შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 10, 2011
მიღების თარიღი თებერვალი 25, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს,რომ შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/47-11, 27.01.11, და 7/57-11, 03.02.11), საქართველოს ტერიტორიაზე წყლის მრიცხველებიდან ტელემეტრული ინფორმაციის მიღების მიზნით, 868მჰც სიხშირულ დიაპაზონში სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ CEPT-ის (კავშირგაბმულობის და ფოსტის სფეროში ევროპის კონფერენცია) რეკომენდაციით (ERC/REC 70-03. Annex 1) განსაზღვრული სიხშირის ზოლის (868.000მჰც ÷ 868.600მჰც) ფარგლებში (დიაპაზონი g1), შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის” შერჩეულ იქნა სიხშირე 868,3მჰც ± 0.3მჰც (ზოლის სიგანით 0.6მჰც), გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 25 მვტ. აღნიშნული სიხშირის გამოყენებაზე თანხმობა შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” კომისიას აცნობა წერილით №875/09,11.02.11 (რეგისტრირებული №7/68-11,14.02.11).
კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირე 868,3მჰც ± 0.3მჰც (ზოლის სიგანით 0.6მჰც) შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული წყლის მრიცხველებიდან ტელემეტრული ინფორმაციის მიღების მიზნით და ამავე დროს არ უდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 - ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციოქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” სიხშირე 868,3მჰც ± 0.3მჰც (ზოლის სიგანით 0.6მჰც), გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 25 მილივატისა, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული წყლის მრიცხველებიდან ტელემეტრული ინფორმაციის მიღებისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაავტორიზებულ საქმიანობისთვის, ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ №6) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
