წვდომის მენიუ

შპს „იგრიკას“ კერძო მაუწყებლობის №B112 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 9 სექტემბრის №461/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 812 / 2

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2012

მიღების თარიღი დეკემბერი 23, 2011

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით მიმართა შპს „იგრიკამ“ (№7/405-11, 21.09.2011), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B112 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს „იგრიკა“  ითხოვს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა კერძო მაუწყებლობის №B112 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 9 სექტემბრის №461/1 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „იგრიკა“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B112 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა საკაბელო ქსელის  გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე;

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38–ე მუხლის მე–5 პუნქტის  თანახმად, ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა და მოდიფიცირება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,  ლიცენზირებასთან  და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ, იხელმძღვანელა რა, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე–8 პუნქტით, რომლის თანახმადაც “თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს” დაადგინა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38–ე მუხლის შესაბამისი  ნორმა ძალაშია  2004 წლის 23 დეკემბრიდან, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე  მუხლით დადგენილი ნორმა, მიღებულია  უფრო გვიან, ვიდრე ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმა.  ამავე დროს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, კომისია ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონით დადგენილი წესით, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში; შესაბამისად, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 11 ნოემბრის №619/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „იგრიკას“ კერძო მაუწყებლობის №B112 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 9 სექტემბრის №461/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით; საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2011 წლის 12 დეკემბერს 16.00 საათზე.

საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა კომისიის 2011 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე. ადმინისტრაციული წარმოებისა და ზეპირი მოსმენის დროს არ გამოვლენილა შპს „იგრიკას“ კერძო მაუწყებლობის №B112 ლიცენზიის  მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განხორციელდეს შპს „იგრიკას“ კერძო მაუწყებლობის №B112 ლიცენზიის  მოდიფიცირება და შპს „იგრიკას“ კერძო მაუწყებლობის №B112 ლიცენზიის  ტექნიკურ პარამეტრებად განისაზღვროს ტელე მაუწყებლობა საკაბელო ქსელითა და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 63-ე და 115-ე მუხლების, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „იგრიკას“ კერძო მაუწყებლობის №B112 ლიცენზია, შევიდეს ცვლილებები კომისიის 2011 წლის 9 სექტემბრის №461/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:

გ.ა) ტელემაუწყებლობა საკაბელო ქსელის გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე;

გ.ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.“

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „იგრიკასთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „იგრიკასთვის“ (ნ. ჯავახიძე);

ბ) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ.ლორთქიფანიძე);

დ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ, №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები