნილ ვადაში წარმოუდგენლობით, შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიერ დამატებით დარღვეული იქნა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქათველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი;

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 20 დეკემბრის N10/1367-11 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს ,,სუპერ ტვ“-ის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტი შეადგენს 43,031.96 ლარს; შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,სუპერ ტვ“-ს, ჯარიმის სახით, უნდა დაეკისროს 43,031.96 (ორმოცდასამიათას ოცდათერთმეტი მთელი ოთხმოცდათექვსმეტი მეასედი) ლარი. კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „სუპერ ტვ”-ს ამავდროულად უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: ,,Aztv”, “7Pro”, “ALjazzera”, “ZDF,” “tve”, “CCTV-4”, “ORT”,“TRT-TURK”,“Osn-premiere”, “Osn-Comedy”, “Entertainment”, “MGM”,  “Osn-sport-2”,“Osn-sport-3”, “HTВ+Теннис”,”VIVA”,“mcmTop”, “National Geographic”, “Eurosport”, “Eurosport 2”, არამართლზომიერი გადაცემა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ლ” ქვეპუნქტის, მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის „ბ” ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და „ბ” ქვეპუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   შპს ,,სუპერ ტვ”-ს დაეკისროს ჯარიმა 43,031.96 (ორმოცდასამიათას ოცდათერთმეტი მთელი ოთხმოცდათექვსმეტი მეასედი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და „ბ” ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

2.   უზრუნველყოს შპს ,,სუპერ ტვ”-მ  წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-   ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

-   ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

-    სახაზინო კოდი -  300773251

3.         უზრუნველყოს შპს ,,სუპერ ტვ“-მ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა,  გადახდიდან 3 (სამი)  სამუშაო დღის ვადაში;

4.         შპს ,,სუპერ ტვ“-მ უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: ,,Aztv”, “7Pro”, “ALjazzera”, “ZDF,” “tve”, “CCTV-4”, “ORT”,“TRT-TURK”,“Osn-premiere”, “Osn-Comedy”, “Entertainment”, “MGM”, “Osn-sport-2”,“Osn-sport-3”, “HTВ+Теннис”,”VIVA”, “mcmTop”, “National Geographic”, “Eurosport”, “Eurosport 2”, არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

5.         დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს  ,,სუპერ ტვ”-სათვის  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

6.         გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.         გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,სუპერ ტვ”-სათვის  ჩაბარების დღიდან;

8.         კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

9.         კონტროლი არნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);

10.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

    კომისიის წევრი                                                                                                     ს. ბრიტანჩუკი

    კომისიის წევრი                                                                                                    კ. კვიტაიშვილი

    კომისიის წევრი                                                                                                    . სიხარულიძე

    კომისიის წევრი                                                                                                    . მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები